Facebook Twitter

საქმე # 330100123008235787

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №528აპ-25 ქ. თბილისი

შ. ლ. 528აპ-25 11 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. შ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ა–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. შ–ას, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ლ. შ–ამ ზ. ქ–ეს, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების განზრახვით, ერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც ზ. ქ–ემ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისთვის.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ლ. შ–ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. განზრახი დანაშულისათვის ნასამართლევი ლ. შ–ა, 2023 წლის 1 სექტემბერს, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა თ–ში, …… ქუჩაზე, რა დროსაც თან ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ მოწყობილობას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ლ. შ–ამ ჩაიდინა – განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით ლ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1. ლ. შ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, – გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.2. ლ. შ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განჩინებით სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. შ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა 1000 ლარი;

2.4. ლ. შ–ას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. შ–ას დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ლ. შ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. ა–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენში:

4.1. ლ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

4.2. ლ. შ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარი – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. შ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.4. ლ. შ–ას სასჯელის ვადა აეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2025 წლის 28 აპრილიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. ა–ემ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ ლ. შ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს) – განსაზღვრას.

5.1. კასატორი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პერიოდამდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ მოახერხა კვალიფიციური დასკვნის გაცემა დაზიანებათა ხარისხთან დაკავშირებით და ლ. შ–ას მიერ ჩადენილი დანაშაული გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლზე და მას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. შ–ა გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს მას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს ლ. შ–ას მიმართ.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009). იმავდროულად, გადაწყვეტილების დასაბუთების გულისხმობს კონკრეტული და მკაფიო პასუხების გაცემას კასატორიების იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, par.66, ECtHR, 27/02/2020).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).

7.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

8. შესაბამისად, დავის საგანი არ არის, არც მსჯავრდებულ ლ. შ–ას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება (ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში) და არც – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება (დაცვის მხარე ითხოვს სასჯელის ზომად – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის – ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 24 ივლისის N........ დასკვნა, რომლის თანახმად: დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს) და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, ასევე – საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლი (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთადერთი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალური – 5 წელი – ხანგრძლივობით.

11. ამდენად, შემამსუბუქებელი გარემოებების (მან აღიარა დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები) არსებობის მიუხედავად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციისა და საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საკასაციო საჩივრის ფარგლებით) სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დაცვის მხარის უსაფუძვლო მოთხოვნა, შეამსუბუქოს მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრული სასჯელი და ლ. შ–ას განუსაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. შ–ას გასაჩივრებული განაჩენით განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთადერთი სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ლ. შ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) ქმედების ჩადენას, არ ითხოვს აღნიშნული ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის გადასინჯვას; არ ითხოვს არც დანიშნული სასჯელის სრულად/ნაწილობრივ პირობით მსჯავრად ჩათვლას; სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც მხარეთა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ი შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება (საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი), – სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორის უსაფუძვლო მოთხოვნა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. შ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი