Facebook Twitter

საქმე N 330802225011700076

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№99I-25 1 აგვისტო, 2025 წელი

ჩ–ი რ., №99I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ჩ–ის (R. C.) ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ჩ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1.1 სტამბოლის პროკურატურის 2024 წლის 11 ოქტომბრის შუამდგომლობით ექსტრადიციის თაობაზე, რ. ჩ–ის ექსტრადიცია მოითხოვება, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები შემდეგი დანაშაულებისთვის:

A. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 314/2 მუხლით (შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება);

B. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით (ძარცვა სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით);

C. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 309/1 მუხლით (კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა).

2024 წლის 22 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მე-2 სისხლის სამართლის მშვიდობის სასამართლოს გაცემული აქვს რ. ჩ–ის დაკავების ორდერები ზემოაღნიშნული დანაშაულების გამო და გამოცხადებულია ძებნა.

1.1.2 სტამბოლის პროკურატურის 2025 წლის 18 აპრილის შუამდგომლობით ექსტრადიციის თაობაზე, რ. ჩ–ის ექსტრადიცია მოითხოვება, რათა მის მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცედურები შემდეგი დანაშაულებისთვის:

D. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა);

E. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35,81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა);

F. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით (ძარცვა სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით) და ამავე კოდექსის 265/1-3-4 მუხლით (საჯარო მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა);

G. ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ 6415 კანონის 4/1-2 მუხლით (ტერორიზმის დაფინანსება) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1-c-f-g და 149/1 მუხლებით (ძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში);

H. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82/1.a.g. მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

2025 წლის 16 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მე-6 სისხლის სამართლის მშვიდობის სასამართლოს გაცემული აქვს რ. ჩ–ის დაკავების ორდერები ზემოაღნიშნული დანაშაულების გამო და გამოცხადებულია ძებნა.

1.2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2016 წლის 1 მაისიდან რ. ჩ–ი იყო თ–ში, ქალაქ ს–ში მოქმედი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია „D....“-ის წევრი. მოწმეების ჩვენებების საფუძველზე დგინდება მისი მჭიდრო კავშირი ორგანიზაციასთან. რ.ჩ. ამ პერიოდში ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში. რ.ჩ. ასრულებდა ორგანიზაციის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებებს და მონაწილეობდა მისი მიზნების განხორციელებაში. რამდენიმე მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ რ.ჩ. იყო „....“-ის წევრი და აღწერეს მისი როლი ორგანიზაციის სტრუქტურაში.

2016 წლის 8 მარტს, 13:00 საათზე, ს–ს ს–ს რაიონში, ი–ს ქუჩაზე, ჰ. ბ–ი ვ. ჯ–ის მახლობლად, რ. ჩ–ი მონაწილეობდა ჯგუფურ თავდასხმაში. დაახლოებით 50–60-კაციანმა ჯგუფმა გზაზე გააჩერა ......... სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდნენ მ. შ–ი და კიდევ ერთი პირი. რ. ჩ–ი იყო ერთ- ერთი თავდამსხმელი. მან პირველმა გააჩერა მანქანა, დაიყვირა – „ჩამოდით, ჩამოდით, „....“-ის წევრები ვართ!“, რ.ჩ და სხვა პირები არ აძლევდნენ დაზარალებულებს იქაურობის დატოვების საშუალებას, ძალით გადმოიყვანეს ისინი მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. რ.ჩ–მა წიხლი ჩაარტყა დაზარალებულ მ. შ–ს და ავტომანქანაც დაუზიანა. ეს ქმედება ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით და სატრანსპორტო საშუალების გზაზე შეჩერებით განხორციელდა. მისი ხასიათიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი კვალიფიცირდება როგორც ძარცვა, რომელიც ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით.

2016 წლის 1 მაისიდან რ. ჩ–ი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „....“-ის წევრი, მოქმედებდა ამ ორგანიზაციის სახელით და მისი მიზნების შესაბამისად. მისი საქმიანობა მიმართული იყო თ–ს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლისკენ. 2016 წლის 8 მარტს, ს–ს ს–ს რაიონში ჩს მონაწილეობით განხორციელებული თავდასხმა იყო ერთ-ერთი ძალადობრივი, ორგანიზებული, ჯგუფური და იდეოლოგიური დაპირისპირებით მოტივირებული ქმედება.

2008 წლის 11 ივნისს, ქ. შ–ს მ.. შ.. ..ს რაიონში, მ.ს ქუჩაზე, ღამის საათებში (დაახლოებით 01:00-ზე), რ. ჩ–მა და სხვა პირებმა ჯგუფურად მჯიაყენეს დაზიანებები ს. ჯ–ს, რომელიც ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2016 წლის 31 იანვარს, ბ. ქ–ისა და ე. ქ–ის წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებაში. მოწმე ო. ჩ–მა რ. ჩ–ი ამხილა, რომ სწორედ მან ესროლა მუხლში ბ. ქ–ს.

2016 წლის 4 იანვარს, ს–ს გ–ს რაიონში, ჩ მონაწილეობდა ორგანიზებულ ჯგუფში - „..........ს წინააღმდეგობის მოძრაობა“, რა დროსაც დაჯგუფებამ ქუჩა გადაკეტა და იარაღის მუქარით ხელში ჩაიგდო 2–3 სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო სამშენებლო მასალით. პოლიციის ჩარევისას დაჯგუფების წევრებმა სამართალდამცავების წინააღმდეგ გამოიყენეს გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები და საფანტის თოფები. დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი.

2017 წლის განმავლობაში და მანამდეც, ო–ს რაიონში, რ.ჩ. აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაცია ....-ის დაფინანსების მიზნით ფულადი სახსრების გამოძალვაში. რ.ჩ მოქმედებდა ...- ის სახელით და მისი სტრუქტურული ერთეულის – .-ის – ფარგლებში და აგროვებდა თანხებს ადგილობრივი მაღაზიების, კაფეების, სამშენებლო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელებისგან. ამ ფორმით მან სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს გამოსძალა სხვადასხვა თანხა, მათ შორის, 500 000 თურქული ლირა და 50 000 თურქული ლირა. რ.ჩ. მონაწილეობდა უკანონო ფინანსური საქმიანობის კოორდინაციაში – მათ შორის უკანონო აზარტული თამაშების ორგანიზატორების დაჯარიმებით და ფულის ამოღებით. იგი იღებდა ქრთამებს მშენებელი კომპანიებისგან, უძღვებოდა ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს და თანხების შეგროვების პროცესს. შეგროვებული თანხით კი ფინანსდებოდა ორგანიზაციის იარაღი, საბრძოლო მასალა და ე.წ. კონსპირაციული ბინები შეიარაღებული დაჯგუფების წევრების დასამალად.

2015 წლის 31 მარტს, რ.ჩ. მონაწილეობდა ო–ში განხორციელებულ ტერორისტულ ოპერაციაში. იგი იყო შეიარაღებული და ხელმძღვანელობდა ...-ის შეიარაღებულ დაჯგუფებას. ტერორისტული თავდასხმისას დაჯგუფების წევრებმა ხელში ჩაიგდეს პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი, რომელიც აწამეს და მოკლეს. რ.ჩ თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა პოლიციის მიმართულებით.

2. რ. ჩ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 14 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა რ. ჩ–ის ექსტრადიციის მიზნით დაკავების თაობაზე.

2.2. 2025 წლის 20 იანვარს რ. ჩ–ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2.3. 2025 წლის 22 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით რ. ჩ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. 2025 წლის 4 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა რ. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე და დანართი მასალა.

2.5. 2025 წლის 24 მარტს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს დამატებითი საექსტრადიციო მასალა.

2.6. 2025 წლის 2 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა დამატებითი ინფორმაცია რ. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე.

2.7. 2025 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით რ. ჩ–ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე, 2025 წლის 20 ივლისამდე.

2.8. 2025 წლის 1 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების დამატებითი შუამდგომლობა რ. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე და დანართი მასალა.

2.9. 2025 წლის 10 ივლისს რ. ჩ–ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ 9 თვემდე 2025 წლის 20 ოქტომბრამდე.

2.10. ამჟამად რ. ჩ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცედურების წარმართვის მიზნით იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მითითებულია სტამბოლის პროკურატურის 2024 წლის 11 ოქტომბრის შუამდგომლობაში რ. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე: 1. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 314/2 მუხლით (შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება); 2. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით (ძარცვა სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით); 3. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 309/1 მუხლით (კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა).

დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცედურების წარმართვის მიზნით იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მითითებულია სტამბოლის პროკურატურის 2025 წლის 18 აპრილის შუამდგომლობაში რ. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე: 4. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა); 5. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35,81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა); 6. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით (ძარცვა სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით) და ამავე კოდექსის 265/1-3-4 მუხლით (საჯარო მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა); 7. ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ 6415 კანონის 4/1-2 მუხლით (ტერორიზმის დაფინანსება) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1-c-f-g და 149/1 მუხლებით (ძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში); 8. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82/1.a.g. მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

2.12. 2025 წლის 23 ივლისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის რ. ჩ–ის (R. C.) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. კ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ რ. ჩ–ი თ–ს რესპუბლიკიდან იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო და იძებნება იმ დანაშაულებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. სამწუხაროდ, მას უარი ეთქვა ს–ში თავშესაფრის მიცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია. დაცვის მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, ის ფაქტი, რომ რ. ჩ–ი ათი წელია ცხოვრობს და მუშაობს ს–ში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ჩ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი რ. ჩ–ი 2025 წლის 20 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რ. ჩ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

8. თურქეთის რესპუბლიკაში აღნიშნული ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 314/2 მუხლით (შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით (ძარცვა სატრანსპორტო საშუალების გატაცების გზით) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 309/1 მუხლით (კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35,81/1 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1.d.1 მუხლით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 265/1-3-4 მუხლით (საჯარო მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ 6415 კანონის 4/1-2 მუხლით (ტერორიზმის დაფინანსება) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149/1-c-f-g და 149/1 მუხლებით (ძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82/1.a.g. მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

9. ამდენად, მოცემულ საქმეში რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

11. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 10 წელში მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 30 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

13. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება რ. ჩ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და დაიწყო 2016 წლის 1 მაისს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ქმედება ჩადენილია 2016 წლის 8 მარტს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) გათვალისწინებული დანაშაული, რაცი მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ქმედება დაიწყო 2016 წლის 1 მაისს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშული, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ქმედება ჩადენილია 2008 წლის 11 ივნისს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშული, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ქმედება სავარაუდოდ ჩადენილია 2016 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 3531 მუხლის 1-ელი ნაწილით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. ქმედებები ჩადენილია 2016 წლის 4 იანვარს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულებისათვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3311 მუხლის 1-ელი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. ქმედებები ჩადენილია 2017 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულებისთვის გასული არ არის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ქმედება ჩადენილია 2015 წლის 31 მარტს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულისთვის გასული არ არის.

14. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თ–ს რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ რ. ჩ–ის მიმართ პოლიტიკური დევნის თაობაზე, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ.

17. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი რ. ჩ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება რ. ჩ–ის უფლებები.

18. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ რ. ჩ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თურქეთის მხარის მიერ არასაკმარისი საპროცესო დოკუმენტების გადმოგზავნის თაობაზე და მიუთითებს, რომ საექსტრადაციო მასალებში წარმოდგენილია ყველა ის საპროცესო დოკუმენტი, რაც საკმარისია ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხის გადასაწყვეტად.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

21. რ. ჩ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

22. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში რ. ჩ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

24. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ რ. ჩ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, რ. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ჩ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ჩ–ის (R. C.) ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე