Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №287აპ-25 6 აგვისტო, 2025 წელი

ს-ი ს., №287აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ანჟელა გეთიას, მსჯავრდებულ ს. ი-ის ადვოკატის – თ. დ-ის და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატის – ნ. თ-ას – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ს-ს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

1.2. ს. ს-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით ს. ს-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით. 2023 წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, ფ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „ნ-ს“ მიმდებარედ, ს. ი-ი, ე. ა-ი და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ს-ი, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაესხნენ თავს თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს – ს. ა-ის, თავში მძიმე საგნის ჩატყმით წააქციეს და სახისა და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები; მოსთხოვეს, რომ გადაეცა ფული და ძვირფასეულობა და დაემუქრნენ მოკვლით, რის შემდგომ გასტაცეს ქურთუკი, რომლის ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა 5950 აშშ დოლარი და 115 ლარი, 600 ლარად ღირებული „აიფონ 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული თ-ის რესპუბლიკის პასპორტი, ხოლო შარვლის ჯიბიდან გასტაცეს 1500 თურქული ლირა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ს. ა-ის მიადგა საერთო ჯამში – 15 762 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ასევე – მორალური ზიანი.

1.3. ს. ი-ს - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

1.4. ს. ი-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, ფ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „ნ-ს“ მიმდებარედ, ს. ი-ი, ე. ა-ი და ს. ს-ი, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაესხნენ თავს თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს – ს. ა-ის, თავში მძიმე საგნის ჩატყმით წააქციეს და სახისა და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები; მოსთხოვეს, რომ გადაეცა ფული და ძვირფასეულობა და დაემუქრნენ მოკვლით, რის შემდგომ გასტაცეს ქურთუკი, რომლის ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა 5950 აშშ დოლარი და 115 ლარი, 600 ლარად ღირებული „აიფონ 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული თ-ის რესპუბლიკის პასპორტი, ხოლო შარვლის ჯიბიდან გასტაცეს 1500 თურქული ლირა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ს. ა-ის მიადგა საერთო ჯამში – 15 762 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ასევე – მორალური ზიანი.

1.5. ე. ა-ს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

1.6. ე. ა-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, ფ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „ნ-ს“ მიმდებარედ, ს. ი-ი, ე. ა-ი და ს. ს-ი, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაესხნენ თავს თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს – ს. ა-ის, თავში მძიმე საგნის ჩატყმით წააქციეს და სახისა და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები; მოსთხოვეს, რომ გადაეცა ფული და ძვირფასეულობა და დაემუქრნენ მოკვლით, რის შემდგომ გასტაცეს ქურთუკი, რომლის ჯიბეში მოთავსებული ჰქონდა 5950 აშშ დოლარი და 115 ლარი, 600 ლარად ღირებული „აიფონ 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული თ-ის რესპუბლიკის პასპორტი, ხოლო შარვლის ჯიბიდან გასტაცეს 1500 თურქული ლირა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ს. ა-ის მიადგა საერთო ჯამში – 15 762 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ასევე – მორალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით:

· ს. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

· ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან;

· ს. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

· ს. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან;

· ე. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

· ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით დადგინდა, რომ ს. ს-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის. ს. ი-მა და ე. ა-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

· თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანჟელა გეთიამ – მოითხოვა სამივე მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლებით;

· ს. ი-ის ადვოკატმა – თ. დ-მა – მოითხოვა ს. ი-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის შემსუბუქება. მანვე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დამატებით წარადგინა შესაგებელიც;

· ს. ს-ის ადვოკატმა – მ. ჯ-ემ – მოითხოვა მსჯავრდებულ ს. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება;

· ე. ა-ის ადვოკატმა – ნ. თ-ამ – მოითხოვა მსჯავრდებულ ე. ა-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირება და, კანონის შესაბამისად, მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენი შეიცვალა ს. ს-ის მიმართ სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

· ს. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

· ს. ს-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

· საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ს. ს-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა მის მიმართ აღნიშნული განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 11 თვის და 27 დღის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვით და 27 დღით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვით და 27 დღით – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან;

· ს. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

· ს. ი-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან;

· ე. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

· ე. ა-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც აეთვალა 2023 წლის 1 მაისიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

· თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ანჟელა გეთია – საკასაციო საჩივრით ითხოვს სამივე მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი მუხლებით და მათთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას;

· მსჯავრდებულების – ს. ი-ის და ე. ა-ის – ადვოკატები – თ. დ-ი და ნ. თ-ა – საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მათი დასაცავი პირების ქმედების საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულებს დაზარალებულზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშად არ უძალადიათ და არც ამგვარი ძალადობით დამუქრებიან; დაზარალებულისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ადასტურებს, რომ მსჯავრდებულებს არ ჰქონიათ დაზარალებულის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის განზრახვა; დანაშაულის საგანზე – ლითონის ნაჭერზე – მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა, ადასტურებს, რომ მსჯავრდებულებს აღნიშნული ნივთი დაზარალებულის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2023 წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, თ-ში, ფ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „ნ-ს“ მიმდებარედ, ს. ი-ი, ე. ა-ი და ს. ს-ი, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად დაესხნენ თავს თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს – ს. ა-ის, რომელსაც წაართვეს ქურთუკი და ფულადი თანხა. ამასთან, სადავო არ არის დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4.3. განსახილველ შემთხვევაში მხარეები დავობენ ს. ი-ის, ე. ა-ისა და ს. ს-ის მსჯავრის სისწორეზე – ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებმა ყაჩაღობა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ჩაიდინეს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულთა ქმედებაში იკვეთება არა ყაჩაღობის, არამედ – ძარცვის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები.

4.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ს. ს-ის, ს. ი-ის და ე. ა-ის ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.5. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა – ს. ა-იმ – თანმიმდევრულად და სარწმუნოდ აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული თავდასხმის დეტალები, რასაც განამტკიცებს სხვა სარწმუნო მტკიცებულებებთან შესაბამისობაც. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენება, მათ შორის, თანხვდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, თ-ში, ფ-ის ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიიდან (შემთხვევის ადგილიდან) საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს ლითონის საგანი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელებმა გამოიყენეს მასზე თავდასხმისას. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ს. ა-ს თხემის მიდამოში – მარცხნივ და მარცხენა წარბის შიგნითა მესამედიდან გარდამავალი ცხვირის ზურგზე აღენიშნებოდა ჭრილობები, მარჯვენა თვალის კონიუნქტივაზე – სისხლჩაქცევა, მარჯვნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში გარდამავალი მარჯვენა ლოყის მიდამოზე, ცხვრის და მარჯვენა ბეჭის მიდამოში – სისხლნაჟღენთები, ცხვირის მარცხენა ფრთაზე – ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. თხემის მიდამოში – მარცხნივ არსებული ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დანარჩენი დაზიანებანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთიანობაში, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სასამართლოს შეფასებით, ს. ა-ის ჩვენების სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობის გათვალისწინებით, დაზარალებულის მიკერძოების ან მსჯავრდებულთა საწინააღმდეგოდ პირადი დაინტერესების მოტივი არ იკვეთება.

4.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის მაკვალიფიცირებელი გარემოება – ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის – მოიაზრებს, ისეთ ძალადობას, რომელიც არ ქმნის, მათ შორის, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანების დანაშაულის შემადგენლობას. განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურებულია, რომ დაზარალებულისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რის გამოც, დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობა ჯანმრთელობისთვის საშიშ ძალადობას წარმოადგენს. იმავდროულად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თავდასხმისას მსჯავრდებულები დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. შესაბამისად, მსჯავრდებულთა კვალიფიკაციის შეცვლის (ძარცვად დაკვალიფიცირების) მოთხოვნა უსაფუძვლოა.

4.7. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დანაშაულის საგანზე მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის არარსებობა, მათ მიერ დანაშაულში მონაწილეობას უპირობოდ არ გამორიცხავს, რადგან საგანზე გენეტიკური პროფილის დატოვება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე (მაგ., კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.). შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია ობიექტზე არ აღმოჩნდეს ბიოლოგიური მასალა, მიუხედავად მასზე ხელით შეხებისა.

4.8. სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ს. ი-მა, ე. ა-მა და ს. ს-მა ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა. რაც შეეხება ბრალადშერაცხილ მაკვალიფიცირებელ გარემოებას – ყაჩაღობას დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით – საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, დაზარალებულის და მეორე მხრივ, მსჯავრდებულთა და მისი ოჯახის წევრთა ჩვენებები. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებმა გასტაცეს 5950 აშშ დოლარი, 115 ლარი, 600 ლარად ღირებული „აიფონ 6S“ ფირმის მობილური ტელეფონი და 1500 თურქული ლირა (საერთო ჯამში – 15 762 ლარი). მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები კი აცხადებდნენ, რომ თავდასხმის შედეგად, დაზარალებულს წაართვეს 3375 დოლარი, 135 ლარი და 1500 თურქული ლირა. ამგვარ მოცემულობაში, უტყუარად არ დგინდება დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება თუ არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დიდი ოდენობისთვის დაწესებულ მინიმალურ ნიშნულს – 10 000 ლარს, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება, რომ დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულებს გააჩნდათ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზანი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოების მსჯავრდაშერაცხვასთან დაკავშირებით.

4.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა ს. ი-ის, ე. ა-ისა და ს. ს-ის ქმედებები და მხარეთა ძირითადი არგუმენტები დასაბუთებულად უარყო. იმავდროულად, სამივე მსჯავრდებულს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესაბამისი სასჯელი.

4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განაჩენი ს. ი-ის, ე. ა-ისა და ს. ს-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ანჟელა გეთიას, მსჯავრდებულ ს. ი-ის ადვოკატის – თ. დ-ის და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატის – ნ. თ-ას – საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე