საქმე # 190100124009885069
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №430აპ-25 ქ. თბილისი
ფ-ი გ, 430აპ-25 30 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
1.1. გ. ფ-ი, - დაბადებული .. წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2024 წლის მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,109-ე მუხლის „ბ“, „თ“ „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 22 მაისიდან.
1.2. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ფ-მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს ბ.ნ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხ-ი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ-მა ჩაიდინა ორი პირისა და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნითა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. ფ-ი მეუღლეს - მ. ს-ს, თანაცხოვრების პერიოდში, 2023 წლის აპრილიდან და მასთან ფაქტობრივი დაშორების შემდეგაც უზღუდავდა თავისუფლად ცხოვრებისა და სხვა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. მათ შორის, მიუღებლად მიიჩნევდა მასთან დაშორებასა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების ფაქტს დედის - ი. ბ-ის ოჯახში. გ. ფ-ს მიაჩნდა, რომ მ. ს-ს, როგორც ქალს, სახლიდან გასვლის, ჩაცმის სტილის არჩევის, მშობლების ან ნათესავების ოჯახში სტუმრობისა და მათთან მობილური ტელეფონით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდა და მეუღლის გაკონტროლების უპირატესობა მხოლოდ მას, როგორც მამაკაცს, ეკუთვნოდა. აღნიშნულის გამო, 2024 წლის მარტში, მ. ს-ძე იძულებული გახდა, ფაქტობრივად დაშორებოდა მეუღლეს და საცხოვრებლად, მცირეწლოვან შვილთან ერთად, დედის - ი. ბ-ის ოჯახში გადასულიყო, რასაც დაუშვებლად მიიჩნევდა გ. ფ-ი.
· 2024 წლის 22 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. რ-ში, დ-ის ქუჩის N...-ში მდებარე ,,გ-ან’’ გ. ფ-მა მეუღლეს - მ. ს-სა და სიდედრს - ი. ბ-ს, ქუჩაში, ჩვილ თ. ფ-თან ერთად საბავშვო ეტლით ქვეითად გადაადგილებისას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დამტკიცების უშედეგო მცდელობისას, მისსავე სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან, მრავალჯერადი გასროლის შედეგად მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ. ფ-მა ჩადენილი ქმედებით საფრთხე შეუქმნა ეტლში მყოფი, 6 თვის შვილის - თ. ფ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
· 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, გ. ფ-ი ქ. რ-ში, მე-.. მ/რ, მე-1... კორპუსი, ბინა N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს-ს გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად უზღუდავდა თავისუფლად ცხოვრებისა და სხვა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. მათ შორის, მიუღებლად მიიჩნევდა მასთან დაშორებისა და მ. ს-ის მიერ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების ფაქტს დედის - ი. ბ-ის ოჯახში. გ. ფ-ს მიაჩნდა, რომ მ. ს-ს, როგორც ქალს, სახლიდან გასვლის, ჩაცმის სტილის არჩევის, მშობლების ან ნათესავების ოჯახში სტუმრობისა და მათთან მობილური ტელეფონით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდა და აღნიშნულის გაკონტროლების უპირატესობა ეკუთვნოდა მხოლოდ მას, როგორც მამაკაცს. აღნიშნულმა ქმედებებმა დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2024 წლის მარტში, გ. ფ-მა, ქ. რ-ში, მე-.. მიკრორაიონში, მე-... კორპუსში, ბინა N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელში მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს-ეს, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების მიზნით, ყელში ხელების ძლიერი, ხანგრძლივი და არაერთჯერადი მოჭერის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ. ფ-ის გათავისუფლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ დასკვნას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. ს-ის ჩვენებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ფ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2024 წლის მარტის ეპიზოდი) და 111,109-ე მუხლის „ბ“, „თ“ „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
7. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს დაარღვიეს მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
8. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
9. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ფ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე