Facebook Twitter

საქმე # 190100124009515499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №478აპ-25 ქ. თბილისი

ძ. გ. 478აპ-25 24 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ძ–ის, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 21 აპრილს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ. რ–ში, ........ის ქ. N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს, გ. ძ–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, მისი როგორც მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვლით, მიაჩნდა რა, რომ მის ყოფილ მეუღლეს, თ. ძ–ს უფლება არ ჰქონდა ურთიერთობა ჰქონოდა სხვა მამაკაცთან, სოციალური ქსელის მეშეობით თავის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონიდან, რომლის ნომერია +........., თ. ძ–ის კუთვნილ ტელეფონზე, რომლის ნომერია .........., მოკლეტექსტური შეტყობინების მიწერის გზით დაემუქრა მეუღლეს, თ. ძ–ს ყელის გამოჭრით სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც თ. ძ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ძ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.1. გ. ძ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან (დაკავების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ).

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. გ. ძ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ც–მ მოითხოვა გ. ძ–ის გამართლება;

3.2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ მოითხოვა გ. ძ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ძ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ც–მ. კასატორი ითხოვს გ. ძ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. საკასაციო სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის №1089აპ-24 განჩინება).

6.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. ძ–ის მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე, იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე – მსჯავრდებულის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს მსჯავრდებულ გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც–ს – საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის №695აპ-24 განჩინება).

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 44-ე, მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ც–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე