საქმე # 330100123006701273
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №465აპ-25 ქ. თბილისი
კ. დ. 465აპ-25 10 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ–ისა და ზ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. კ–ას, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 3 დეკემბერს, დ. კ–ას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ-ს პოლიციის დეპარტამენტის ვ-ს მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა გამოწერა – შემაკავებელი ორდერი №........, რომლითაც მეუღლის (თ. ბ–ის) მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, დ. კ–ას აეკრძალა: თ. ბ–ის სახლთან მიახლოება, თავად მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ. ბ–ე იმყოფება, აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც დ. კ–ას გაეცნო მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის არსი და განემარტა ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები, 2022 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: თ–ი, ბ–ს დასახლება, №.. კორპუსი, ბინა №..) მივიდა დ. კ–ა, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით დ. კ–ამ ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 საათი;
2.1. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 2022 წლის 4 დეკემბრიდან – 2022 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, დ. კ–ას დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა მოითხოვა დ. კ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;
3.2. მსჯავრდებულმა დ. კ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. დ–მა და ზ. დ–მ მოითხოვეს დ. კ–ას გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. დ–მა და ზ. დ–მ. კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულ დ. კ–ას უდანაშაულოდ ცნობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულ დ. კ–ას უდანაშაულოდ ცნობა.
8. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მტკიცებით სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. კ–ას მიერ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – ჩადენას. დაცვის მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 დეკემბერს დ. კ–ა დაშორდა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ჰქონდა სიტყვიერი უთანხმოება, მსჯავრდებულს დაურეკა მისთვის უცნობმა პირმა, გაეცნო, როგორც პოლიციელი და აცნობა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, ვინაიდან მოსაუბრე მოეჩვენა არადამაჯერებლად, არაკომპეტენტურად, მისგან ვერ მიიღო სასურველ კითხვებზე პასუხები, მიღებული ზარი ჩათვალა ,,ბოროტ ხუმრობად”, მეუღლეს დაურეკა და მივიდა მისი (დაზარალებულის) დედის საცხოვრებელ სახლთან, სიტუაციაში გარკვევის მიზნით და არა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის განზრახვით.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. კ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეების – თ. ბ–ის, გ. ნ–ის ჩვენებებით, 2022 წლის 4 დეკემბერის შეტყობინებით, გ. ნ–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. კ–ამ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
10. იმ პირობებში, როდესაც, მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის – გ. ნ–ის ჩვენება დასტურდება, მათ შორის, მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მათ შორის, 2022 წლის 3 დეკემბერს, 22:17 საათზე, გ. ნ–ის მიერ დ. კ–ასათვის გაგზავნილი შემდეგი შინაარსის: „გამარჯობათ, ბატონო დ..., როგორც ტელეფონზე საუბრისას განგიმარტეთ, თქვენს მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი თ. ბ–ის მიმართ, რითაც გეკრძალებათ 30 დღის განმავლობაში მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე ტელეფონის და ინტერნეტის საშუალებით, მასთან, მის საცხოვრებელთან და სამუშაო ადგილთან მიახლოება“ შეტყობინებით, რომლის მიღება და გაცნობა დადასტურებულია დ. კ–ას შეტყობინებით: ,,… მადლობა, რომ როგორც იქნა განმიმარტეთ …”, იმავდროულად, გ. ნ–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ 2022 წლის 3 დეკემბერს, ო-სა და დ. კ–ას შორის არაერთხელ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, – მხოლოდ მსჯავრდებულის განმარტება, რომ მან მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის შეტყობინება/პასუხები არაკომპეტენტურად, არადამაჯერებელად ან/და არარეალურად/საეჭვოდ/ხუმრობად ჩათვალა, ვერ გამორიცხავს დ. კ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი.
11. იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას ან/და მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას.
12. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2022 წლის 3 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის შესახებ (ამოქმედდა გამოცემისთანავე) დ. კ–ას ეცნობა იმავე დღეს, მათ შორის, 22:17 საათზე შეტყობინების სახითაც (შეტყობინებაზე უკუკავშირით დასტურდება, რომ იგი გაეცნო მის შინაარს), შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებები კი დ. კ–ამ დაარღვია 2022 წლის 4 დეკემბერს (ანუ მას შემდეგ, რაც გ. ნ–ეს უკვე შეტყობინებული ჰქონდა ორდერის არსებობის ფაქტი დ. კ–ასთვის (შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ ასევე მიწერილი აქვს შეტყობინების სახითაც)), სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას დ. კ–ას უდანაშაულობის შესახებ.
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის განზრახვის არარსებობისა და იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული თ. ბ–ის საცხოვრებელ სახლში მივიდა სწორედ იმ აქტის ნამდვილობაში (ვინაიდან საეჭვოდ ან/და ხუმრობად ჩათვალა) დასარწმუნებლად, რომელიც უკრძალავდა დაზარალებულთან, მათ შორის, მიახლოებას/ნებისმიერი სახის კომუნიკაციას.
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. კ–ას აღნიშნულის გადასამოწმებლად არ მიუმართავს პოლიციის დაწესებულებისათვის და არ უცდია აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის (მასში დაეჭვების შემთხვევაში, როგორც ამას უთითებს დაცვის მხარე) გადამოწმება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. კ–ას, როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის ნაწილში. ასევე, ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, დ. კ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15.1. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.
17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ–ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ–ისა და ზ. დ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე