საქმე N 140100124008851068
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №313აპ-25 6 აგვისტო, 2025 წელი
გ–ი გ., 313აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ თამთა გოგალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით გ. გ–ი, – დაბადებული 1990 წლის 16 მარტს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. გ–მა ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტოს საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 23 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ წ–დან ქ–ს მიმართულებით საავტომობილო გზაზე, 50-100 კმ/სთ სიჩქარით, „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილით მოძრავმა, ალკოჰოლით მთვრალმა – გ. გ–მა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და 32-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: არ გაითვალისწინა საქართველოს ყველა გზაზე დადგენილი მოძრაობის მიმართულება, ამასთან, მანევრის შესრულებისას არ დარწმუნდა, რომ საფრთხეს არ უქმნიდა საპირისპირო მიმარულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა თ. ყ. . შეჯახების შედეგად თ. ყ–მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მისი მგზავრი – თ. ა–ი, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო გ. გ–ის მგზავრმა – გ. ბ–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოთარ დოხნაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. გ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა – თამთა გოგალაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. გ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მის ქმედებაში გამოკვეთილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: ფორმალური სინანული, დაზარალებულისათვის ზიანის დაგვიანებით ანაზღაურება, პასუხისმგებლობისაგან თავის ასრიდებლად გამოძიებისათვის თავდაპირველად არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც, თითქოსდა, განპირობებული იყო მისი შოკურ მდგომარეობაში ყოფნით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება, რამდენადაც სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – გ. გ–ისათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ თამთა გოგალაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე