საქმე № 080100124009883101
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №752აპ-25 ქ. თბილისი
შ. ნ. 752აპ-25 23 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. შ–ის, – პირადი ნომერი: ………., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:50 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში, ს….. მოედნის ტერიტორიაზე, გ. მ–ესა და არასრულწლოვან ნ. შ–ს შორის მოხდა სიტყვიერი კამათი, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა არასრულწლოვანმა ნ. შ–მა შურისძიებით, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვენა ხელში მომარჯვებული დანა, გულმკერდის არეში დაარტყა გ. მ–ეს, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება, მიღებული დაზიანების შედეგად გ. მ–ე საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა;
1.2. აღნიშნული ქმედებით ნ. შ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ნ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 3 თვით;
2.1. ნ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 27 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
3.1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ მოითხოვა ნ. შ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომლის 1/4-ით შემცირების შემთხვევაში, საბოლოოდ მოსახდელი დარჩება სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელთან მაქსიმალურად მიახლოებული სასჯელი.
3.2. მსჯავრდებულ ნ. შ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ო. ხ–ემ მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – რევაზ თოფურიამ. კასატორი ითხოვს ნ. შ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, იმ ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რომლის 1/4-ით შემცირების შემთხვევაში, საბოლოოდ ნ. შ–ს მოსახდელი დარჩება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელთან მაქსიმალურად მიახლოებული სასჯელი.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.
8. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ ნ. შ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
9. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, რომლისთვისაც მსჯავრდებულია ნ. შ–ი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ნ. შ–ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, არის ნასამართლობის არმქონე პირი, ასევე საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა – იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა – დაცვით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 6 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ტ. N4; ს.ფ.19-58)), სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა იმ ხანგრძლივობით (სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით – მინიმალური ხანგრძლივობით), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება ამკ-ის 65-ე (არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) და 75-ე (არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს) მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამკ-ის მე-4 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები; მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს; ასევე მე-9 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული; ,,ბავშვის უფლებათა“ კონვენციის მე-3 მუხლით წევრ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ – არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე სააპელაციო სასამართლოში განხილული იყო ღია სასამართლო სხდომაზე.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
16. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე – საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე