საქმე # 330100122005702907
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №409აპ-25 ქ. თბილისი
ვ. რ.,409აპ-25 25 სექტემბერი 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. თ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ვ–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 16 თებერვალს, თ–ში, სოფელ ფ–ში, გ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ვ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,2264 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა რ. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა;
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით რ. ვ–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ასევე, – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
2.1. რ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალა მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან;
2.2. რ. ვ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ვ–მა და მისმა ინტერესების დამცველი ადვოკატმა – ი. თ–ამ და მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნით) ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში რ. ვ–ის გამართლება.
3.1. მსჯავრდებულის დაკავების 2023 წლის 16 სექტემბრის ოქმის თანახმად, რ. ვ–ი დააკავეს 2023 წლის 16 სექტემბერს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. თ–ამ. კასატორი ითხოვს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში რ. ვ–ის უდანაშაულოდ ცნობას. კერძოდ, რ. ვ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებას საქართველო სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში – უდანაშაულოდ ცნობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ვ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმე – რ. მ–ის ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით/კრებსებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ნარკოტიკული საშუალება), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ. ვ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით – დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
9. მოწმე რ. მ–მა, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას, გარდა იმისა, რომ დაადასტურა მსჯავრდებულისაგან ნარკოტიკული საშუალების ფულის სანაცვლოდ შეძენა, იმავდროულად განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც რ. ვ–მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, რათა ემხილა რ. ვ–ი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება 800 ლარად უნდა მიეყიდა (13:33:38), შესაბამისად, რ. მ–მა გამომძიებელს 800 ლარი გამოართვა საკონტროლო შესყიდვისათვის, თუმცა რ. ვ–ს 400 ლარი მისცა, რადგან, როგორც მან უთხრა პატივისცემის ნიშნად 400 ლარად გაატანდა (13:34:26). შესაბამისად, საბოლოოდ 400 ლარის სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება (13:34:46; 13:46:25).
9.1. მოწმე რ. მ–ის ჩვენება შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ უდავოდ ცნობილ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან/კრებსებთან, რომელთა თანახმად, რ. მ–მა მსჯავრდებულს გადასცა ფული, რის სანაცვლოდაც მიიღო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ნარკოტიკულ საშუალება – 1,2264 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება. ამასთან, მათ შორის, მიმდინარე საუბრები შეეხება თანხას/ფასს და ნარკოტიკული საშუალების გადაცემას.
10. საკასაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რათა კანონიერად გამოვლინდეს დანაშაული, არ წარმოადგენს დანაშაულის პროვოკაციას. საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. თანამშროლობა გამოძიებასთან და, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, საკონტროლო შესყიდვების განხორციელება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს (ის.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის №1011აპ-24 განაჩენი). 11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის №844აპ-22 განაჩენი), მაგრამ მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებული პირის ქმედებები, რომელიც უკავშირდება არა მარტო ნარკოტიკული საშუალების ფორმალურად ხელიდან ხელში გადაცემას, არამედ – მათთვის კონკრეტული ფასის განსაზღვრას და მის მიერ დადგენილი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვისთვის გადაცემას, რაც ეჭვგარეშე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მიხედულებით განკარგვაში და, შესაბამისად, მათ გასაღებაში აქტიურ მონაწილეობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის N1092აპ-24 განაჩენი).
12. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები, აგრეთვე, არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტები. იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა: მოწმე რ. მ–ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, paras. 33,39, ECtHR,24/06/2008); კონკრეტულად მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე რ. მ–ისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par. 45, ECtHR,1/06/2010); არ დასტურდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras 37,51, ECtHR, 4/11/2010); საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ რ. მ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას, მსჯავრდებულის ,,მახეში გაბმას“ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება. რ. მ–ის ქმედება არ გაცდენილა ,,პასიურ როლს“, ადგილი არ ჰქონდა აქტიურობას და დაყოლიებას. მსჯავრდებულმა ყოყმანის გარეშე მიასაღა მას ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, მოწმის თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა/არ შეზღუდვია სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. იმავდროულად, რ. მ–ის ჩვენება შესაბამისობაში საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებასთან და შესაბამისად, მისი მამხილებელი ჩვენება არ არის რ. ვ–ის მსჯავრდების ერთადერთი მტკიცებულება.
13. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ.: უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება (და არც იკვეთება) რ. ვ–ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 25,260-ის მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც დაცვის მხარეს. შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ვ–ის, როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის ნაწილში. ასევე, ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილით. შესაბამისად, რ. ვ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულს სასჯელზე – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. თ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე