Facebook Twitter

¹ 3კ/714-01 28 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: თანხების დაკისრების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 16 ივნისს რ. ბ-ძემ გ. მ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მ-ძეს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4899 ლარი.

ამ საქმეზე მისი სარჩელის განხილვა გაჭიანურდა 1 წლის და 2 თვის ვადით. ამ პერიოდში ლარმა განიცადა ინფლაცია, ამიტომ მოითხოვა გადასახდელად დაკისრებული თანხის დოლარში გადაყვანა და დოლარის კურსის შესაბამისი ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დამატებით დაეკისრა 2460 ლარი.

2000 წლის 11 დეკემბერს მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

აპელანტმა მიუთითა, რომ იგი 2000 წლის 27 ნოემბერს გაეცნო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მანამდე კი საშუალება არ ჰქონდა გაცნობოდა ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აპელანტმა მოცემული გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად მიიჩნია და მოითხოვა მისი გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

მოპასუხემ 2000 წლის 25 დეკემბერს კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 2000 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიიჩნია, იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარში არ იყო ჩამოყალიბებული მოთხოვნა, ამასთან იგი უნდა შეტანილიყო განჩინების გამომტან სასამართლოში და შემდგომი განხილვის მიზნით გადმოგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლსო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 200 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი განხილვის მიზნით დაუბრუნდა უმაღლეს სასამართლოს.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, როცა სხდომის ოქმით არ ირკვევა სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაცხადა თუ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნიწილი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქმის ზეპირი განხილვით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ იქნა მიჩნეული დაშვებულად და განუხილველად დარჩა. უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2000 წლის 7 სექტემბერს, ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების დროს საქმის განხილვას ესწრებოდა აპელანტი, სააპელაციო საჩივარი, ნაცვლად კანონით დადგენილ ერთთვიან ვადისა, მან შეიტანა 2000 წლის 11 დეკემბერს.

უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის განჩინება მოპასუხემ 2001 წლის 4 ივნისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას უკანონოდ მიაჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლსო მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის თანხების გადასახდელად დაკისრების შესახებ, მაგრამ აჭარის უმაღლესი სასამართლო მას აბრკოლებს, არ აუქმებს ამ საქმეზე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას და მოწმედ დაკითხა სხდომის მდივანი, რომლის მეშვეობით იქნა ჩადენილი სიყალბე, კერძოდ, სხდომის მდივანმა, 2001 წლის 21 ნოემბრამდე არ გააცნო მას ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხების აფასების შესახებ.

უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 15 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დასაბუთებულად არ იქნა მიჩნეული და საქმესთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქარვთელოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე საქმის ზეპირი განხილვით აჭარის უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 სექტემბრის სხდომას მოპასუხე ესწრებოდა. მოპასუხე ასევე ესწრებოდა ამ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებასაც.

უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესის დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2000 წლის 7 სექტემბერს მოცემულ საქმეზე დასაბუთებულ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე. მოპასუხის მიერ კერძო საჩივარში იმის მითითება, რომ სხდომის მდივანმა ჩაიდინა სიყალბე, არ გააცნო მას გადაწყვეტილება 2001 წლის 21 ნოემბრამდე, არ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ პრეტენზიას, ამიტომ იგი ამ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ 2001 წლის 23 მაისს მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლის შესაბამისად მისი მხარისათვის გაგზავნის დრო.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ესწრებოდა რა ამ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2000 წლის 7 სექტემბრიდან და მხარეს ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2000 წლის 7 ოქტომბრამდე. ვინაიდან მხარემ სააპელაციო საჩივარი შიტანა მხოლოდ 2000 წლის 11 დეკემბერს, ანუ 2 თვის და 4 დღის დაგვიანებით, უმაღლესმა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.