Facebook Twitter

საქმე # 120100120004111018

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №395აპ-25 თბილისი

გ-ია ბ, 395აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. გ-ამ ჩაიდინა:

თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

2. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ბ. გ-ია ყოფილ მეუღლეს, თ. ს-ეს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, 2020 წლის 4 სექტემბრამდე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ექცეოდა დამამცირებლად, ულახავდა ღირსებასა და პატივს, რამაც გამოიწვია თ. ს-ის ფსიქოლოგიური ტანჯვა და რის გამოც, 2020 წლის 4 სექტემბერს, ბ-ში, ვ-ის ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს-მ დანის გამოყენებით სცადა თვითმკვლელობა;

2020 წლის მარტი-აპრილის თვეში, ბ-ში, ვ-ის ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, სადარბაზოში, ბ. გ-ამ ყოფილ მეუღლეს, თ. ს-ეს, ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად უბიძგა და მიაჯახა ლითონის მესერზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2020 წლის დაახლოებით, მარტსა ან აპრილში, ბ-ში, ვ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. შ-ის საცხოვრებელ სახლში, ბ. გ-ია ყოფილ მეუღლეს, თ. ს-ეს ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;

2020 წლის 4 სექტემბერს, ბ-ში, ვ-ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. გ-ია ყოფილ მეუღლეს, თ. ს-ეს, ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით:

ბ. გ-ია, დაბადებული .. წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 140 საათით.

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტისა და აპრილის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით.

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა (საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ბ. გ-ას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.

ბ. გ-ას სასჯელის მოხდად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2020 წლის 5 სექტემბრიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.

ბ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 5000 ლარი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენით:

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ ბ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში ბ. გ-ას მიმართ, შევიდა ცვლილება;

ბ. გ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 140 საათით;

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტისა და აპრილის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით;

ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. გ-ას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით;

ბ. გ-იას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2020 წლის 5 სექტემბრიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.

5. კასატორი – ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამუნა მურჯიკნელი – ითხოვს ბ. გ-ას დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილი ყველა მუხლით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. პროკურორი საკასაციო საჩივარში მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ შორის ყურადღებას ამახვილებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, თ. ს-ძე ბ. გ-ას ქმედებებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. პროკურორი აღნიშნავს, რომ გამოკვლევის ნაწილში როგორც ექსპერტი ამბობს, მომხდართან დაკავშირებით, თ. ს-ს საუბრისას უვლინდება შიში, უმწეობის განცდა, იმედგაცრუება და ემოციური დათრგუნულობა. მოცემულ საქმეში დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია არაერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულებით, მათ შორის მ. ფ-ის ჩვენებით. თ. ს-ს გაღიზიანებაზე, ნერვიულობასა და ფსიქო-ემოციურ აშლილობაზე საუბრობს მოწმე ნ. გ-იც. პროკურორი არ ეთანხმება სასჯელს და აღნიშნავს, რომ ბ. გ-ია დანაშაულს არ აღიარებდა. ამასთან, მას რამდენიმე ეპიზოდი აქვს ჩადენილი.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კასატორს წარმოადგენს მხოლოდ პროკურორი, რომელიც ითხოვს ბ. გ-ას მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას; ასევე, მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

10. მოცემულ შემთხვევაში, ბ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის მარტისა და აპრილის თვის ეპიზოდი) და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი), ხოლო გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს გამამართლებელი განაჩენისა და ბ. გ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილს.

11. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და მიაჩნია, რომ ბ. გ-ას მიერ თ. ს-ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა უტყუარად დადასტურებული არ არის.

12. უშუალოდ ამ ფაქტის ირგვლივ წარმოდგენილია დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 4 სექტემბერს, ბ. გ-იამ მთელი ქუჩის გასაგებად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხმაურზე ორი კორპუსი გამოვიდა გარეთ, მათ შორის იყო მათი მეზობელი, მ. ფ-ეც, რომელმაც დამშვიდების მიზნით, იგი დედის სახლში აიყვანა. მ-მ უთხრა, რომ შვილები ჰყავდა და მათ სჭირდებოდა, თუმცა დაზარალებულისთვის ამდენი დამცირება სახალხოდ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მოწმემ სამზარეულოს უჯრიდან ამოიღო დანა, მიიტანა ყელთან და თქვა, რომ ,,სიცოცხლე აღარ უნდოდა“, სურდა თავის მოკვლა, რადგან ეს ყველაფერი რთული იყო მისთვის და გამოსავალს მხოლოდ თავის მოკვლაში ხედავდა. ამ დროს მ. ფ-ემ უცებ დანა გააგდებინა ხელიდან. დაზარალებულის განმარტებით, მ-ია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დაასრულებდა სიცოცხლეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რომელ დანაზეც მან (თ. ს-მ) მიუთითა, ის დანა ამოიღო პოლიციამ. დანა იყო საშუალო ზომის, შავტარიანი.

13. მოწმე მ. ფ-ის ჩვენებით, კივილის ხმაზე გამოვარდა გარეთ და დაინახა, რომ ბ. გ-ია და თ. ს-ძე კამათობდნენ, ჩხუბობდნენ. მოწმემ თ-ა გამოარიდა სიტუაციას და აიყვანა სახლში. თ-ნა იყო გაფითრებული, ხმა უკანკალებდა. მისცა წამლები, დაალევინა კორსიზი და ეუბნებოდა, რომ ნუ უსმენდა მას; შვილების დედაა და ასე თუ გააგრძელებდა, გაინადგურებდა თავს და გაგიჟდებოდა. თ-მ მოწმეს უთხრა, რომ ბ-მა მას შეურაცხყოფა მიაყენა და რაღაც კონკრეტულ სიტყვებს ეძახდა. ამ საუბარში გამოაღო თ-მა სამზარეულოს უჯრა და აიღო შავი პურის საჭრელი დანა. აი იმ წუთებში, თ-მა დანა რომ ამოიღო და ზემოთ ასწია, მ. ფ-მ მაგ მომენტში სტაცა ხელი დანას და დააგდებინა ხელიდან. იმავდროულად თ-ს უთხრა, რას სჩადიოდა და ორივე ხელით ,,შეაჯანჯღარა“. ადრე თ-რი მას ელაპარაკებოდა ხოლმე თვითმკვლელობაზე; ეკითხებოდა, ადამიანმა თვითმკვლელობა რომ ჩაიდინოს, რა უნდა გააკეთოს, რომ მტკივნეული არ იყოსო.

14. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, თ. ს-ის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან გამოძიებამ ამოიღო ერთი, ყავისფერტარიანი, ,,სამზარეულოს“ დანა.

15. როგორც იკვეთება თ. ს-მ მიუთითა, რომ სამზარეულოს უჯრიდან ამოიღო დანა, მიიტანა ყელთან და თქვა, რომ ,,სიცოცხლე აღარ უნდოდა“; მოწმე მ. ფ-ის ჩვენებით, კი იმ წუთებში, თ-მ დანა რომ ამოიღო, ზემოთ ასწია და მაგ მომენტში სტაცა ხელი დანას და დააგდებინა თ-ას ხელიდან. იმავდროულად, თ-რს ჰკითხა, რას ჩადიოდა იგი და ორივე ხელით ,,შეაჯანჯღარა“. გარდა იმისა, რომ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მოწმეთა ჩვენებებს შორის თანხვდენა არ იკვეთება, დამატებით გასათვალისწინებელია, მოწმე ნ. გ-ის ჩვენებაც (ექიმი), რომელმაც განმარტა, რომ 4 სექტემბერს მორიგე იყო სამსახურში, რა დროსაც სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ მიიყვანა თ-ი საავადმყოფოში. თ-ს სხეულსა და ყელის არეში რაიმე ნაკაწრი ან სიწითლე არ აღენიშნებოდა.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც თავის მხრივ, საჩივრის დასაშვებობისა და პირის მოცემულ ბრალდებაში გამტყუნების წინაპირობას შექმნიდნენ. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

17. რაც შეეხება სასჯელს, მისი დანიშვნის დროს სააპელაციო სასამართლომ შეაფასა აპელანტის არგუმენტები; ამავდროულად, გაითვალისწინა ბ. გ-ას პიროვნული მახასიათებლები, დაზარალებულის პოზიცია (არ სურს მსჯავრდებულის ყველაზე მკაცრი ღონისძიებით დასჯა), ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი. პროკურორს არ მიუთითებია არგუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მიერ დანიშნულ სასჯელს არასამართლიანად მიიჩნევდა.

18. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე