საქმე # 150100124010372572
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №515აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ა. 515აპ-25 10 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ-ს, – პირადი ნომერი: 3..., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის აგვისტოში (ზუსტი თარიღი უცნობია), დაახლოებით 21:00 საათზე, ქალაქ ნ-ში, ე.წ. „ნ-ს“ დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტისას, ა ბ-ნმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თვლიდა რა მეუღლეს – ს. კ-ს მის საკუთრებად, ორივე ფეხის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. კ-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. აღნიშნული ქმედებით ა. ბ-მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2024 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ნ-ში, ე.წ. „ნ-ს“ დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტისას, ა. ბ-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თვლიდა რა მეუღლეს – ს. კ-ს მის საკუთრებად, ორივე ფეხის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. კ-ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები ჩალურჯებების სახით.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. ბ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენით:
2.1. ა. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ორივე ეპიზოდში).
2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ბ-ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ა. ბ-ს დამნაშავედ ცნობა დანაშაულის ორივე ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა. კასატორი ითხოვს ა. ბ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ა. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – ს. კ-მ (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ა. ბ-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) საკმარისია ა. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:
10.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმები (მათ შორის, დაზარალებულის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი) არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – ა. ბ-ს მიერ ს. კ-ს მიმართ ძალადობა/ების – შემსწრე არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).
10.2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნა უთითებს მხოლოდ 2024 წლის 19 აგვისტოზე (,,2024 წლის 19 აგვისტოს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით”). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო ბარათით, ობიექტურად, ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირი - დასკვნით არ დასტურდება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10.3. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე – ფიზიკური ტკივილის გამოწვევა. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ა. ბ-ს – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ა. ბ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ა. ბ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი რომელიმე ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის არცერთი ეპიზოდი.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
15. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ კონსტანტინე ბახუტაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე ა. ბ-ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე