Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/710 26 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ხონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე იყო ქ. კ-შვილი. 1994 წლის 15 მარტს ქ.კ-შვილსა და მ. ჯ-იანის შორის აღნიშნულ სახლზე დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

1996 წლის სექტემბერში მ. ჯ-იანმა აღძრა სარჩელი გ. ჩ-ძის ბინიდან გამოსახლების შესახებ.

შეგებებული სარჩელით გ. ჩ-ძემ მოითხოვა ქ. კ-შვილზე 7082 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, ყიდვა-გაყიდვის ზეპირი გარიგების საფუძველზე ამ უკანასკნელს გადაუხადა 17 ათასი რუსული რუბლი.

ხონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ჯ-იანის სარჩელის განხილვა შეჩერდა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტამდე.

2000 წლის თებერვალში მ. ჯ-იანმა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ხონის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 8 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჯ-იანის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

იმავე სასამართლოს 2000 წლის 2 ივნისის განჩინებით გ. ჩ-ძეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 1 აგვისტოს განჩინებით გააუქმა ხონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2 ივნისის განჩინება და შეწყვიტა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მ. ჯ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

მ. ჯ-იანი კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ ხონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან წარმოიშვა გ. ჩ-ძის ბინიდან გამოსახლების საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ამავე კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.

საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა ქ. კ-შვილზე გ. ჩ-ძის სასარგებლოდ 7082 ლარის დაკისრება.

ქ. კ-შვილი გარდაიცვალა. გ. ჩ-ძეს, როგორც კრედიტორს, არ მოუთხოვია მოვალის მემკვიდრე ზ. კ-შვილზე თანხის იძულებით გადახდევინება. მათ შორის არსებული შეთანხმების მიხედით სადავო სახლი ვალში უნდა დარჩეს გ. ჩ-ძეს, მაშინ როდესაც სახლის მესაკუთრეა მ. ჯ-იანი.

სააპელაციო პალატა ვერ მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ გარემოებათა აცილება, რომლებმაც გამოიწვია საქმის შეჩერება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. ჯ-იანმა განმეორებით აღძრა სარჩელი გ. ჩ-ძის გამოსახლების შესახებ. ფაქტობრივად, 2000 წლის 14 თებერვალს ხონის რაიონული სასამართლოში შეტანილი განცხადებით მ. ჯ-იანმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ გააჩნდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

საქმის წარმოების შეწყვეტით დავა მხარეთა შორის დარჩა გადაუწყვეტილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჯ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.