საქმე № 330100123008009623
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №410აპ-25 ქ. თბილისი
ხ. ბ., 410აპ-25 29 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ხ–ს, - პირადი ნომერი: ........, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ........ .. ჩიხი N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ხ–მა იძალადა მეუღლეზე - გ. მ–აზე. კერძოდ, ბ. ხ–მა ხელი ჰკრა გ. მ–ას მხრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.
ბ. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, ქ.თ–ში, ........ის .. ჩიხი N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ხ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - გ. მ–ას. კერძოდ, მან უთხრა, რომ მოკლავდა თუ სადმე წავიდოდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენით:
2.1. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ბ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. ბ. ხ–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განაჩენი ბ. ხ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ბ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც ბ. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა.
8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ბ. ხ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. დაზარალებულმა გ. მ–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
11. ,,სსიპ 112- დან” გამოთხოვილი 2023 წლის 6 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინება (რომლის თანახმად, ზარის ინიციატორი გ. მ–ა ითხოვს დახმარებას და ოპერატორს ატყობინებს, რომ მეუღლე - ბ. ხ–ი ბავშვთან ერთად წასვლის უფლებას არ აძლევს. არ საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას) არ შეიცავს ინფორმაციას ბ. ხ–ის მიერ მუქარისა და ძალადობის შესახებ.
12. პატრულ-ინსპექტორები: გ. ფ–ე და რ. ი–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან ძალადობისა და მუქარის ფაქტებს და მათთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
13. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმე რ. გ–ს (იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სავარაუდო შემთხვევის დროს) ჩვენებით, არ დასტურდება ბ. ხ–ის მიერ გ. მ–ას მიმართ მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მოწმე უთითებს, აღნიშნულ პირებს შორის მხოლოდ სიტყვიერ კამათზე (იხ.: ტ.1, ს.ფ.87-90).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება ბ. ხ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების სამტკიცებლად შემაკავებელ ორდერზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე, აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი ბ. ხ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.
15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ბ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განაჩენზე ბ. ხ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე