Facebook Twitter

საქმე # 010100124009098798

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №608აპ-25 ქ. თბილისი

ი. ლ. 608აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ლ. ი–ის, – პირადი ნომერი: .........., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის .... რაიონული სამმართველოს .......ს განყოფილების გამომძიებელმა – ხ. ნ–ემ ლ. ი–ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი N........, რომლითაც მოძალადე ლ. ი–ეს 30 დღით აეკრძალა თავისი ოჯახის წევრთან, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. წ–ესთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;

1.1.1. 2024 წლის 2 მარტიდან 5 მარტამდე დროის მონაკვეთში, ლ. ი–ემ მობილური ტელეფონით მ. წ–ესთან არაერთხელ დაამყარა კომუნიკაცია და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან მ. წ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითიც დაარღვია 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ........ რაიონული სამმართველოს ......ს განყოფილების გამომძიებლის – ხ. ნ–ის მიერ გამოცემული N... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

1.1.2. აღნიშნული ქმედებით ლ. ი–ემ ჩაიდინა – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. 2024 წლის 3 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ლ. ი–ე მობილური ტელეფონით ქ. ქ–ში, ..... ქუჩის ... მყოფ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ორსულ მ. წ–ეს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან მ. წ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ი–ემ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

1.3. 2024 წლის 5 მარტს, დაახლოებით 21:20 საათზე, ლ. ი–ე მობილური ტელეფონის გამოყენებით, ქ. ქ–ში, .... ქ. N...-ში მყოფ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინაწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ორსულ მ. წ–ეს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან მ. წ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ი–მ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

1.4. 2024 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ლ. ი–ე მობილური ტელეფონით ქ. ქ–ში, ……..ის ქუჩის N...-ში მყოფ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინაწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ორსულ მ. წ–ეს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან მ. წ–ემ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ი–მ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

1.5. 2024 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ქ–ში, …… ქუჩის N..., ბინა N..-ში მდებარე მ. წ–ის საცხოვრებელ სახლთან, ლ. ი–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მ. წ–ეს, რის გამოც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.5.1. აღნიშნული ქმედებით ლ. ი–ემ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ლ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 5 მარტის 21:20 სთ. ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 5 მარტის 22:30 სთ. ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ი–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით;

2.7. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2024 წლის 6 მარტიდან – 2024 წლის 7 მარტის ჩათვლით, 2024 წლის 28 აპრილიდან – 2024 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით), ლ. ი–ე მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

2.8. ლ. ი–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ მოითხოვა ლ. ი–ისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრება;

3.2. მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. ხ–მა და მ. მ–ემ მოითხოვეს ლ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა; ასევე, ლ. ი–ისათვის მუქარის სხვა ეპიზოდებიდან მაკვალიფიცირებელი გარემოების – დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ ჩადენის – ამორიცხვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. მ–ემ. კასატორი ითხოვს ლ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებში (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობას; ასევე, ლ. ი–ისათვის მუქარის სხვა ეპიზოდებიდან მაკვალიფიცირებელი გარემოების – დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ ჩადენის – ამორიცხვას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებში (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობა. იმავდროულად, მუქარის სხვა ეპიზოდებიდან მაკვალიფიცირებელი გარემოების – დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ ჩადენის – ამორიცხვა.

7.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, ჩაიდინა თუ არა ლ. ი–ემ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული; ასევე - მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 3 მარტის, 5 მარტის 21:20 სთ-ის და 5 მარტის 22:30 სთ-ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა თუ არა წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ი–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) განსაზღვრული – დანაშაულის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ:

8.1. დაზარალებულმა მ. წ–ემ განმარტა, რომ 2024 წლის 27 აპრილს ლ. ი–ე მივიდა მასთან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ იყო მისი ლანდი და არ აცოცხლებდა (14:19:02). აღნიშნულ დროს იგი იმყოფებოდა მ. ხ–თან და ნ. კ–სთან ერთად. მათ შორის, მ. ხ–ი უშუალოდ შეესწრო მუქარის ფაქტს, ხოლო ნ. კ–ე იყო ოთახში და გამოვიდა მაშინ, როდესაც ლ. ი–ე ჩადიოდა კიბეზე (14:18:20). მუქარისას გაუჩნდა მყისიერი შიში. შიში რომ არა, პოლიციას არ მიმართავდა (14:20:01);

8.2. მოწმე მ. ხ–მა დაადასტურა, რომ 2024 წლის 27 აპრილს ლ. ი–ე მართლაც მივიდა დაზარალებულ მ. წ–ესთან და დაემუქრა, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა და იქნებოდა მისი ლანდი. მომხდარის გამო, დაზარალებული იყო შეშინებული და მისცეს დამამშვიდებელი (16:40:13; 16:43:17). თავადაც (მ. წ–ეც) ამბობდა, რომ მსჯავრდებულის ეშინოდა (16:45:07). მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ნ. ოთახიდან მათთან გავიდა, ლ. ი–ეს ერთი სართული უკვე ჩავლილი ჰქონდა (16:44:27).

8.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებულ მ. წ–ისა და მოწმე მ. ხ–ის ჩვენებები არ დაადასტურა მოწმე ნ. კ–ემ, რის გამოც, ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენების თანახმად, 2024 წლის 27 აპრილს, იგი იმყოფებოდა მ. ხ–თან და მ. წ–ესთან ერთად, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში (16:19:27). იგი ცალკე ოთახში კომპიუტერთან მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ყურსასმენი ეკეთა, ხმამაღალი საუბარი გაიგო (16:20:00). ამასთან, როდესაც დაზარალებულთან გავიდა, იგი აღელვებული (16:20:27) და შეშინებული (16:31:51) დახვდა.

8.3.1. მართალია, ნ. კ–ეს ადგილზე მსჯავრდებული არ დაუნახავს, მხოლოდ კიბეზე ჩარბენის და საუბრის (ლ-ს ხმამაღალი შეძახილი – ,,თავს არ დაგანებებ“ და მსგავსი შინაარსის) ხმა ესმოდა, ამასთან, დაკითხვისას აღნიშნული დეტალურად აღარ ახსოვს (16:22:23; 16:24:43), ვინაიდან 2018 წელს მიღებული ტრავმის გამო, აქვს მეხსიერების პრობლემა (16:26:25)), თუმცა მოწმემ დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმზე დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა და ოქმში ასახული ინფორმაცია არის ის, რაც გამოკითხვის დროს ახსოვდა (16:23:15; 16:26:40). ამჟამად კი, რაც ახსოვს, არის ის, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული (16:31:51), დასჭირდა დამამშვიდებელი. მას შემდეგ, რაც დაზარალებული დამშვიდდა, წავიდნენ პოლიციაში და განაცხადეს მომხდარის შესახებ (16:30:04).

8.3.1.1. შესაბამისად, მოწმე ნ. კ–ის ჩვენება, არათუ ეწინააღმდეგება დაზარალებულ მ. წ–ისა და მოწმე მ. ხ–ის ჩვენებებს, არამედ, ადასტურებს მათ. კერძოდ, მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების მსგავსად, მოწმე ნ. კ–ემ დაადასტურა, როგორც 2024 წლის 27 აპრილს დაზარალებულის სახლში მ. ხ–თან ერთდ ყოფნის, ისე – ლ–ს კიბეებზე ჩარბენის, ხმამაღალი საუბრისა და დაზარალებულის აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტები.

8.4. იმავდროულად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას ან/და მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მათი ჩვენებების სანდოობას.

8.5. ამდენად, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, ლ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) უდანაშაულობის შესახებ.

9. სასამართლო , უსაფუძვლობის გამო, ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაზარალებული მ. წ–ე არ ყოფილა ორსულად და შესაბამისად, ლ. ი–ეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2024 წლის 3 მარტის, 5 მარტის 21:20 სთ-ის და 5 მარტის 22:30 სთ-ის ეპიზოდები) მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი ნიშანი – ,,წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ” და ითვალისწინებს, რომ წინასასამართლო სხოდმის 2024 წლის 24 აპრილის ოქმის თანახმად, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებები და ისინი დამტკიცდა, როგორც უდავო მტკიცებულება, მათ შორის:

9.1. დაზარალებულ მ. წ–ის გამოკითხვის 2024 წლის 5 მარტის ოქმი, რომლის თანახმად, მ. წ–ე 2024 წლის იანვრიდან იყო ორსულად, რაც ცნობილი იყო მსჯავრდებულისათვის (ტ. N2; ს.ფ. 3-7);

9.2. დაზარალებულ მ. წ–ის გამოკითხვის 2024 წლის 12 აპრილის ოქმი თანახმად, 2024 წლის 5 მარტს მ. წ–ე იყო ორსულად, თუმცა 2024 წლის 5 მარტის შემდეგ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუწყდა ორსულობა (ტ. N2; ს.ფ. 209-211);

9.3. ლ. ი–ის და მ. წ–ის სატელეფონო მიმოწერები, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ლ. ი–ისთვის ცნობილი იყო მ. წ–ის ორსულობის შესახებ. კერძოდ, მიმოწერების თანახმად, მსჯარდებული არაერთხელ უთითებს აღნიშნულზე, მათ შორის: ,,მშვიდობით შვილი რომ დაიბადება” (ტ. N2; ს.ფ. 154), ,,დღეს ჩემი შვილის დედას, დედობას უნდა ვულოცავდე …” (ტ. N2; ს.ფ. 160), ,,… აქ შვილზეა საუბარი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ შემდეგში არ დაზარალდეს ჩვენი შვილი … მე ჩემს შვილზე უარს არ ვიტყვი” (ტ. N2; ს.ფ. 166), ,,…სანამ ჩემი ცოლი გქვია და ჩემს შვილს ატარებ მუცლით, ყველგან მოვალ და ვერავინ დამიშლის” (ტ. N2; ს.ფ. 165).

9.4. დაზარალებულ მ. წ–ის გამოკითხვის 2024 წლის 12 აპრილის ოქმის გათვალისწინებით (2024 წლის 5 მარტის შემდეგ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუწყდა ორსულობა), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ 27 აპრილის ეპიზოდში მსჯავრდებულს წარედგინა ბრალი აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ დაზარალებული საერთოდ არ იყო ორსულად.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ი–ის როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის ნაწილში. ასევე, ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, ლ. ი–ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).

11.1. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.

13. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე