საქმე # 330100122005906477
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №493აპ-25 ქ. თბილისი
ხ. დ. 493აპ-25 25 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ხ–ის, – პირადი ნომერი: ......., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 25 მარტს, თ–ში, ..........ის გამზირის N......-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ხ–ემ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ლ. ნ–ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
1.1.1. აღნიშნული ქმედებებით დ. ხ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით;
1.2. 2022 წლის 30 მარტს, თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ხ–ემ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ლ. ნ–ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
1.2.1. აღნიშნული ქმედებებით დ. ხ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით;
1.3. 2022 წლის 5 აპრილს, თ–ში, გ……. ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ხ–ემ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ლ. ნ–ეზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;
1.3.1. აღნიშნული ქმედებებით დ. ხ–ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით დ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 25 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მარტის ეპიზოდი) –თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 30 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
2.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2.6. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და დ. ხ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
2.8. დ. ხ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 10 მაისიდან;
2.9. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ხ–ეს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატმა – თ. მ–მა. აპელანტმა მოითხოვა დ. ხ–ის გამართლება;
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა დ. ხ–ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–ემ დააზუსტეს დაცვის მხარის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვეს დ. ხ–ის გამართლება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. დ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
4.1.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ხ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 25 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
4.1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
4.1.3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ხ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
4.1.4. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 30 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
4.1.5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
4.1.5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ხ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
4.1.6. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ხ–ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
4.3. დ. ხ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 10 მაისიდან;
4.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ხ–ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ხ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. გ–ემ. კასატორები ითხოვენ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ყველა ეპიზოდში დ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
5.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 8 სექტემბრის შემოვიდა მსჯავრდებულ დ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ის განცხადება, თანდართული მოწმე მ. (მ–მ) კ–ს გამოკითხვის 2025 წლის 12 აგვისტოს ოქმის ქსეროასლით. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული ოქმი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
5.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის, ასევე მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის პრინციპებს, იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს. „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებს და იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაბამისად, დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა სათანადო გარემოებების არსებისას მიმართოს სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს დ. ხ–ის გამართლებას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ნაწილებში.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. ხ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმე – ლ. ნ–ის ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით/კრებსებით, ქიმიური (2024 წლის 3 ივლისის N.......... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერება წონით – 0,1633 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაოდენობით 0,1128 გრამს; 2024 წლის 27 ივნისის N ........ .ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერება წონით – 0,4689 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაოდენობით 0,3514 გრამს; ხოლო 2024 წლის 26 ივნისის N........... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერება წონით – 0,1724 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაოდენობით 0,1057 გრამს), 2022 წლის 20 ივლისის ფონოსკოპიური (გამოსაკვლევ ვიდეოგრამებში არსებულ აუდონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება; ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება ერთი და იგივე დიქტორი მამაკაცის ხმა), 2022 წლის 30 ივნისის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური (ვიდეოგრამებზე დაფიქსირებულია დ. ხ–ე; ვიდეოგრამებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება), ბიოლოგიური (გენეტიკური) 2022 წლის 20 დეკემბრის (პაკეტში შტრიხკოდით: ,,.......“ და წარწერით: ,,...შესაფუთი მასალა....“ მოთავსებულ შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტსა (ობ. N3) და ქაღალდის ფრაგმენტებზე (ობ. N4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დ. ხ–ეს) ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. ხ–ემ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ისე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი) – დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
8.1. ფონოსკოპიური (გამოსაკვლევ ვიდეოგრამებში არსებულ აუდონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება; ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება ერთი და იგივე დიქტორი მამაკაცის ხმა) და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური (ვიდეოგრამებზე დაფიქსირებულია დ. ხ–ე; ვიდეოგრამებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება) ექსპერტიზის დასკვნების მხედველობაში მიღებით სასამართლოსათვის გაუგებარია თუ რას გულისხმობს დაცვის მხარე, როდესაც საკასაციო საჩივარში უთითებს აუდიოჩანაწერების არაუწყვეტობაზე.
9. მოწმე ლ. ნ–ემ დაკითხვისას, გარდა იმისა, რომ დაადასტურა მსჯავრდებულისაგან ნარკოტიკული საშუალებების ფულის სანაცვლოდ შეძენა, იმავდროულად, განმარტა, რომ მას შემდეგ რაც მსჯავრდებულმა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი – ნებაყოფლობით მონაწილეობდა საკონტროლო შესყიდვებში –, რათა ემხილა დ. ხ–ე.
9.1. მოწმე ლ. ნ–ის ჩვენება შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან/კრებსებთან, რომელთა თანახმად, დ. ხ–ემ მსჯავრდებულს გადასცა ფული, რის სანაცვლოდაც მიიღო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპ-ს შემცველი ნივთიერებები. მათ შორის, 2022 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში შტრიხკოდით: ,,..........“ და წარწერით: ,,...შესაფუთი მასალა....“, მოთავსებულ შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტსა (ობ. N3) და ქაღალდის ფრაგმენტებზე (ობ. N4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დ. ხ–ეს (ობ. N7, პაკეტი, წარწერით: ,,.....ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ორ ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებული დ. ნ–ს ძე ხ–გან...“). ამდენად, დ. ხ–ის გენეტიკური პროფილის არსებობა დასტურდება 2022 წლის 25 მარტს ლ. ნ–ისგან ამოღებულ ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ-ს შესაფუთ მასალაზე.
9.2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, მოწმე ლ. ნ–ის ჩვენება, მსჯავრდებულისაგან ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენის თაობაზე, ვინაიდან შეხვედრისას მათ შორის მიმდინარეობს საუბარი გადასაცემი ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობასა და ღირებულებაზე.
10. საკასაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რათა კანონიერად გამოვლინდეს დანაშაული, არ წარმოადგენს დანაშაულის პროვოკაციას. საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. თანამშროლობა გამოძიებასთან და, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში, საკონტროლო შესყიდვების განხორციელება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს (ის.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის №1011აპ-24 განაჩენი). 11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის №844აპ-22 განაჩენი), მაგრამ მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებული პირის კონკრეტული ქმედებები, ვითარება, მოტივი და სხვა გარემოებები, რომელიც უკავშირდება არა მარტო ნარკოტიკული საშუალების ფორმალურად ხელიდან ხელში გადაცემას, არამედ – მათთვის კონკრეტული ფასის განსაზღვრას და მის მიერ დადგენილი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვისთვის გადაცემას, რაც ეჭვგარეშე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების საკუთარი მიხედულებით განკარგვაში და, შესაბამისად, მათ გასაღებაში აქტიურ მონაწილეობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვლის N1092აპ-24 განაჩენი).
12. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ნიშნები, აგრეთვე, არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტები. იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა: მოწმე ლ. ნ–ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, paras. 33,39, ECtHR,24/06/2008); კონკრეტულად მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ლ. ნ–ის და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par.45, ECtHR,1/06/2010); არ დასტურდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras. 37,51, ECtHR, 4/11/2010); საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ მოწმე ლ. ნ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას, მსჯავრდებულის ,,მახეში გაბმას“ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება. ლ. ნ–ის ქმედება არ გაცდენილა ,,პასიურ როლს“, ადგილი არ ჰქონდა აქტიურობას და დაყოლიებას. მსჯავრდებულმა ყოყმანის გარეშე მიასაღა მას ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, მოწმის თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, მოცემულ შემთხვევაში, ვერ გახდება ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. იმავდროულად, მოწმე ლ. ნ–ის ჩვენება შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებასთან და შესაბამისად, მისი მამხილებელი ჩვენება არ არის დ. ხ–ის მსჯავრდების ერთადერთი მტკიცებულება.
13. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ.: უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
13.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ დამატებითი არგუმენტაციის მოგვიანებით (საკასაციო საჩივრის შემოტანის შემდგომ) წარმოდგენის თაობაზე არაერთხელ მითითების მიუხედავად, წინამდებარე განაჩენის მიღების მომენტისათვის, არ არის წარმოდგენილი რაიმე დამატებითი სამართლებრივი დასაბუთება (№გ-1521-25 წერილით წარმოდგენილი მოწმის გამოკითხვის ოქმის გარდა).
13.2. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას.
13.3. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ზოგადად, არგუმენტაციისა და კონკრეტიზაციის გარეშე, უთითებს დასკვნით სიტყვაზე, რომელშიც მისივე განმარტებით, აღნიშნული ჰქონდა სადავო/საკვანძო საკითხები, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია არამხოლოდ ის თუ კონკრეტულად რომელ (რომელი ინსტანციის სასამართლოში წარმოთქმულ) დასკვნით სიტყვას გულისხმობს კასატორი, არამედ ისიც, დასკვნის სიტყვაში მის მიერ წამოჭრილი რომელი კონკრეტული სადავო საკითხი დატოვა ღიად ან არასწორად გადაწყვიტა შესაბამისმა სასამართლომ (რომელთანაც ისარგებლა დასკვნითი სიტყვით).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ხ–ის, როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების ნაწილშიც.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ხ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე