საქმე # 080100123006982152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №330აპ-25 ქ. თბილისი
კ. გ. 330აპ-25 2 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ. კ–ეს, - .........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 17 დეკემბერს, გ. კ–ე იმყოფებოდა ქ. ხ–ში, ა–ს ქუჩის N...-ში მდებარე ძმების – ო. და დ. კ–ების საცხოვრებელ ბინაში, რომელშიც სხვა პირებთან ერთად, აღნიშნავდა დ. კ–ის დაბადების დღეს და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. იმავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მ. მ–ის საცხოვრებელი ბინის წინ, ღია აივანთან ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ მ. მ–ი, გ. ჩ–ე, გ. ჩ–ე და სხვა პირები. დაახლოებით 21:00 საათზე, ძმების – ო. და დ. კ–ების საცხოვრებელი ბინის ეზოში ჩავიდნენ სტუმრები: ი. მ–ი და ს. ბ–ე, რომლებიც შეკამათდნენ მ. მ–ისა და გ. ჩ–ესთან. კამათის დროს ეზოში ჩავიდა დ. კ–, ვ. ა–ი და ო. კ–ე, მათთან ერთად იმყოფებოდნენ გ. კ–ე და გ. ფ–ა. კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ. კ–ე, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ფეხებითა და ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემა მ. მ–ის და გ. ჩ–ეს, რომლებსაც აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც გაგრძელდა 10-15 წუთს. ყვირილის დროს ბინის ეზოში შეიკრიბნენ იქ მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც ისინი გააშველეს.
1.1.2. განზრახ მკვლელობა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ხ–ში ა–ს ქუჩის N..-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ეზოში, გ. კ–ემ სიტყვიერი კამათისა და ფიზიკური დაპირისპირებისას, განაწყენებულმა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვენა ხელში მოიმარჯვა გასაშლელი დანა, რომელიც ორჯერ დაარტყა გულმკერდის არეში გ. ჩ–ეს. მიღებული დაზიანების შედეგად გ. ჩ–ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ. კ–ე მიიმალა და თან წაიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
2.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. გ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. მ– ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას; ალტერნატივის სახით, თუ სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ გ. კ–ის ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, – მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვდა გ. კ–ის მონაწილეობით ჩატარებული უკლებლივ ყველა საგამოძიებო მოქმედების (მათ შორის: საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმის, დაკავების ოქმის) და მათ საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების – დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად და მათ არგაზიარებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.2.1. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2.2. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. მსჯავრდებულ გ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 18 დეკემბრიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მის უდანაშაულოდ ცნობას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში) სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოწმეთა: ს. ბ–ის, დ. კ–ის, ი. მ–ის, ვ. ა–ისა და გ. ფ–ას ჩვენებების სარწმუნოობის შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულმა პირებმა შემთხვევის ადგილზე გ. კ–ისა და გ. ჩ–ის ქმედებების შესახებ გამოძიების ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციისაგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. ამასთან, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე გ. კ–ისა და გ. ჩ–ის ქმედებების შესაფასებლად არაინფორმატიულია. კერძოდ,
9.1. ს. ბ–ის ჩვენების თანახმად, 2022 წლის 17 დეკემბერს, გ. კ–ე მათთან ერთად იყო სუფრაზე, სუფრის შემდეგ კი გ. კ–ე არ ახსოვს, არც სხვები ახსოვს, რადგან იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 16:44:57-16:45:38), მეორე ჩხუბის დეტალებს ვერ იხსენებს, ვერც იმას ხედავდა ვინ ვის ურტყამდა (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 16:37:10-16:39:26), გ. ჩ–ე იყო თუ არა მეორე ჩხუბში არ ახსოვს, ალბათ იქნებოდა, შემთხვევის ადგილზე გ. კ–ე არ დაუნახავს, არც პირველი და არც მეორე ჩხუბის დროს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 16:54:43-16:55:58), პოლიციის განყოფილებაში გაიგო, რომ ადამიანი იყო გარდაცვლილი (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 16:43:10-14:43:30).
9.1.1. მოწმემ არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად დაინახა მ. მ–ის შემდეგ, გ. კ–ე როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად გ. ჩ–ეს, რომელიც ასევე ჩავარდა აივნებს შორის და მიუთითა, რომ მსგავსი რამ არ ახსოვს და ალბათ არც დაუნახავს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 16:41:28-16:42:58).
9.2. ო. კ–ემ მიუთითა, რომ გ. ჩ–ე ჩხუბის დროს არ დაუნახავს. მოწმემ ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გაკეთებული განმარტება, რომ როდესაც მ. მ–ის ეჩხუბებოდნენ ი. მ–ი, გ. ფ–ა და გ. კ–ე მათთან მივიდა გ. ჩ–ე, რომელიც იქვე იმყოფებოდა და გ. ჩ–ის დედა, რომელიც ხმაურის ხმაზე იყო გამოსული (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 17:21:27-17:22:40). გ. ჩ–ის ჩართულობა მეორე ჩხუბშიც იქნებოდა, მაგრამ მას არ დაუნახავს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 17:23:10-17:23:55), გ. ჩ–ე დაინახა როცა გარდაცვლილი იყო, მ. მ–ისა და გ. კ–ის ჩხუბის დროს არ დაუნახავს, როდესაც გ. კ–ე ურტყამდა მ. მ–ის, უნდოდა გაეშველებინა, მაგრამ იმ ადგილიდან მ. მ–ის სიმამრმა გამოიყვანა, დაახლოებით 2 წუთში, როდესაც გაიარა 15-20 მეტრი გაიგონა ყვირილი, რომ ადამიანი დაჭრეს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 17:34:05-17:34:55), მას შემდეგ რაც გ. ჩ–ის დაჭრის ფაქტი გაიგო გ. კ–ე არ უნახავს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 17:41:01-17:41:50).
9.3. ვ. ა–ის განმარტებით გ. კ–ე პირველი ჩხუბის დროს მათთან ერთად იყო, მაგრამ მეორე ჩხუბის დროს (როდესაც მოხდა გ. ჩ–ის მკვლელობა) არ უნახავს (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:13:40-15:14:52);
9.4. გ. ფ–ას განმარტებით, მეორე ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე ბევრი ხალხი იყო, კონკრეტულად ვის და ვის შორის იყო ჩხუბი მაგის თქმა არ შეუძლია. ჯერ გაშველებას ცდილობდნენ, შემდეგ კი გ. კ–ესა და ი. მ–თან ერთად მოუწია ჩხუბი მ. მ–ისთან (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამარტლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:30:47-15:32:25).
9.4.1. მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვისას საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეზოში მეორედ ჩასვლისას, როდესაც მ. მ–ისთან მოუწიათ ფიზიკური დაპირისპირება იქვე იყო გ. ჩ–ეც, რომელიც ჩაერთო ამ ჩხუბში, იქ იყო ასევე გ. ჩ–ის დედა (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამარტლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:36:33-15:38:45) და მიუთითა, რომ გ. ჩ–ე ნახა დილით, ჩხუბამდე, ჩხუბის დროს არც პირველად და არც მეორედ არ უნახავს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამარტლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:35:55-14:40:05; 14:40:30-15:40:50).
9.5. ი. მ–ის განმარტებით მეორე ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე არ უნახავს დაზარალებული გ. ჩ–ე, რადგან არ ჰქონდა შესაძლებლობა გ. ჩ–ე ან ვინმე კონკრეტული პირი დაენახა, რადგან ჩხუბი და არეულობა იყო (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:04:50-17:05:30), ამასთან, ხილვადობა იყო ცუდი, ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო პირი, რომ გაერჩიათ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:20:30-17:20:57), მან ასევე არ იცის სად იყო გ. კ–ე (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:22:45-17:23:15), ზოგადად არ ახსოვს მეორე ჩხუბის დეტალები (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:06:30-17:06:52), მას ასევე არ ახსოვს კონფლიქტის მიზეზი (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:13:40-17:14:01).
9.5.1. ი. მ–მა გამოძიებისას მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ (რომლის თანახმად, მეორე ჩხუბის დროს, როდესაც მ. მ–ის უსწორდებოდნენ ფიზიკურად მასთან დასახმარებლად მივიდა გ. ჩ–ე) მიუთითა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ შეიძლება მივიდა კიდეც გ. ჩ–ე, ზუსტი პასუხის გაცემა არ შეუძლია (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:26:01-17:26:35).
9.6. დ. კ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ დაინახა გ. კ–ესა და გ. ჩ–ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც გ. ჩ–ე წაიქცა და ქალმა დაიწყო კივილი (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:57:35-15:00:00) და მიუთითა, რომ გ. ჩ–ე იყო მისი მეზობელი, რომელსაც იცნობდა, თუმცა არცერთი ჩხუბისა და შეურაცხყოფის დროს არ დაუნახავს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი 15:56:20-15:57:20).
10. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა, რომ მოწმეთა: ს. ბ–ის, ო. კ–ის, დ. კ–ის, ი. მ–ის, ვ. ა–ის და გ. ფ–ას ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ გ. კ–ე ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციას, არამედ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმეთა მიერ ურთიერთწინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიწოდებისას აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობისა და სანდოობის შეფასებისას გამოიყენება მტკიცებულებათა ერთობლიობის ტესტი.
10.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება/ მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ფასდება როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთობლივად - მათი სანდოობის და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისობის განსაზღვრისათვის - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი №346აპ-19, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 1 აგვისტოს განჩინება N 572აპ-22).
10.2. მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მათ შორის, მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დასტურდება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10.3. როდესაც ეროვნული სასამართლო ხელისუფლების წინაშე ერთი და იმავე პირის მიერ წარმოდგენილია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა საპირისპირო ვერსია, თუ სასამართლო უპირატესობას მიანიჭებს მოწმის მიერ საგამოძიებო ორგანოებში და არა სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს, ეს თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მიხედვით განსახილველ საკითხს, თუ უპირატესობა არის დასაბუთებული და ჩვენება მიცემულ იქნა ნებაყოფლობით (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par. 163, ECtHR, 14/05/2020; Lutsenko v. Ukraine, no. 30663/04, par. 49, 18/12/2008; Doorson v. the Netherlands, 26/03/1996, par.78).
11. სასამართლო ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ბიოლოგიური (გენეტიკურ, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ გ. კ–ის ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. ჩ–ეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, გ. კ–ის მითითებით ამოღებულ დანაზე არსებული მოწითალო ფერის ლაქების გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ. ჩ–ეს. ხოლო, მეორე წილი ეკუთვნის გ. კ–ეს. ასევე აღნიშნულ დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. კ–ეს, მინორული წილი გ. ჩ–ეს (იხ.: ბიოლოგიური (გენეტიკურ, სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნა ტ.8, ს.ფ. 67-74).
11.1. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება დანის ტარზე გ. კ–ის ბიოლოგიური მასალის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ხელოვნურად, მიზანმიმართულად გადატანის თაობაზე. სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დანაწესებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას (იხ., John Murray v. UK, [GC], no.18731/91, par.54, ECtHR, 08/02/1996). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (პირდაპირი ან/და გარემოებითი) ან/და არგუმენტირებული მსჯელობა დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა დაცვის მხარის ვერსიის გაზიარებისა და შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. საქმის მასალებიდან ასევე არ იკვეთება გ. კ–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე დაინტერესება ან/და მიკერძოებული დამოკიდებულება. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ჯ-მ განმარტა, რომ გ. კ–ეს დაბადების დღეზე, სუფრასთან სხდომის დროს ხელში ეჭირა შავტარიანი დანა.
11.2. იმავდროულად, გ. კ–ის მიერ სასამართლოში შეცვლილი პოზიციის მიუხედავად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ვითარების აღდგენისას ბრალდებულის მითითებით ნაპოვნი იქნა მოშავო ფერის დასაკეცი დანა, რომელზეც ვერ გავრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი(რომლის ფარგლებშიც ნაპოვნია დანაშაულის იარაღი დანა), რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.
11.3. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს,რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016წლის 28 აპრილის განაჩენი საქმეზე N 561აპ-15, პარ. 44).
11.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დასაშვებია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც „საგამოძიებო ექსპერიმენტი ასახავს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 28 სექტემბრის განაჩენი N 682აპ-21)
11.5. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით – გ. კ–ეს წაეკითხა მისი 2022 წლის 18 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი აღწერდა 2022 წლის 17 დეკემბერს ქ. ხ–ში, ა–ს ქუჩაზე მის მიერ გ. ჩ–ის მკვლელობის და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გ. კ–ეს მიეცა წინადადება ვითარების აღსადგენად, ადგილზე ჩვენებით დაედასტურებინა და დაეზუსტებინა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია (იხ. ტ.2 ს.ფ. 84-98), საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გ. კ–ემ მიუთითა დანაშაულის იარაღზე, დანაზე, რომელიც ჰქონდა დამალული ქ.ხ–ში ჭ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბიძის სახლში. შესაბამისად, არ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების არ გაზიარების საფუძველი.
12. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჩ–ის ჩვენების თანახმად, 2022 წლის 17 დეკემბერს პირველი ჩხუბიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან ფანჯრიდან დაინახა, რომ მ. მ–ი მაისურის გარეშე გამოვიდა გარეთ და დაჯდა თავის აივანზე. ბიჭებმა უთხრეს შესულიყო სახლში, მაისური ჩაეცვა და ისე გამოსულიყო. მ. მ–იმ კი უპასუხა, რომ ის თავის აივანზე იმყოფებოდა და მათი საქმე არ იყო იქ როგორ დაჯდებოდა. ეს ყველაფერი რომ დაინახა, თავად გარეთ გამოვიდა. გამოსვლის მომენტში რა მოხდა არ იცის, მაგრამ გარეთ გამოსვლისას დაინახა თუ როგორ ამოხტა გ. კ–ე მ. მ–ის აივანზე სადარბაზოდან, ჩააგდო მ. მ–ი მის აივანსა და მეზობელ აივანს შორის და სცემდა წიხლებითა და მუჭებით. მივიდა მათ გასაშველებლად. ეს რომ დაინახა მისმა შვილმა - გ. ჩ–ემ მივიდა მათთან და გ. კ–ეს უკნიდან ხელები დაუჭირა. ამ დროს მას (ნ. ჩ–ეს) უკნიდან რაღაც ჩაარტყეს და გონება დაკარგა (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი 14:33:00-14:33:40). გონს რომ მოვიდა, აივანზე ჩხუბი გრძელდებოდა, მთელი აივანი იყო სავსე, ალბათ ერთი ათი კაცი დარბოდა, ჭიდაობდნენ, ვიღაცა დაეცა მის ფეხებთან, ჰკითხა შვილო რომელი ხარო და დაიხარა, დაცემულმა თავი წამოწია და მერე გაითიშა, დაინახა, რომ მისი შვილი იყო (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი 14:35:40-14:38:39). ამ დროს ყველანი გაიქცნენ, გაიფანტნენ. გ– ჩამოიყვანა ქვემოთ და ნახა, რომ სახეზე სისხლი ჰქონდა. ჰკითხა, შვილო ვინ გაგიჭრა სახე, დავხოცავ ახლა ყველას მაგათო.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე არასწორად უთითებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჩ–ის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც თითქოს მოწმემ მიუთითა, რომ მეორე ჩხუბის მიმდინარეობისას დაინახა პირი, რომელმაც „რაღაც“ საგანი შეინახა მკლავში და უთითებს არასრულყოფილად ჩატარებულ გამოძიებაზე. სასამართლო ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. ჩ–ის განმარტებებს, რომელთა თანახმად, პირველი ჩხუბის შემდეგ (მეორე ჩხუბის დაწყებამდე), გამოვიდა აივანზე და დაინახა ზოლებიანმაისურიანი ბიჭი, რომელმაც ხელებით რაღაც მოძრაობა გააკეთა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს ხელში რაღაც შეინახა. თუმცა რა შეინახა არ დაუნახავს, ამასთან, ეს ზოლებიანმაისურიანი ბიჭი აივანზე ჩხუბის დროს არ ყოფილა, ასევე იქ არ ყოფილა მკვლელობის დროს. მან სახეზეც დაინახა ეს ბიჭი და მისი ამოცნობაც შეუძლია (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმი 14:50:58-14:52:29).
13. გ. ჩ–ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად გ. ჩ–ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით დაზიანებული მარჯვენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად. მიყენებული ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივად უკავშირდებიან დამდგარ შედეგს - სიკვდილს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ.: ტ.7, ს.ფ. 93-104).
14. მ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გ. ჩ–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ადასტურებს ასევე მ. მ–ის მეუღლე – ქ. გ–. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მისი მეუღლე აივანზე ავიდა, დაინახა მეორე სართულიდან გადმომხტარი ი. მ–ი როგორ დაეცა თავში მ–ს. შემდეგ უცებ შეიკრიბა 5-6 კაცი, რომლებიც მ–ს ურტყამდნენ. ამასობაში იქით ცალკე ჰყავდათ შეგდებული ღობესთან გ. ჩ–ე და იმას ცალკე ურტყამდნენ, ჯგუფ ჯგუფად ურტყამდნენ, აქეთ გ. ჩ–ესაც ურტყამდნენ (გ– ჰყავდათ აივნებს შორის შეგდებული (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის სხდომის ოქმი 17:16:49-17:17:43)), ზემოთ მ–ს ურტყამდნენ.
14.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ქ. გ–ს ჩვენების გათვალისწინებით გარკვეული მანძილით გ. ჩ–ისგან დაშორებით მ–სთან ჩხუბში მყოფი გ. კ–ე იმავდროულად ვერ დაარტყამდა დანას სხვა ადგილზე მყოფ გ. ჩ–ეს. ვინაიდან, დაცვის მხარე არასწორი ინტერპრეტაციით უთითებს მოწმე ქ. გ–ს ჩვენებაზე. კერძოდ,
14.1.1. მოწმე ქ. გ–ს განმარტებით, როდესაც მისი მცირწლოვანი შვილი გამოვიდა აივანზე, სახლში შეიყვანა და როდესაც დაბრუნდა ჰკიოდნენ, რომ გ– ცუდად იყო. შესაბამისად, გ. ჩ–ისათვის დანის დარტყმის მომენტში ქ. გ– იყო სახლში. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ნ. ჩ–ის განმარტებას, რომ როდესაც მივიდა გ. კ–ისა და მ. მ–ის გასაშველებლად, ეს დაინახა მისმა შვილმა - გ. ჩ–ემ, რომელიც მათთან მივიდა და გ. კ–ეს უკნიდან ხელები დაუჭირა. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება, რომ გ. ჩ–ე და გ. კ–ე ისე იყვნენ დაშორებული ერთმანეთს, რომ გ. კ–ე დანას ვერ დაარტყამდა დაუსაბუთებელია.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი დაცვის მხარის არგუმენტებს გ. კ–ესთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და შემდგომში მისი დაკავებისას საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. კერძოდ, კასატორის მტკიცებით გ. კ–ე პოლიციის თანამშრომელთა მიერ პრაქტიკულად დაკავებული იქნა 2022 წლის 18 დეკემბერს, დილის საათებში, ბიძის სახლში, რა დროსაც მას რეალურად შეეზღუდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მაგრამ სავალდებულო წესით არ იქნა შედგენილი დაკავების ოქმი, სადაც ასახული იქნებოდა დაკავების რეალური დრო და ვითარება, რის შემდეგაც მიიყვანეს ....ის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, სადაც მის მიმართ და მისი უშუალო მონაწილეობით, ყოველგვარი საპროცესო სტატუსის არ მქონე პირთან გამოძიების მწარმოებელი სხვადასხვა უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა: ფარული საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისი ამსახველი ოქმი, ფოტოსურათებით, ქ. ხ–ში, ჭ–ის ქ. N..-ის ტერიტორიიდან დანის ამოღების ოქმი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. გ. კ–ის მიმართ დარღვეული იქნა არამარტო საქართველოს სსსკ-ის 170-171-ე და 174-ე მუხლების მოთხოვნები, არამედ ასევე აშკარად იკვეთება დაცვის უფლების დარღვევა.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს 07:40-11:05 საათამდე დროის მონაკვეთში, როდესაც გ. კ–ე გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა მისი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ბრალდებულად ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებები. ვინაიდან, გ. კ–ის პარალელურად გამოკითხული მოწმეები: მ. მ–ი (რომელიც გამოიკითხა 2022 წლის 18 დეკემბერს 06:30-10:20 საათებში), გ. ჩ–ე (რომელიც გამოიკითხა 2022 წლის 18 დეკემბერს 07:21-09:15 საათებში), მ. ხ–ი (რომელიც გამოიკითხა 2022 წლის 18 დეკემბერს 07:45-08:25 საათებში), ს. ბ–ე (რომელიც გამოიკითხა 2022 წლის 18 დეკემბერს 09:00-12:10) არ უთითებდნენ გ. კ–ეზე, როგორც გ. ჩ–ის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირზე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ 2022 წლის 18 დეკემბრის პატაკი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ. ჩ–ის განზრახ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გულმკერდის არეში რამდენჯერმე დარტყმით ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ. კ–ეს.
15.2. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს 07:40-11:05 საათამდე გამოიკითხა გ. კ–ე, რომელსაც განემარტა უფლებები, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოებს 2022 წლის 17 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დეტალურად, ასევე ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მისგან ყველა საჭირო ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რაც დაადასტურა ხელმოწერით (იხ.: ტ.2, ს.ფ.70-73); 2022 წლის 18 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ გ. კ–ეს კვლავ განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება, რაზედაც განაცხადა, რომ არ საჭიროებდა ადვოკატის მომსახურებას. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი მიუთითა მის მიერვე დამალულ დანაშაულის იარაღზე - დანაზე, რომელიც შემდგომში გადაუდებელი აუცილებლობით იქნა ამოღებული. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა გ. კ–ემ დაადასტურა ხელმოწერით და რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებია (იხ.: ტ.2, ს.ფ. 84-98). საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე მოხდა გ. კ–ის დაკავება, რა დროსაც დაკავებულს ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით განემარტა უფლებები, დაკავების ოქმის პირადად გაცნობა ხელმოწერით დაადასტურა გ. კ–ემ. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდგომ გ. კ–ის დაკავების ფაქტი დაადასტურა ასევე ა. ჩ–მა, რომელმაც მიუთითა, რომ დანის ამოღების მომენტში გ. კ–ეს ხელბორკილები არ ედო, ხელბორკილი მას შემდეგ დაადეს რაც ის სახლიდან წაიყვანეს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ოქმს – ადვოკატის მომსახურების უფლების განმარტების შესახებ, რომლის თანახმად, დაკავების შემდგომაც განემარტა გ. კ–ეს ადვოკატის ყოლის უფლება, თუმცა ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა და მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ოჯახი აიყვანდა ადვოკატს (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 119).
15.3. შესაბამისად, გ. კ–ის გამოკითხვისა და მასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებდნენ გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის საფუძველზეც მოხდა მისი დაკავება.
16. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ დაკავებისას გ. კ–ის უფლებების დარღვევა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ გამოკვეთილი იყო სავალდებულო დაცვის შემთხვევა. სასამართლო ითვალისწინებს, დაცვის მხარის ვალდებულებას მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს არც ერთ არგუმენტს (კონკრეტულად რომელი სავალდებულო დაცვის შემთხვევა იყო გამოკვეთილი და რატომ). შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუსაბუთებელია.
16.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 45-46-ე მუხლებით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვისა ან/და სახელმწიფოს ხარჯზე გ. კ–ისათვის ადვოკატის დანიშვნის საფუძვლები.
17. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებას (საქართველოს შსს .......ის, .......ისა და .........ის საგამოძიებო სამსახურის უფროსის თ. გ–სა და გ. კ–ის საუბრის ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს), სასამართლო ეთანხმება კასატორს. იმავდროულად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გაზიარების გარეშეც (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინება N1109აპ-22), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).
20. გ. კ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ ნამსჯელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. ხოლო, გ. კ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.
21. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. მ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე