Facebook Twitter

საქმე # 330100124010278783

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №407აპ-25 ქ. თბილისი

ტ-ი რ. 407აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

1.1. რ. ტ-ი, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 21 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 20 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის 16 სექტემბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 12 ივლისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 7 ივლისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ტ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 22 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ტ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· რ. ტ-ი, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, როგორც ქალსა და მეუღლეს, არ ჰქონდა მისი შეხედულებისამებრ ჩაცმის, მეგობრებთან კომუნიკაციისა და მისი კუთვნილი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, 2021 წლიდან 2024 წლის 21 სექტემბრამდე არსებული დროის პერიოდში, თ-ში, ვ-ი №..., ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა შვილების მისამართით და მიმართავდა ღირსების შემლახავი სიტყვებით, რამაც გამოიწვია ა. ბ-ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· 2024 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, რ. ტ-მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, როგორც ქალს და მეუღლეს არ ჰქონდა მისი შეხედულებისამებრ ჩაცმის, მეგობრებთან კომუნიკაციის და მისი კუთვნილი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, გამომუშავებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თ-ში, ვ-ი №..., ს-ს ქუჩა №...-ში არსებულ თონეში, ხელი მოუჭირა ყელის არეში, მიანარცხა კედელზე და გაშლილი ხელი დაარტყა სახის და თვალის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ა. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, რ. ტ-ი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ა. ბ-ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, გამომუშავებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თ-ში, ვ-ი №..., ს-ს ქუჩა №...-ში არსებულ თონეში ყოფნისას, ფიზიკური ძალადობის შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თონიდან ვერ გავიდოდა ცოცხალი და თუ ეტყოდა ვინმეს მომხდარის შესახებ, ცემით მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, რ. ტ-მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, როგორც ქალს და მეუღლეს, არ ჰქონდა მისი შეხედულებისამებრ ჩაცმის, მეგობრებთან კომუნიკაციის და მისი კუთვნილი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, კრედიტის თანხის გადახდასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თ-ში, ვ-ი №..., ს-ის ქუჩა №...-ში არსებულ თონეში ყოფნისას, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი დაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, რ. ტ-მა, თ-ში, ვ-ი №..., ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ხელი მოუჭირა ყელის არეში, გაშლილი ხელი გაარტყა მარჯვენა ყურის არეში და მუშტად შეკრული ხელები ჩასცხო ზურგის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, რ. ტ-მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ბ-ს, როგორც ქალს და მეუღლეს, არ ჰქონდა მისი შეხედულებისამებრ ჩაცმის, მეგობრებთან კომუნიკაციის და მისი კუთვნილი ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, სუროგაციის შედეგად მიღებული თანხის დამოუკიდებლად განკარგვის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თ-ში, ვ-ი ... , ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სახლში, წინასწარი შეცნობით, ორსული ა. ბ-ი, დააგდო საწოლზე და გაშლილი ხელებით სახისა და სხეულის არეში მიაყენა მრავლობითი დარტყმები. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ფეხმძიმე ა. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, რ. ტ-მა, თ-ში, ვ-ი №..., ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, წინასწარი შეცნობით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ ა. ბ-ს, ხელი მოუჭირა ყელის არეში, მიანარცხა კედელზე, დააგდო ლოგინზე და ხელები დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ა. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ღ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ რ. ტ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ა. ბ-სა და მოწმეების - ლ. გ-ის, კ. ტ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებითა და შემაკავებელი ორდერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატმა ს. ღ-მა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ რ. ტ-ის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯარიმას (ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 11​1-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47), “სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით” (იქვე, II-50).

11. შესაბამისად, სასამართლო რ. ტ-ის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) ერთად ასევე ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს, ადგილს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს (მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულ ა. ბ-ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები და ძალადობათა სიმრავლე, მათ შორის, დაზარალებულის ორსულად ყოფნის პერიოდში; ხელის მოჭერა ყელის არეში, კედელზე მინარცხება, გაშლილი ხელის დარტყმა სახის, ყურისა და თვალის არეში, ასევე მუშტების დარტყმა მხრისა და ზურგის არეში; ორსულის მიმართ გაშლილი ხელებით სახისა და სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმა). ასევე, რ. ტ-ის პიროვნების, მისი წარსულის, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზეზის გათვალისწინებით, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით კერძო/სპეციალური პრევენციის და რესოციალიზაციის მიზნების მიღწევადობას. გასაჩივრებული განაჩენით რ. ტ-ის დანიშნულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე