საქმე №190100124009097336
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №411აპ-25 ქ. თბილისი
მ. ე. 411აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ე. მ–ს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ჩადენილი ძალადობით, ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით.
ე. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე. მ–ი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2024 წლის 3 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, მივიდა ქ. რ–ში, .......ს ქუჩის N..-ში მდებარე „............ საავადმყოფოში“ და ითხოვა მედიკამენტის „დიაზეპამის“ გაკეთება. მას შემდეგ, რაც კლინიკის თანამშრომლებმა უარი განუცხადეს მედიკამენტის გაკეთებაზე, გაბრაზებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, მარჯვენა ხელი დაარტყა კლინიკის მიმღების მაგიდაზე განთავსებულ დამცავ ფარს, აიღო დამცავი ფარის დამჭერი ლითონი და ერთხელ, თავის არეში ჩაარტყა დაცვის სამსახურის თანამშრომელს ბ. ტ–ს, რა დროსაც ბ. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. მ–ის დამშვიდებას შეეცადნენ კლინიკის თანამშრომლები, თუმცა, იგი განაგრძობდა ხმამაღლა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების მიმართ. ე. მ–მა ზემოაღნიშნული ქმედებით სს „........ საავადმყოფოს“ მიაყენა 60 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც შეფერხდა კლინიკის ფუნქციონირება.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ე. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ე. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 4 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა მოითხოვა ე. მ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის ჰუმანური სასჯელის განსაზღვრა.
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მსჯავრდებული იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის პირობებში და სრულად ვერ აცნობიერებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას. იმავდროულად, დაცვის მხარემ მოითხოვა ე. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენით დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მაგრამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ე. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით შეუმცირდა და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. ე. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 4 მარტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა. კასატორები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, ე. მ–ისათვის სასჯელის სახით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და შემდგომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ე. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
7.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ე. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
9. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
10. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
11. ე. მ–ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით.
12. სასამართლო, ე. მ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (აღიარება, შეზღუდული შერაცხადობა) ერთად ასევე ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს (ძალადობის გამოყენებით), ადგილს (საავადმყოფო), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ხელი დაარტყა კლინიკის მიმღების მაგიდაზე განთავსებულ დამცავ ფარს, აიღო დამცავი ფარის დამჭერი ლითონი და ერთხელ, თავის არეში ჩაარტყა დაცვის სამსახურის თანამშრომელს), მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ე. მ–ის პიროვნებას, წარსულს (არაერთხელ ნასამართლევია განზრახი დანაშაულებისთვის), დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზეზს.
12.1. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით ე. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) დანიშნული სასჯელის ზომა (მინიმალურთან მიახლოებული ვადით თავისუფლების აღკვეთა) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე ან/და ზომა „აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
17. ე. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე