Facebook Twitter

საქმე # 330100124010416521

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №495აპ-25 ქ. თბილისი

ს. ა. 495აპ-25 23 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ს–ს, – პირადი ნომერი …….., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის ივლისში, თ–ში, … მოედნის, კერძოდ, …. ქუჩის N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ს–მ ლ. დ–ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა – ხელები მოკიდა ხელებზე და შეაჯანჯღარა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. ს–მა ჩაიდინა – სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში, თ–ში, ….ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ს– სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. დ–ას. კერძოდ, უთხრა, რომ დამარხავდა ,,…ს სასაფლაოზე“. აღნიშნულის შედეგად, ლ. დ–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. ს–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. 2024 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ–ში, ჭ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ს–მ ლ. დ–ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, დააგდო იატაკზე და თავში ჩაარტყა ტანსაცმლით სავსე პარკი, შემდეგ კი ხელები მოუჭირა კისრის არეში და გადაუგრიხა ხელები. აღნიშნულის შედეგად, ლ. დ–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ა. ს–მა ჩაიდინა – სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით ა. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 700 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 1500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

2.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ირაკლი ჯანგულაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ა. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ ა. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, ძირითადი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.

8. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ა. ს–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები (დევნის დაწყებისთანავე), უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ – ჯარიმა.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – ჯარიმა – განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში. სააპელაციო სასამართლომ ა. ს–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.

11.1. კასატორის მტკიცებაზე, რომ მსჯავრდებული არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს – არ გამოუხატავს აღნიშნული რაიმე ფორმით (სიტყვიერი ან/და ქმედითი); ასევე არ გამოუხატავს მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მათ შორის, ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება, წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის/სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 განჩინება; 2014 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 განაჩენი; 2022 წლის 2 მაისის №295აპ-22 და 2022 წლის 17 მაისის №354აპ-22 განჩინებები). ამასთან, „დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 , 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21 განჩინებები).

11.2. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23).

12. კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრის დასაბუთების ნაწილში აქცენტს აკეთებს გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ – შთანთქმის – პრინციპზე, თუმცა, იმავდროულად, საკასაციო საჩივრით ითხოვს მხოლოდ: ,,შეიცვალოს და გამკაცრდეს ა. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელი – ჯარიმა, უფრო მკაცრი სასჯელით – თავისუფლების აღკვეთით“. ამასთან, კასატორი არ ასაბუთებს მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განაჩენით გამოყენებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენები უკანონობას.

12.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა საკასაციო საჩივარში უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რით ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს, არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ – ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა; არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 11 თებერვლის N978აპ-24; 2025 წლის 7 მაისის №382აპ-25; 2024 წლის 20 მაისის N1442აპ-23; 2024 წლის 1 აპრილის N1168აპ-23; 2024 წლის 29 აპრილის N1193აპ-23; 2022 წლის 1 ნოემბრის N468აპ-22).

12.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 (დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება) და მე-4 (ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა) ნაწილების დანაწესებს, რომელთა თანახმადაც, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას უფლებამოსილი იყო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოეყენებინა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

12.3. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის №691აპ-24 განაჩენი).

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩადენილია – 2024 წლის ივლისში, აგვისტოსა და 10 სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაული – 2024 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრად შერაცხილი დანაშაული – 2024 წლის 23 სექტემბერს (აღნიშნული განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით), – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება აღნიშნულ დანაშაულებზე არ ვრცელდება.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

14.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

14.2. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენზე, ა. ს–ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე