საქმე # 330100124009387033
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №459აპ-25 ქ. თბილისი
მ-ი ი. 459აპ-25 12 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
1.1. ი. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით; „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 20 აპრილიდან.
1.2. ი. მ-ს, როგორც მარიხუანის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ-მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2024 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ-ში, ი-ს ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ი. მ-ი, დანის გამოყენებით, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის შს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვენლოვან საქმეთა ინსპექტორებს - ი. ხ-სა და დ. ხ-ს. იგი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით იქნევდა დანას, ცდილობდა მათთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას და ემუქრებოდა მათ ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. მსჯავრდებულისათვის დანის წართმევას, სხვა პირებთან ერთად, შეეცადნენ ი. ხ-ი და დ. ხ-ი, რა დროსაც ი. მ-მა, დანის წართმევისას გაწეული წინაარმდეგობის დროს, დანის პირით, ი. ხ-ს დაზიანება მიაყენა მარცხენა ხელის თითებზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· ი. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2024 წლის 18 აპრილამდე დროის პერიოდში, უკანონოდ ინახავდა გამჭვირვალე ჩამკეტიან პაკეტებში ორ ცალად დაფასოებულ, სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო მცენარეულ მასას გამომშრალ მდგომარეობაში, საერთო წონით - 16,15 გრამს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რაც ამოღებულ იქნა 2024 წლის 18 აპრილს, ქ. თ-ში, კ. ჩ-ის ქუჩის N..-ში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს თბილისის ნომერ მე-3 დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული მისი პირადი გასინჯვისას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულების - ი. ხ-სა და დ. ხ-ს ჩვენებები, მოწმეების - ა. ი-ის, დ. ფ-ის, ვ. შ-ს, რ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, მოწმეების - გ. ყ-ის, გ. ბ-ის, მ. მ-ის, ზ. შ-ის, გ. კ-სა, ლ. ც-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... , N... დასკვნები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნას; ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, დაკავების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ი. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატი მ. ც-ი ითხოვს მსჯავრდებულ ი. მ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ი. მ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-მა დანაშაული ჩაიდენა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული დანის გამოყენებით, რის გამოც მას სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენისას დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დანაშაულისათვის განსაზღვრული სანქციის მინიმალურ ზღვარს, რაც ამ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილისათვის შეადგენს 5 წელს.
8. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის დანაწესის თანახმად, აღნიშნულ მუხლში წარმოდგენილი საფუძვლები კუმულაციურად უნდა არსებობდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, არც რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება არ წარმოუდგენია დაცვის მხარეს, რაც საფუძველს მისცემდა საკასაციო სასამართლოს ემსჯელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა - ვალდებულება.
9. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. მ-ის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, იმსჯელა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე, დაიცვა სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, ასევე - სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები და შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ხოლო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის განსაზღვრისას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე