Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\858 12 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: უნებართვო მშენებლობის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ზ. და რ. ს-ძეების მიმართ და მოითხოვა მათ მიერ ყრუ კედელში უნებართვოდ გამოჭრილი ფანჯრის ამოშენება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა.

2000 წლის 19 სექტემბერს სააპელაციო საქმის განხილვისას აპელანტმა და მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა. მორიგების აქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

საქმის წარმოება შეწყვეტილიყო იმ პირობით, რომ თ. მ-შვილის მიერ რ. ს-ძის მომიჯნავე, მის კუთვნილ ნაგებობაზე კედლის აღმართვის შემთხვევაში რ. ს-ძეს არ ექნებოდა პრეტენზია მ-შვილის წინააღმდეგ სადავო სარკმლის ჩაბნელებასთან დაკავშირებით და ღიობი დარჩენილიყო უცვლელად კედლის ამოშენებამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, დამტკიცდა მორიგება და მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.

თ. მ-შვილმა კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი არის მოხუცებული და არ უვარგა მხედველობა, რადგან იმ დღეს წნევა ჰქონდა და მოერიდნენ მის განერვიულებას, მისმა წარმომადგენელმა და რძალმა არასწორად განუმარტეს მორიგების შინაასრი და შეიყვანეს შეცდომაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმესთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის მოტივებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილია, რომ მორიგების აქტი შედგენილ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით. მხარეები უშუალოდ გაეცნენ მორიგების აქტის შინაარსს. იგი, ასევე, ხმამაღლა იქნა წაკითხული, რის შემდეგაც მისი სისწორე დაადასტურეს მხარეებმა და თ. მ-შვილის წარმომადგენელმა ა. გ-იამ. აღნიშნული დასტურდება სხდომის ოქმითაც, რომლის შინაარსზეც მხარეებს შენიშვნები არ შეუტანიათ.

სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით ირკვევა, რომ თ. მ-შვილს ა. გ-იასათვის სხვა უფლებებთან ერთად მინიჭებული ჰქონდა საქმის მორიგებით დამთავრების უფლებაც. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს თ. მ-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს და არასწორად განუმარტეს მორიგების აქტის შინარსი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 19 სექტემბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.