Facebook Twitter

საქმე # 120100124009544179

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №449აპ-25 ქ. თბილისი

ს-ი თ. 449აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. თ. ს-ი, - დაბაადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 25 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენაგრძნობით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2024 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, ბოძთან, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა თ. ს-მა, მის ხელთ არსებული ,,GLOCK-17GEN-4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მოკვლის განზრახვით, ესროლა მისგან დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით მდგარ მ. ი-ს, რითაც ასევე საფრთხე შეუქმნა მ. ი-ის სიახლოვეს მყოფ ნ. ს-სა და რ. მ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სროლის შედეგად მ. ი-მა მიიღო ცეცხლნასროლი შემავალი და გამავალი ჭრილობა კისრის მარჯვენა ლოყის მარცხენა არეში, მარცხენა ქვედა ყბის კუთხისა და სხეულის მოტეხილობით, ხახის კედლის დაზიანებით და მისი გადარჩენა მოხერხდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

· 2024 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, ბოძთან მყოფი თ. ს-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ GLOCK-17GEN-4 (იარაღის ნომერი: AFGN 822) მოდელის 9X19 მმ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს, რომლიდანაც გაისროლა მ. ი-ის მიმართ და რომელიც ამოიღეს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. ს-ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 124-ე მუხლზე. თ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

4.1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ მ. ი-ს ჩვენება, მოწმეების - რ. მ-ის, ნ. ს-სა და სხვათა ჩვენებები, მოწმეების - ა. ს-ის, გ. ბ-ს, მ. ნ-ს, კ. ნ-ის, გ. ი-ის, ზ. ი-ის, ა. ა-ის, გ. ბ-ის, ა. პ-ის, ა. ღ-ის, ჰ. ბ-ის, ჰ. ი-ს, თ. ლ-ის, გ. კ-ის, ვ. პ-ის, ა. პ-ის, ტ. პ-ის, ა. ღ-ის, ა. ი-ის, ა. ხ-ის, გ. ი-ის, კ. მ-ს, ო. ს-ს, ა. პ-ს, ა. შ-ის, ა. ს-ის, გ. კ-ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმები, ავტომანქანის, იარაღის ამოღების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, რომლებიც მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიცია და საქმეში არსებული სხვა მასალები), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას თ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე - სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ თ. ს-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თ. ს-ის მიერ მ. ი-სათვის ცეცხლსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი. სადავოა სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ, დაცვის მხარის მითითებით თ. ს-ი არ მოქმედებდა მ. ი-ის მკვლელობის განზრახვით და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

9. დაზარალებულ მ. ი-ის, ასევე მოწმეების - რ. მ-სა და ნ. ს-ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ნ-ში არსებულ საბილიარდოში. თ. ს-ი იყო ნასვამი. დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის უთანხმოება ამ დროს არ ყოფილა. იქ ყოფნა აღბეჭდეს კიდეც ვიდეო-ჩანაწერის სახით სამახსოვროდ. საბილიარდოში თ-ს ხელში პისტოლეტი არ დაუნახავთ. დაზარალებულმა იცოდა, რომ მსჯავრდებულს სახლში ჰქონდა ავტომატი გაფორმებული, თუმცა პისტოლეტის შესახებ არაფერი სმენია. ისინი ერთად, სხვებზე ადრე, წამოვიდნენ საბილიარდოდან. სოფელ ს-ს შესასვლელთან, განათების ბოძთან, აუდუღდა მანქანაში წყალი. დაზარალებულის მანქანის წინა მხარე მიმართული იყო ცენტრალური გზის მხარეს - სოფლიდან გადიოდა ა-ში. იქვე მყოფმა თანასოფლელმა ბიჭებმა შესთავაზეს წყლის მოტანა. თოვლი იდო. წყლის მოსატანად წასული ბიჭები უკან დაახლოებით 5-10 წუთში დაბრუნდნენ. მანამდე თ. ს-ი მივიდა მანქანით. მან დაამუხრუჭა, მანქანა მოუსრიალდა და მიეჯახა მ. ი-ს მანქანას. თ. მანქანიდან გადავიდა და უთხრა მ-ს, რომ მანქანა დაუზიანა. მ-მა მას უპასუხა, რომ ეს ბიძამისის მანქანა იყო და არა უშავდა. უთხრა, დამჯდარიყო მანქანაში და წასულიყო. თ-ც წავიდა და უკან როდის დაბრუნდა არ დაუნახავთ. შეჯახების დროს დაზარალებულსა და თ-ს არ უჩხუბიათ. თ. ამ დროს ნასვამი იყო. გასროლამდე მ-ს, ს-სა და ი-ს მანქანაზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. ერთ-ერთი მათგანი უნათებდა, ხოლო მეორეს ძრავის ხუფი ეჭირა. მ. ი-ი კი წყალს ასხამდა ძრავში. რომელი მხრიდან ისროლეს, ეს მ. ი-ს არ ახსოვს. იგი იდგა მძღოლის მხარეს საბურავთან და ასხამდა წყალს. მას ტყვია რომ მოხვდა, ამის შემდეგ კიდევ გაიგო ერთი ან ორი გასროლის ხმა. მას პირველივე გასროლაზე მოხვდა სავარაუდოდ ტყვია. ზუსტად არ იცის. მ-ის განმარტებით, მას როდესაც ტყვია მოხვდა მაშინ დაინახა, რომ თ. ვაგონთან დრიფტაობდა. გასროლის მომენტში ის ბიჭებიც ვინც წყალი მოიტანეს და მ-ი და ს-ც გაიქცნენ, რადგან შეეშინდათ. მხოლოდ მისი მანქანაში ჩაჯდომის მერე ის ორი ბიჭი მივიდა მასთან, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ საავადმყოფოში. მ. ი-ის განმარტებით, მან ვერ დაინახა, ვინ ისროდა. იგი წყალს ასხამდა და მანქანისკენ იყო სახით.

10. მოწმე რ. მ-მა ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ მან ვერ გაარჩია, საიდან მოდიოდა სროლის ხმა. მან ხმა გაიგო თუ არა, გაიქცა. პირველი სროლის შემდეგ გაიქცა. მეორე სროლის ხმა გაიგო. ამის შემდეგ კიდევ იყო გასროლები, თუმცა რამდენი იყო, აღარ ახსოვს. მოწმემ გაიგო ვიღაცის ხმა. თუმცა ის იყო შეშინებული და გაიქცა, არ იცის, ვისი ხმა იყო და ვინ დაიჭრა. ნ. ს-ი იქ იყო ადგილზე. გ. და მასთან მყოფი ბიჭები მანქანაში ისხდნენ და მუსიკას უსმენდნენ. ნ. მივიდა მოწმესთან მ-ს მანქანით და უთხრა რომ მ. იყო დაჭრილი. იგი საავადმყოფოში წაიყვანა გ-მა. მოწმე განმარტავს, რომ მან გაიგო, მ. ი-ს როგორ ესროლა თ. ს-მა. იგი თავისი ნებით ჩაჰბარდა სამართალდამცავებს. მოწმე ნ. ს-მა უშუალოდ შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ წყლის ჩასხმის დროს გაიგო გასროლის ხმა. ყველამ გაიხედა აქეთ-იქით. შემოტრიალებისას დაინახა მ. , რომელსაც მოხვდა ტყვია. ახლოს რომ მივიდა მ. წაიქცა. შემდეგ ბიჭებმა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ვინ ესროლა მ-ს და საიდან ესროლა მას ეს არ დაუნახავს. თ. რომ იქ იყო დაინახა, მიამსგავსა მას. იგი ზურგით იდგა. მოტრიალებისას თ. იცნო, ვის ხელში იყო იარაღი, მას ეს არ დაუნახავს. სიბნელეში ვერ დაინახავდა.

11. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ თ. ს-ი ბილწსიტყვაობს, ითხოვს იარაღს, რომელიც დაუმალეს, მისი მხრიდან პროვოცირებული ქცევის გამო საყვედურობს სხვებს. ასევე მსჯავრდებულს აქვს კონფლიქტი საბილიარდოში მყოფ პირთან. აქვე საგულისხმოა, რომ მას შემდეგ რაც მსჯავრდებულმა დატოვა საბილიარდო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კონფლიქტი მოუხდა ვ. პ-თან.

12. მოცემულ შემთხვევაში ყურადსაღებია მსჯავრდებულის ქცევა შემთხვევამდე, იგი იყო მთვრალი, ბილწსიტყვაობდა, ითხოვდა იარაღს, რომელიც დაუმალეს, კონფლიქტი მოუვიდა საბილიარდოში მყოფ პირთან. ასევე საბილიარდოს დატოვების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, კონფლიტი მოუვიდა ვ. პ-თან, როდესაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ უთხრა, რომ ნასვამი იყო და წასულიყო სახლში, შემდეგ კი, ცოტა ხანში, მსჯავრდებული უშუალოდ მ. ი-ის მიმართულებით გაისვრის არაერთხელ. საგულისხმოა, რომ გასროლებისას მ. ი-თან ახლოს იმყოფებოდნენ ნ. ს-ი და რ. მ-ი. საკასაციო სასამართლოს აზრით, მსჯავრდებულის ქცევა, როგორც საბილიარდოში, ისე უშუალოდ შემთხვევის დროს და მასთან დაკავშირებული პირებისადმი დამოკიდებულება ერთობლივად იძლევა ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით.

13. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის კონფლიქტს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ადგილი არ ჰქონია. თ. ს-მა დაზარალებულს შემთხვევით მოარტყა ცეცხსასროლი ირაღის სროლისას და მისი მოკვლის მოტივი არ გააჩნდა. ამდენად, თ. ს-ის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად.

14. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის ამ არგუმენტსაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის გარდაუვალობას. ამავე მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, თ. ს-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მ. ი-ის სასიკვდილო შედეგის მიმართ მოქმედებდა მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით, რაც ამ ქმედების მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია. ასეთ დროს არ არის სავალდებულო, პირს ჰქონდეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი; საკმარისია, რომ მას გაცნობირებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ე.წ. მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა). ამდენად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულ მ. ი-ან კონფლიქტის არარსებობა გამორიცხავს მისი მოკვლის სურვილსა და, შესაბამისად, მკვლელობის განზრახვას, უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება თ. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით განაჩენის მსჯელობას, რასაც სადაოდ არც მხარეები ხდიან.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დასდო მსჯავრი თ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რისთვისაც განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე