Facebook Twitter

საქმე # 030100124009907258

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №590აპ-25 ქ. თბილისი

შ. რ. 590აპ-25 25 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. გ–ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. შ–ას, – პირადი ნომერი: 6........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის ივლისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაახლოებით 18:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის ......... ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თ. მ–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, რ. შ–ამ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – მეუღლეს – თ. მ–ს, ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა;

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით რ. შ–ამ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

1.2. 2024 წლის ივლისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაახლოებით 18:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის .......ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თ. მ–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, რ. შ–ა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – მეუღლეს – თ. მ–ს სიცოცხლის მოსპობით – ცემით მოკვლით დაემუქრა, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია;

1.2.1. აღნიშნული ქმედებებით რ. შ–ამ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

1.3. 2024 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის ბ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თ. მ–ის და რ. შ–ას საცხოვრებელ სახლში, რ. შ–ა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს – მეუღლეს – თ. მ–ს ჯანმრთელობის დაზიანებით – კბილების დალეწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია;

1.3.1. აღნიშნული ქმედებებით რ. შ–ამ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით რ. შ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 5 თვით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. შ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

2.5. რ. შ–ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო, 2024 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 2024 წლის 11 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. შ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მ. აპელანტმა მოითხოვა რ. შ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. შ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. გ–მ. კასატორი ითხოვს რ. შ–ასათვის დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით – პირობითად ჩათვლას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს რ. შ–ასათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის რ. შ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და დავის საგანია – დანიშნულის სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. შ–ას მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

12. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობითად, ვინაიდან მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, არ არის ნასამართლევი, წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს, თუმცა აღნიშნულის (პირობების) არსებობის/დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მხედველობაში მიღებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ რ. შ–ას ჩადენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის, ცალ-ცალკე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

13. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარე კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ არ აქვს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი (დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას დაზარალებულის პრეტენზიის არსებობის შესახებ.

14. სასამართლო სასჯელის კანონიერების შეფასებისას ითვალისწინებს, როგორც სასჯელის მიზნებს, ასევე – დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ვითარებას, მოტივს/მიზეზს, რ. შ–ას ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მათ შორის, ნასამართლობის არქონას), სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე – იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეში აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახით (გირაო) შეცვლის შემდეგ (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინება; ტ. N2; ს.ფ. 18-28), აღნიშნული არ აღმოჩნდა შემაკავებელი რ. შ–ასათვის. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, გირაოს მოქმედების ფარგლებში, მას წარედგინა ბრალდება (პირის ბრალდების შესახებ 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით: 2024 წლის 16 ნოემბერს რ. შ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. მ–ს; იხ.: ტ. N2; ს.ფ. 57-59) იგივე დაზარალებულის მიმართ, კვლავ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩადენილია – 2024 წლის ივლისში (ზუსტი დრო დაუდგენელია)/2024 წლის 29 ივლისს, – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება აღნიშნულ დანაშაულებზე არ ვრცელდება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს თანახმად, „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. შ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. გ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე