საქმე # 170100123007555137
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№424აპ-25 ქ. თბილისი
პ. ბ., 424აპ-25 8 აგვისტო, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. პ–ს, – დაბადებულს ......, – ბრალად დაედო: ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2023 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. თ–ში, ....ის ქუჩის №...-ში მდებარე, რ. ე–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის .......ის რეგიონული სამმართველოს –თანამშრომლის – ი. ლ–ის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ ჭრის გამო შენიშვნის მიცემით გაბრაზებულმა ბ. პ–მა, შურისძიების მოტივით, დანის წელისა და ბარძაყის არეში დარტყმებით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სხეულის დაზიანება მიაყენა ი. ლ–ეს, რითაც ხელყო მისი ჯანმრთელობა.
2. ბ. პ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბ. პ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისათვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. პ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2023 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ის ქუჩის №...-ში მდებარე, რ. ე–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ...... რეგიონული სამმართველოს –თანამშრომლის – ი. ლ–ის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ ჭრის გამო შენიშვნის მიცემით გაბრაზებულმა ბ. პ–მა, შურისძიების მოტივით, დანის წელისა და ბარძაყის არეში დარტყმების გზით, სხეულის დაზიანება მიაყენა ი. ლ–ეს.
5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ბ. პ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ბ. პ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისათვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – 2 წლით; ბეგლად პირველი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილით შეფარდებული ძირითადი სასჯელისაგან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ბ. პ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ ი. ლ–ის ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულთან კონფლიქტი განაპირობა მისმა – როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის – შენიშვმამ, შეეწყვიტა ხე-ტყის უკანონო ჭრა, რაზეც ბ. პ–ის პასუხი, სხვა გარემოებებთან ერთობლივად, ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული განაწყენდა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელზე, რომელმაც თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, იმოქმედა. ამდენად, ბ. პ–მა ი. ლ–ეს დაზიანებები მიაყენა, როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს და არა როგორც – რიგით მოქალაქეს. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ არაერთხელაა მხილებული ხე-ტყის უკანონო ჭრაში, რის გამოც, შესაბამისი სახდელებიც აქვს დაკისრებული. ამდენად, მსჯავრდებული უარყოფითადაა განწყობილი გარემოს დამცველთა მიმართ, რომელთა სამსახურებრივ საქმიანობასაც მოჰყვა წარსულში მისთვის არაერთი სახდელის დაკისრება.
8. მსჯავრდებულ ბ. პ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. გ–ი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ბ. პ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული.
12. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა, რომ ბ. პ–მა შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე, ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ი. ლ–ეს. განსჯის საგანი იყო: წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდებოდა თუ არა მსჯავრდებულის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებდა.
13. საყურადღებოა, რომ მსჯავრდებული ბ. პ–ი იმთავითვე არ უარყოფდა, რომ ი. ლ–ეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რადგან დაზარალებული იყო ალკოჰოლით მთვრალი, ბევრს ლაპარაკობდა და გაანაწყენა იგი, რის გამოც, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქუჩაში ნაპოვნი საგნით მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს; თავად დაზარალებულ ი. ლ–ის მოსაზრებით, მსჯავრდებულის ამგვარი ქცევა განაპირობა დაზარალებულის მიერ მისთვის „ჭკუის დარიგებამ“; მოწმე რ. ე–ის მონათხრობით, რომლის ოჯახშსაც სტუმრობდნენ ი. ლ–ე და ბ. პ–ი, დაზარალებული სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ბევრს ლაპარაკობდა, რაც იყო აუტანელი; თავად დაზარალებულის თანამშრომლების განმარტებებით კი, რომლებიც შემთხვევის დღეს ასევე იმყოფებოდნენ რ. ე–ის ოჯახში გაშლილ სუფრაზე, ბ. პ–ი, წარსულში რამდენჯერმე ჰყავდათ სამსახურებრივად გადამოწმებული, თუმცა მას ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდა დოკუმენტაცია. ამავდროულად, დაადასტურეს, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულს სუფრაზე უთხრა, რომ კარგად იცოდა, მის მიერ ხე-ტყვის უკანონოდ მოპოვების შესახებ და ურჩია ამ საქმისგან თავი შორს დაეჭირა, რამაც ბ. პ–ი გაანაწყენა; მოწმე დ. ჯ–ს განმარტებით, ეზოში დაინახა, როგორ ეუბნებოდა დაზარალებული ი. ლ–ე მასპინძელს, რომ ბოდიშს იხდიდა, თუ ვინმეს რამე აწყენინა, რა დროსაც ჩაიმუხლა, ხოლო რ. ე–ემ მოუწოდა, ფეხზე წამომდგარიყო. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ ბ. პ–ის ქმედებაში, სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ი. ლ–ის ჯანმრთელობის ხელყოფა, არ იკვეთება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც მისი მსჯავრდება – კანონიერი და დასაბუთებულია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი