Facebook Twitter

საქმე # 170100124010201035

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №427აპ-25 ქ. თბილისი

ა. ს. 427აპ-25 8 აგვისტო, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ა–ის, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის სექტემბრიდან 2023 წლის 2 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში მდებარე ა–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. ა–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიაჩნდა რა, რომ ქალს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს როდის და ვისზე დაქორწინდება, სისტემატური დარწმუნებით, სიტყვებით: „- მე ვწყვეტ, ვისთან უნდა დაქორწინდე, დათანხმდი, სხვა გზა არ გაქვს“, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, აიძულებდა თავის არასრულწლოვან შვილს – დ. ა–ას, რომ 2024 წლის ოქტომბერში, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა ე. დ-ზე. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ს. ა–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ს. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ს. ა–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ს. ა–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ს. ა–ის საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორი ითხოვს ს. ა–ის საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ს. ა–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ს. ა–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. ა–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – დ. ა–მა (გამართლებულის შვილი), ასევე – ნ. ა–ამ (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შესაბამისად: მამის, მეუღლის) – ს. ა–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დანაშაულის შესახებ 2024 წლის 26 აგვისტოს შეტყობინებები) საკმარისია ს. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. შეტყობინებები შესაძლოა უთითებდეს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვა, მისი სანდოობის და მის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24). მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ორი შეტყობინება: ნ. ა–ას (გამართლებულის მეუღლე, რომელმაც ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ს. ა–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე) და გ. ა-ს (რომელიც არათუ სასამართლო სხდომაზე, არამედ გამოძების ეტაპზეც არ გამოკითხულა იგი არ არის მითითებული სასამართლოში წარსადგენ მტიცებულებათა ნუსხის სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში (ტ. N1 : ს.ფ. 71-72)).

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა და გამართლებულის მეუღლემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შესაბამისად: მამის, მეუღლის) – ს. ა–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ს. ა–მა გამოიყენა დუმილის უფლება; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმე/ები უშუალოდ არ შესწრებიან ს. ა–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ს. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე, ს. ა–ის მიმართ, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი