Facebook Twitter

საქმე # 200100123007927904

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №561აპ-25 ქ. თბილისი

ყ. ა. 561აპ-25 22 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ყ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 6 თებერვლიდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ქ. ა–ი, ……ის ქუჩის N..-ში მდებარე მ. ყ–ის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–ი მ. ყ–ს, სისტემატურად, ძალადობის გამოყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა, მის სახელზე გადმოეფორმებინა მ. ყ–ის კუთვნილი, 90000 ლარად ღირებული, ქ. თ–ში, ვ–ს დასახლების მე-.. მიკრორაიონის, N.. კორპუსის N..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და 80000 ლარად ღირებული, ქ. ა–ში, ……..ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ა. ყ–მა ჩაიდინა – გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.

1.2. 2023 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში, ქ. ა–ში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე მ. ყ–ის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თვლიდა, რომ მის დედას – მ. ყ–ს, როგორც ქალს, არ ჰქონდა უფლება, მისი ნებართვის გარეშე განეკარგა კუთვნილი თანხა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ყ–ს, რა დროსაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებებით ა. ყ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

1.3. 2023 წლის 6 თებერვალს,17:30 საათზე, შსს ა–ს პოლიციის განყოფილების დეტექტივმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი N...., რომლის მიხედვით, ა. ყ–ს 30 დღის ვადით აეკრძალა დედასთან – მ. ყ–თან – ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2023 წლის თებერვლის განმავლობაში, ქ. ა–ში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე მ. ყ–ის საცხოვრებელ სახლში, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, ა. ყ–ი, საკუთარ დედას – მ. ყ–ს, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

1.3.1. აღნიშნული ქმედებებით ა. ყ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

1.4. 2023 წლის პერიოდში ა. ყ–მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით მარიხუანა, რომელსაც 2023 წლის 3 სექტემბრამდე უკანონოდ ინახავდა ქ. ა–ში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსში. 2023 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო-მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, ნედლ მდგომარეობაში, არის ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანა, წონით – 912,37 გრამი;

1.4.1. აღნიშნული ქმედებებით ა. ყ–მა ჩაიდინა – მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ ა. ყ–ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ა. ყ–ი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ა. ყ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ა. ყ–ი საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ყ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ. აპელანტმა მოითხოვა ა. ყ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულმა ა. ყ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ჯ–მა, რომლებმაც მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად;

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ. კასატორი ითხოვს ა. ყ–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;

6.1 პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულმა ა. ყ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ჯ–მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ა. ყ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე, შესაგებლით, – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ყ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ყ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – მ. ყ–მა (გამართლებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) – ა. ყ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ასევე, – გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. ყ–ის მეუღლემ, მოწმე ნ. გ-მა ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და საგამოძიებო უწყებას არ მიაწოდა ინფორმაცია (ტ. N1; ს.ფ. 50-52). ნ. გ-თან გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, ნ. გ-მა უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების გამოკითხვასა და მათთან რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე (ტ. N1; ს.ფ. 53), ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებულისა და მოწმეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით სარგებლობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დანაშაულის შესახებ დაზარალებულის 2023 წლის 3 სექტემბრის შეტყობინება, 2023 წლის 6 თებერვლისა და 3 სექტემბრის შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები) საკმარისია ა. ყ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, რომელიმე ეპიზოდში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ა. ყ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად:

13.1. 2023 წლის 6 თებერვლის N........ შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, 2023 წლის 6 თებერვალს საცხოვრებელი სახლის გადაფორმების გამო ა. ყ–მა დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (გრაფაში – დამუქრებია თუ არა მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებით/მოკვლით/ქონების დაზიანებით, აღნიშნულია პასუხი: ,,არა”; ასევე გრაფაში – მოძალადე თქვენთან ამყარებს არასასურველ კომუნიკაციას პირადად ან მესამე პირების მეშვეობით, გითვალთვალებთ, ცხადდება თქვენს საცხოვრებელ ან/და სამუშაო ადგილთან, ხშირად გიგზავნით შეტყობინებებს და ა.შ., აღნიშნულია ასევე პასუხი: ,,არა”);

13.2. 2023 წლის 3 სექტემბრის შეტყობინების აუდიოჩანაწერის თანახმად, შსს სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის” ოპერატორთან საუბრისას მოქალაქე – მ. ყ–ი – აცხადებს, რომ: ,, ... შვილი აღარ მაჩერებს ჩემს სახლში, მლანძღავს, მცემს, მოსაკლავად მემუქრება, აღარ შემიძლია მეტის გაძლება“ (იწყებს ტირილს); მოქალაქე ითხოვს სასწრაფო დახმარებას; ოპერატორის კითხვაზე, როდის მოხდა ფაქტი, დაზარალებული განმარტავს: ,,ეხლა, ეხლა კი არა, ყოველდღეა ეს ფაქტი, მაგრამ სადამდე ვაპატიო, ყოველდღე ვარ ამ მდგომარეობაში ... ბინიდან წადიო, ჩემი ბინიდან, ბინა ჩემია ... დავიღალე, აღარ შემიძლია მეტი … ჩემს სახლში არ მაჩერებს … მემუქრება, საერთოდ მემუქრება მოკვლით ...“;

13.3. 2023 წლის 3 სექტემბრის N...... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმის თანახმად, 2023 წლის 3 სექტემბერს მოძალადე ა. ყ–ი, უძრავი ქონების გადაფორმების მოთხოვნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – მ. ყ–ს, რომელსაც გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში. ამავე მოტივით, იგი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედას: 2023 წლის 6 თებერვალს, აგვისტოს დასაწყისში და შუა რიცხვებში, 31 აგვისტოს.

14. ამდენად, 2023 წლის 3 სექტემბრის შეტყობინება არ უთითებს/აკონკრეტებს 2023 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში ჩადენილ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 2023 წლის თებერვალში – საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლო დანაშაულებზე; ასევე, არ უთითებს უძრავი ქონების მის სახელზე გადაფორმების იძულებაზე (მხოლოდ აღნიშნავს: ,,აღარ მაჩერებს ჩემს სახლში ... ბინიდან წადიო, ჩემი ბინიდან“), არათუ ბრალადწარდგენილ გამოძალვაზე.

14.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ წერილობითი მტკიცებულებები, რომლებზეც კასატორი უთითებს საკასაციო საჩივარში წინააღმდეგობივია, კერძოდ, 2023 წლის 6 თებერვლის N......... შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე მას არ დამუქრებია, მაშინ, როცა 2023 წლის 3 სექტემბრის N....... შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა. ყ–ი დედას – მ. ყ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მათ შორის, 2023 წლის 6 თებერვალს.

14.2. 2023 წლის 6 თებერვლის N........ და 2023 წლის 3 სექტემბრის N........ შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები, მართალია უთითებენ საცხოვრებელი სახლის გადაფორმების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფასა და იმავე მიზნით მუქარაზე, თუმცა ,,აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა“ (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – ა. ყ–ის მიერ მ. ყ–ის მიმართ მუქარის, გამოძალვის ან/და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ან საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას ან გადმოცემით იციან (ფლობენ) დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფირებისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა.

18. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) – ა. ყ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ა. ყ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ა. ყ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილ ფაქტის/ების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში/ჩვენებაში ასახული ინფორმაცია და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

20. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

21. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე ა. ყ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე