Facebook Twitter

საქმე # 330100115782732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №352აპ-25 ქ. თბილისი

ბ. დ. 352აპ-25 8 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, დ. ბ–ემ, – დაბადებული 19.. …(ძებნილი), – ჩაიდინა:

1.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ანგარებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით;

1.2. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით;

1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 8 წლით და 3 თვით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით – შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით – სრულად დაემატა და დ. ბ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.

2.6. მსჯავრდებულს სასჯელის ვადა უნდა ათვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ. ზ–ემ, დ. ი–მა და რ გ–მა. აპელანტებმა მოითხოვეს დ. ბ–ის გამართლება.

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ გ–მა. კასატორი ითხოვს დ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. საკასაციო სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 546-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან საქართველოს სსსკ-ის 518-ე მუხლში მითითებული პირები. საქართველოს სსსკ-ის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მსჯავრდებულის, დაზარალებულისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული, მსჯავრდებული ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი. საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №1089აპ-24 განჩინება).

7. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ. ბ–ის მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე, იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე – მსჯავრდებულის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს დ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ გ–ის – საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ გ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის №695აპ-24 განჩინება).

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 518-ე, 546-ე და 550-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე