Facebook Twitter

საქმე # 120100124008634899

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №266აპ-25 თბილისი

ლ-ძე კ, 266აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ლ-ს ბრალად დაედო:

ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით;

პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით;

პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით, საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა არაერთგზის (2023 წლის 16 აგვისტოსა და 17 აგვისტოს ეპიზოდები), ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ეპიზოდი);

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. მის მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 19 ნოემბერს კ. ლ-ძე ე. და გ. გ-ის ნების საწინააღმდეგოდ, მათი წინასწარ გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, კარის ფეხის დარტყმით გაღებით, უკანონოდ შევიდა ა-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე, გ. გ-ის საცხოვრებელ სახლში და იმყოფებოდა, სანამ პოლიციის თანამშრომლებმა იგი არ დააკავეს.

2023 წლის 22 სექტემბრიდან 2023 წლის 19 ნოემბრამდე, ა-ის რაიონის სოფელ მ-ში კ. ლ-ძე ე. გ-ს სახელისგამტეხი ინფორმაციის სოფელსა და ოჯახის წევრებთან გავრცელების მუქარით, რომ იგი იყო „მსუბუქი ყოფაქცევის ქალი,“ აიძულებდა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ა-ის რაიონის სოფელ მ-ში, კ. ლ-ძე ე. გ-ს სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონულ სამმართველოში გამოცემული 2023 წლის 15 აგვისტოს N... შემაკავებელი ორდერით, კ. ლ-ეს, 30 დღით აეკრძალა ე. გ-ან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება; ამასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის N1/159-22 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა კ. ლ-მ, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი 2023 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით, 21:30 საათზე, მივიდა ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მცხოვრები ე. გ-ის საცხოვრებელ სახლში და უსაყვედურა, თუ რატომ გამოაცემინა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი (2023 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი).

შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონულ სამმართველოში გამოცემული 2023 წლის 15 აგვისტოს N... შემაკავებელი ორდერით, კ. ლ-ს, 30 დღით აეკრძალა ე. გ-ან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და ადგილსამყოფელთან მიახლოება; ამასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის N1/159-22 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა კ. ლ-მ, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და 2023 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით, 16:40 საათზე, მივიდა ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მცხოვრებ ე. გ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ე. გ-ან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი).

2023 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ე. გ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის N1/057-21 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა კ. ლ-მ, მუშტად შეკრული ხელის სახისა და თავის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა ზ. მ-ზე, რის შედეგადაც, მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით:

კ. ლ-ძე, დაბადებული .. წლის ... მარტს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

კ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით;

კ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით;

კ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და კ. ლ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით;

კ. ლ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2023 წლის 19 ნოემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 17 აგვისტოდან 2023 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი შეიცვალა:

კ. ლ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

კ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, კ. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. ლ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2023 წლის 19 ნოემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2023 წლის 17 აგვისტოდან 2023 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

5. კასატორი – ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამუნა მურჯიკნელი – ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ბრალადწარდგენილ ქმედებებში კ. ლ-ის სრულად დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

6. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლთან მიმართებით ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა დაზარალებულის პირდაპირი, უტყუარი და თანმიმდევრული ჩვენება. კასატორი აგრეთვე იშველიებს დაზარალებულის მეუღლის ჩვენებასა და შემაკავებელ ორდერებს. რაც შეეხება ადევნებას, არაერთი მტკიცებულება ადასტურებს, რომ კ. ლ-ძე ე. გ-ს სისტემატურად უთვალთვალებდა, სიტყვიერად შეურაცხყოფდა. დაზარალებული ღამით ვერ გამოდიოდა, რათა კ-ს მისთვის რაიმე არ დაეშავებინა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე. გ-მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლთან მიმართებით, კასატორი უთითებს, რომ კ. ლ-ძე ძალით, კარზე ფეხის დარტყმით, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაზარალებულების სახლში შეიჭრა.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კ. ლ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. კასატორს წარმოადგენს მხოლოდ პროკურორი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად (ესე იგი საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით), ხოლო სასჯელს კი, მიიჩნევს მსუბუქად.

10. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, (ადევნება) საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ლ-ს ბრალად დაედო პირადად, პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას. აღნიშნული ქმედება გამოიხატა იმით, რომ: უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ა-ის რაიონის სოფელ მ-ში კ. ლ-ძე ე. გ-ს სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა; ასევე, როგორც პირადად, ისე –მობილური ტელეფონის საშუალებით, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი კანონმდებელმა იმგვარად ჩამოაყალიბა, რომ ზემოხსენებული ქმედებები საბოლოო ჯამში უნდა იწვევდეს პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის იძულებას ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნიდეს. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ცხოვრების წესის“ იძულებით ცვლილებასთან მიმართებით კანონმდებელი დანაშაულის დასრულებას უკავშირებს ორ ალტერნატივას: ა) მნიშვნელოვანი შეცვლა, ე.ი. პირის ცხოვრების წესი უკვე შეცვლილია; ბ) მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, ე.ი. დამნაშავის ქმედებები ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაზარალებულმა გააგრძელოს ცხოვრება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და შერჩეული ცხოვრების წესით“ (იხ. №725აპ-19 გადაწყვეტილება). ამ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულზე მითითება ბრალის დისპოზიცისა და ფაბულაში არ გვხვდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ რელევანტურად ვერ დაასაბუთა საკითხი, კ. ლ-ის ქმედებებმა უტყუარად გამოიწვიეს თუ არა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის იძულება ან მისი შეცვლის რეალური საჭიროება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, 2023 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, მხოლოდ მოწმე გ. გ-ი აღნიშნავს, რომ ამ დღეს კ. ლ-ძე ფეხის დარტყმით, ნასვამი შევიდა გ-ის ოჯახში და ისევ ილანძღებოდა. გ. და ე. გ-ის თქმით, მათ მოუწოდეს კ. ლ-ს დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე. გ-ი დარეკავდა პოლიციაში. თავად ე. გ-ი მითითებულ დღეს კ. გ-ის მიერ მათ სახლში შეღწევის უშუალო ხერხთან დაკავშირებით არ კონკრეტდება. ამასთან, გასათვალისწინებლია ის ფაქტიც, ე. გ-ის, მისი მეუღლისა და შვილის ჩვენებების მიხედვით, კ. ლ-ძე გ-ის საცხოვრებელ სახლში მუდმივად, „როგორც ყოველთვის“, შედიოდა საკუთარი სურვილისამებრ, ყოველგვარი დაძახებისა და ნებართვის გარეშე. ეს ფაქტი გ-ის მხრიდან არ აღიქმებოდა, რომ კ. ლ-ძე უკანონოდ იჭრებოდა მათ საკუთრებაში და არღვევდა მათი ბინის ხელშეუხებლობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით თანხვდენილი საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობასთან.

12. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარისი მტკიცებულებები ვ. ლ-ის პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებით მსჯავრდებისათვისაც. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებული ინფორმაციის პირდაპირ წყაროს წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებული. მოწმე გ. გ-მა განაცხადა, რომ კ. ლ-ან ე. გ-ის მიმართ მუქარის შემცვლელი სიტყვები არ მოუსმენია, მხოლოდ ე-ან იცის, რომ კ. ლ-ძე მას ეუბნებოდა, თუ მისი საყვარელი არ იქნებოდა, მოკლავდა ე-ს. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმეების გ. გ-ის, გ. გ-ისა და ა. ლ-ძის ჩვენებები არის ირიბი ხასიათის. სხვა დამოუკიდებელი სახის მტკიცებულება, რომელიც გარდა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, უტყუარად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

13. რაც შეეხება კ. ლ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პროკურორი მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნავს, რომ იგი ითხოვს სასჯელის სამართლიანობას და არ მიუთითებს კონკრეტულ არგუმენტებზე, რომელიც თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს მისცემდა მათი საფუძვლიანობის შეფასების შესაძლებლობას, მით უმეტეს, რომ ვ. ლ-ს ამ შემთხვევაში, მსჯავრადშერაცხილ სამივე დანაშაულის ჩადენის გამო, დანიშნული აქვს ყველაზე მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა.

14. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე