Facebook Twitter

¹ 3კ/798-01 29 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: შვილის მკურნალობის ხარჯების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ფ-იას და მ. კ-იას 1993 წლის 13 დეკემბერს შეეძინათ შვილი ბ. ფ-ია. ბავშვი დაიბადა მძიმე ავადმყოფი. ბ. ფ-ია დაავადებულია ფსიქიკურად, იმყოფება ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე, ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მ. ფ-ია არ უხდის ალიმენტს, თავად დედა არსად მუშაობს და უკიდურესად გაჭირვებულია. მ. ფ-იას გააჩნია საკმარისი შემოსავალი, რათა დაეხმაროს ავადმყოფ შვილს. ამ გარემოებათა გამო, მ. კ-იამ სარჩელით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. ფ-იას მიმართ და მოითხოვა შვილის ბ. ფ-იას მკურნალობისათვის 500 ლარის დაკისრება.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა მ. კ-იას სარჩელს მოპასუხე მ. ფ-იას მიმართ, მათი შვილის ბ. ფ-იას მკურნალობის დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის 500 (ხუთასი) ლარის დაკისრების შესახებ, იმ მოტივით, რომ დაავადების _ ოლიგოფრენია იმბეცილის სახით მკურნალობა არის უფასო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე მ. კ-იას მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. გარდა ამისა, მოსარჩელემ სარჩელის ფასი გაზარდა 1000 ლარამდე, რადგან შვილს დასასვენებლად წაყვანა ესაჭიროება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინებით მ. კ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში 500 ლარის დაკისრებას მოითხოვდა მოპასუხისათვის. როდესაც სასამართლომ მისი მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილა, მან სააპელაციო საჩივრის ღირებულება ყოველგვარ საფუძველზე მითითების გარეშე 1000 ლარამდე გაზარდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ღირებულების გაზრდა გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი წარმოებაში მიეღო. ამიტომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, მ. კ-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველი.

მ. კ-იამ სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გაზრდის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მის შვილს მკურნალობის გარდა ესაჭიროება სხვადასხვა კურორტებზე დასვენება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ფასის ღირებულება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იქნა გაზრდილი მოსარჩელის მიერ, ხოლო დავის თავდაპირველი ოდენობის _ 500 ლარის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საჩივრის მოტივი და თვლის, რომ მ. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ მ. კ-იას და მ. ფ-იას რეგისტრირებული ქორწინების გარეშე 1993 წლის 13 დეკემბერს შეეძინათ შვილი ბ. ფ-ია. ბ. ფ-ია დაიბადა ავადმყოფი, მისი დიაგნოზია: ოლიგოფრენია იმბეცილის სახით და ესაჭიროება მკურნალობა. მ. კ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ფ-იას მიმართ და მოითხოვა შვილის მკურნალობის ხარჯების – 500 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. კ-იას სარჩელი, რის გამოც მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა აბაშის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 აპრილს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო საჩივარში მ. კ-იამ მოითხოვა ბავშვის სამკურნალოდ მოპასუხისათვის 1000 ლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 18 ივნისის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტის მიერ დავის საგნის ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სააპელაციო სასასართლოში სააპელაციო საჩივრის განსახილველად წარმოებაში მიღება. ამის გამო მ. კ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი აპელანტს დავის საგნის გაზრდაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაში. რადგან სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, ჯერ უნდა შეემოწმებინა მ.კონჯარიას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს ღირებულების მოცულობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. კ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრების თაობაზე.

მ. კ-ია სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი ავადმყოფი შვილი საჭიროებს არამარტო ხანგრძლივ მკურნალობას, არამედ სხვადასხვა კურორტებზე დასვენებას, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან. ამდენად, მან სააპელაციო საჩივარში გაადიდა დავის საგანი. მაგრამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამდენად, მ. კ-იას დავის საგანი უნდა გაედიდებინა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის და 9 ივლისის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.