საქმე # 330100123007468057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №450აპ-24 ქ. თბილისი
მ-ი ა. 450აპ-24 12 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-სა და მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით:
1.1. ა. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ოთხი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით, 11 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 მაისიდან.
1.3. ნ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-მა და ნ. ა-მა ჩაიდინეს ადამიანის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, თაღლითობით და მოტყუებით, ადამიანის გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით - მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ოჯახის წევრთან და სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვითა და კონტროლით; დამაშინებელი გარემოს შექმნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ა. მ-მა და ნ. ა-მა სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს მ. რ-ის გაყიდვისა (ადამიანის ვაჭრობის ტრეფიკინგის) და მის მიმართ უკანონო გარიგების გეგმა. ნ. ა-მა და ა. მ-მა მ. რ-ს შესთავაზეს ყ-ში წასვლა, სადაც ნ. ა-სა და ა. მ-ის მიერ შეძენილი ავტომანქანები უნდა გადაეფორმებინა მათ მიერ მითითებულ პირებზე, თითოეული ავტომანქანის გადაფორმებისათვის გადაუხდიდნენ 500 აშშ დოლარს. მ. რ-ის მოტყუებით მიიღეს რა მისი თანხმობა, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება და თაღლითური მოლაპარაკება აწარმოეს ი-ის მოქალაქე ვინმე „მ-სთან“. მისგან ავტომანქანების შესაძენად აიღეს 20000 აშშ დოლარი და აღებული თანხის სანაცვლოდ, შესთავაზეს მ. რ-ის ს-დან ი-ში გამგზავრება ვალდებულებების შესრულებამდე. 2023 წლის 14 აპრილს, სამუშაოს დაპირებით გადაბირებულ მ. რ-ს, ნ. ა-მა და ა. მ-მა შეუძინეს თვითმფრინავის ბილეთი, მიიყვანეს შ. რ-ის სახელობის თ-ის აეროპორტში და გაამგზავრეს არა ყ-ში, არამედ ი-ის ისლამურ რესპუბლიკაში. თ-ის აეროპორტიდან მ. რ-ი გეგმის მიხედვით გადაიყვანეს სოფელ ფ-ში, სადაც გადასცეს ი-ის მოქალაქე ვინმე „მ-ის“, ვისგანაც აიღეს 20000 აშშ დოლარი ავტომანქანების შესაძენად და უთხრეს, რომ ავტომანქანების გამოგზავნამდე მ. რ-ი შეეძლო ჰყოლოდა ტყვედ. ნ. ა-მა და ა. მ-მა ვინმე „მ-ის“ კუთვნილი 20000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, შეწყვიტეს კომუნიკაცია ი-ელ მოვალესთან და თანხის სანაცვლოდ გადასცეს მ. რ-ი, რომელიც ი-ში ჩააყენეს მონობის თანამედროვე პირობებში. მას არ შეეძლო ამ გარემოების შეცვლა ვინმე „მ-ზე" დამოკიდებულების გამო, რამდენადაც ჩამოართვეს პასპორტი, მუდმივად აკონტროლებდნენ და ძალადობდნენ მასზე, შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილება, შეზღუდული ჰქონდა და აკონტროლებდნენ ოჯახის წევრსა და სხვა პირთან კომუნიკაციას, მათ შორის, მიმოწერასა და სატელეფონო კონტაქტს, შეუქმნეს დამაშინებელი გარემო და 2023 წლის 10 მაისამდე ამ მდგომარეობაში ამყოფებდნენ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება და ა. მ-ის გამართლება.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება და ნ. ა-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. ა-სა და ა. მ-ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშულის ჩადენას.
7. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ. რ-ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
8. დაზარალებულმა მ. რ-მა ჩვენებაში დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოატყუეს მსჯავრდებულებმა, რომ თითქოსდა უნდა წასულიყო ყ-ში, გადაეფორმებინა ავტომობილები, რაშიც გადაუხდიდნენ 500 აშშ დოლარს, რის ნაცვლადაც გაგზავნეს ი-ში ვინემ ,,მ-სთან“, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ ა. მ-ი გაიცნო დაახლოებით ორი წლის წინ სოციალურ ქსელ ,,ტიკ-ტოკის“ საშუალებით და შემდეგ მასთან ჰქონდა მიმოწერა სოციალური ქსელისა და ტელეფონის მეშვეობით სხვადასხვა საკითხებზე. ა-სთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, მას ა-ს სახელით მოიხსენიებდა ხოლმე. ნ. ა-ი კი გააცნო ა. მ-მა. 2023 წლის 9 აპრილს ა. მ-მა ჩააკითხა ფერმაში თეთრი ფერის მანქანით, ვინმე ო-სა და თ-თან ერთად, რომელმაც შესთავაზა მანქანის ყ-ში წაყვანა, რის სანაცვლოდ გადაუხდიდა 500 დოლარს. ავტომანქანა უნდა გადაეფორმებინა ჯერ თავის სახელზე და შემდეგ მოხდებოდა აღნიშნული მანქანის სხვა პირზე გადაფორმება. ამ შემთხვევამდე არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ. ფერმიდან წამოვიდნენ ფ-ში ა-ს კუთვნილ სახლში, სადაც ორი დღე უნდა დარჩენილიყვნენ და შემდეგ ენახათ ნ. ა-ი. ჩამოსვლიდან მესამე დღეს შეხვდნენ ნ. ა-ს მის სახლში. ა. მ-ი და ნ. ა-ი შევიდნენ სახლში სასაუბროდ, თავად კი გარეთ ელოდებოდა, კართან. შემდეგ ნ. ა-მა უთხრა, რომ უნდა წასულიყო ყ-ში, სადაც დახვდებოდა ნ-ის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა, რომელსაც გადააფორმებდა სხვა პირზე და ოთხ-ხუთ დღეში დაბრუნდებოდა უკან ს-ში. აღნიშნულ საქმეში ნ. ა-ი გადაუხდიდა მას 500 დოლარს, რაზეც დათანხმდა. საზღვარგარეთის პასპორტის აღების საფასური ნ-მა გადაცა ა. მ-ს და უთხრა, რომ ა. დაეხმარებოდა პასპორტის აღებაში. ა. მ-თან, ო-სა და თ-თან ერთად წავიდა იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად. თანხა გადაიხადა ა-მ და იმავე დღეს აიღო პასპორტი. ამის შემდეგ ნ. ა-მა აუღო თვითმფრინავის ბილეთი, რომლის სურათი გამოუგზავნა ტელეფონზე და უთხრა, რომ იყო ყ-ის ბილეთი. ბილეთს დახედა, მაგრამ რა ეწერა ვერ წაიკითხა, რადგან ლათინურ ასოებს ვერ ცნობს. ამის შემდეგ ა. მ-თან, ო-სა და თ-თან ერთად წავიდა აეროპორტში. ა. მ-ი დაეხმარა რეგისტრაციის გავლაში და აჩვენა, თუ რომელ თვითმფრინავში უნდა ჩამჯდარიყო. ა-მ უთხრა, რომ მისი ფოტო გადაუგზავნა ყ-ში პიროვნებას, რომელიც დახვდებოდა ჩასვლისას აეროპორტში. როდესაც თვითმფრინავი დაფრინდა და გამოვიდა აეროპორტში, აღმოჩნდა, რომ იმყოფებოდა თ-ში და არა ყ-ში. აეროპორტიდან გამოსვლისას, უცნობმა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც მისი სურათი ჯქონდა ტელეფონში, დაუძახა, მიმართა სახელით, ჰკითხა მ. იყო თუ არა და როდესაც გაიგო, რომ მ. იყო, წაიყვანა თ-ის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ, ფ-ში. ტაქსის მძღოლმა მიიყვანა ი-ის რესპუბლიკის მოქალაქე მ-ს სახლში, რომელიც იყო დაახლოებით 40 წლის. მ-მ ჰკითხა, იყო თუ არა ნ-ის დეიდაშვილი, რაზეც თანხმობა განუცხადა. ნ-ის დეიდაშვილი არაა, მაგრამ წასვლამდე უთხრეს ა-მ და ნ-მა, როცა ჩავიდოდა ეთქვა, რომ იყო ნ-ის დეიდაშვილი. ამის შემდეგ დარჩა მ-ს სახლში, რომელიც სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნორმალურად ექცეოდა. თ-ში ჩასვლის შემდეგ ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ნ. ა-ს და ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდა თ-ში და არა ყ-ში. ნ-მა უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და სამი-ოთხი დღე მოუწევდა იქ გაჩერება. მისი ჩასვლიდან მეორე დღეს მ. გაემგზავრა ს-ში, კერძოდ ბ-ში. ბ-დან მ-მ დაურეკა ვიდეოზარით და აჩვენა, თუ როგორ აძლევდა მანქანების შესაძენ თანხას 20000 დოლარის ოდენობით ნ-ს ძმას - რ-ს. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ნ-ს უნდა გაეგზავნა მანქანები მ-სთვის ი-ში. მ-ის ი-ში დაბრუნების შემდეგ დაუკავშირდნენ ნ-ს ტელეფონით, რომელმაც უთხრა, რომ მანქანებს გამოაგზავნიდა დაახლოებით ოთხ დღეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მ-მ, მისი თანდასწრებით, დაურეკა ნ. ა-ს, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა და მეორე დღეს გაუგზავნიდა მანქანებს. მ. რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდა ნ-ს, რომელიც, ყოველ დარეკვაზე, სხვადასხვა პრობლემებს იმიზეზებდა და ჰპირდებოდა მანქანის მომდევნო დღეს გაგზავნას. რამდენიმე დღის შემდეგ მ. კვლავ დაუკავშირდა ნ-ს და მოსთხოვა ან მანქანების გამოგზავნა, ან თანხის უკან დაბრუნება. საუბრის დროს მათ დაეძაბათ ურთიერთობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, რის შემდეგაც ნ-მა უთხრა მ-ს, რომ არც მანქანებს გაუგზავნიდა და არც თანხას დაუბრუნებდა უკან, გაუთიშა ტელეფონი და დაბლოკა მისი ნომერი. ვინაიდან მ. დაბლოკილი ჰყავდა ნ-ს, მ. რ-ს უთხრა, რომ თავის ნომრით დაერეკა, რაც გააკეთა კიდეც და აპლიკაცია ,,WhatsApp-ის” მეშვეობით დაუკავშირდა ნ-ს და ჰკითხა, თუ რას უპირებდა მას, მისი გამოგზავნილი იყო და რატომ არ უგზავნიდა მანქანებს მ-ს. ნ-მა უპასუხა, რომ არ აპირებდა არც მანქანების გაგზავნას და არც თანხის დაბრუნებას და არ აინტერესებდა, მ. რას უზამდა მას, რის შემდეგაც გაუთიშა ტელეფონი და მისი ნომერიც დაბლოკა. ამის შემდეგ ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა ნ-ს მეუღლეს ,,მესენჯერის“ საშუალებით, რაზეც ნ. გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ დაუკავშირდა ა. მ-ს, რომელსაც აუხსნა შექმნილი სიტუაცია და სთხოვა დახმარება, რათა მოეხერხებინა ს-ში დაბრუნება. ა-მ უპასუხა, რომ იგი არაფერ შუაში იყო, არ აინტერესებდა მისი პრობლემები. მან ა. მ-ს უთხრა, რომ მან გააცნო ნ. ა-ი, ჩართო აღნიშნულ საქმეში და დიდი წვლილი ჰქონდა მის ი-ში მოხვედრაში, რადგან მისი და ნ-ს მხრიდან მოტყუების შედეგად მოხვდა ი-ში. აღნიშნული საუბრის შემდეგ ა. მ-მა მიაყენა შეურაცხყოფა, დაბლოკა მისი ნომერი და ვეღარ უკავშირდებოდა. მ-მ უთხრა, რომ დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს, ეთხოვა მათთვის, რომ მისულიყვნენ პოლიციაში და განეცხადებინათ მისი მდგომარეობის შესახებ. შემდეგ პოლიციას დაეკავებინა ა. და ნ. და მოეთხოვათ მათთვის ფულის მ-სთვის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა მისი ტყვე და ჩავარდებოდა ცუდ მდგომარეობაში. მ-ს ნათქვამიდან გამომდინარე აპლიკაცია ,,WhatsApp-ის“ მეშვეობით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა დედამისს და აუხსნა მისი მდგომარეობა, თუ სად იყო, ვინ გაუშვა იქ, სანამ ნ. ფულს არ დააბრუნებდა იქამდე იქნებოდა ტყვეობაში და ჩავარდებოდა ცუდ მდგომარეობაში. შექმნილ სიტუაციაზე მ. გაბრაზდა, აიყვანა მისი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში და ჩაკეტა გარედან. ოთახში არც ავეჯი იყო და არც საპირფარეშო. როცა ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი ცუდი ხარისხის საჭმელს აწვდიდნენ, თან არასაკმარისი რაოდენობით. წყალს, როცა ითხოვდა, ყოველთვის არ ასმევდნენ; საპირფარეშოში გაჰყავდა მ-ის, რომელიც ელოდებოდა ხოლმე და შემდეგ ისევ კეტავდა ოთახში. საჭმელს ჭამდა იატაკზე მჯდომი და ვინაიდან ოთახში არანაირი ავეჯი არ იყო ეძინა იატაკზე. მ-მ ასევე წაართვა საბუთები, რომელსაც თავად ინახავდა, რათა არ გაქცეულიყო. ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ მ-ს გათიშული ჰქონდა ინტერნეტი და ვერ ახერხებდა ვინმესთან დაკავშირებას. მ-ს მხრიდან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც თავს გრძნობდა ცუდად და საჭმელსაც კი ვერ ჭამდა. ტყვედ ყოფნის დროს მ-მ აჩვენა ვიდეო, სადაც ნ-ის ძმას, რ-ს, სცემდნენ და თავზე აშარდავდნენ ი-ები, ვინაიდან ნ-ს თავისი ძმა, მის მსგავსად, ფულის სანაცვლოდ ჰყავდა გაგზავნილი ი-ში. მ. დაემუქრა, რომ თუ ნ. არ დააბრუნებდა მის კუთვნილ ფულს, ზუსტად ისე მოექცეოდნენ მას, როგორც ნ-ს ძმას მოექცნენ.
9. დაზარალებულების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გამყარებულია მოწმეების - ა. ჰ-ს, მ. რ-ის, ო. კ-სა და სხვათა ჩვენებებით და სრულად თანხვდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნას, რომლითაც მ. რ-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეფასდა ფსიქოლოგიურ ტანჯვად.
10. დაზარალებულ მ. რ-ის მიერ მითითებული ინფორმაცია თანხვდენილია ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებთან. ა. ჰ-ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მიმოწერებით, ვიდეოჩანაწერებითა და ხმოვანი შეტყობინებებით, თ-ს საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი: თ-ს საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის თანახმად, 2023 წლის 14 აპრილს, მ. რ-ი, ა. მ-სა და ო. კ-თან ერთად შედის თ-ს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ა. მ-ი ეხმარება რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის გავლაში მ. რ-ს და სვამს თვითმფრინავში, რომელიც მიემგზავრება არა ყ-ში, დაპირებისამებრ, არამედ ი-ში.
11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ ჩანაწერითა და მისი გაშიფრული ტექსტებით (კრებსით), ასევე 2023 წლის 5 მაისს, თ-ი-რ-ს გზატკეცილზე მდებარე სკვერსა და ქ. თ-ში, სოფელ ფ-ში, კორპუსი N...-ის პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ერთი მხრივ, ა. ჰ-სა და, მეორე მხრივ, ა. მ-ის, ასევე მასთან ერთად ბინაში მყოფი პირების შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და მისი გაშიფრული ტექსტებით (კრებსებით) დადგენილია, რომ ა. ჰ-ა ესაუბრება ა. მ-ს, მ. რ-ის მოტყუებით ი-ში გაყვანასთან დაკავშირებით და თხოვს დახმარებას შვილის დაბრუნებაში. აღნიშნული ჩანაწერების მიხედვით, ა. მ-ი არ უარყოფს, რომ იცნობს ნ. ა-ს, ადასტურებს, რომ მან გააცნო მ. რ-ს ნ. ა-ი და მასთან ერთად შესთავაზა მ. რ-ს, ვითომდა მანქანების გადაფორმების მიზნით ყ-ში გამგზავრება, სადაც თითოეული მანქანის გადაფორმებაში გადაუხდიდნენ 500 დოლარს. ა. მ-ი ადასტურებს, რომ ნ. ა-სგან გადაცემული თანხით აუღო საზღვარგარეთის პასპორტი მ. რ-ს, შემდეგ წაიყვანა აეროპორტში და დაეხმარა გამგზავრებაში. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, ა. მ-ი არ უარყოფს, რომ ფლობს ინფორმაციას მ. რ-ს არა ყ-ში არამედ ი-ში გამგზავრებასა და იმ გარემოებასთან დაკვშირებით, რომ იგი ი-ში იმყოფება ტყვეობაში.
12. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დადგინდა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში და თ-ს საერთაშორისო აეროპორტიდან გამოთხოვილ ვიდეო ჩანაწერებში არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე N°16-N°25 და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ... წელს დაბადებულ ა. რ-ს ძე მ-ს (პ/ნ ...) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულ ფოტოგამოსახულებაზე N26 დაფიქსირებულია ერთიდაიმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად უტყუარად დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენი ფონოგრამებში PTT-20230424-WA0020.opus; PTT-20230424-WA0021.opus; PTT-20230424-WA0022.opus; AUD-20230424-WA0019.opus მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი) მოსაუბრე ნ. ა-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია.
14. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა - ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).
15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ცალკეულ საკითხებთან მიმართებით არის პირდაპირი ხასიათის, ხოლო სხვა საკითხებს ირიბი და ამყარებს პირდაპირ მტკიცებულებებს, რაც სწორედ ქმნის იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა - ა. მ-მა და ნ. ა-მა ჩაიდინეს ადამიანის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, თაღლითობით და მოტყუებით, ადამიანის გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით - მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ოჯახის წევრსა და სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვითა და კონტროლით; დამაშინებელი გარემოს შექმნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, შესაბამისად, მათი ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და განსაზღვრული აქვთ სამართლიანი სასჯელები.
17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-სა და მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე