Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/905 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ა-ძემ სარჩელით მიმართა აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე შპს “.. ..-სგან” მორალური ზიანის _ 1 მილიონი ლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: 1999 წელს შპს “.. ..-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის ¹ 1200 განკარგულების (თ. ა-ძის შეწყალების ნაწილში) არაკანონიერად ცნობა და მისი ბათილობა, რადგან მას არ აუნაზღაურებია .. ..-სათვის მიყენებული მატერიალური ზარალი. აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა მოცემულ დავაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმის წარმოებით მას მიადგა მორალურ-ფსიქოლოგიური ზიანი და მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს 1 მილიონი ლარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ სარჩელი მიიღო, მაგრამ 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეაჩერა თ. ა-ძის მიმართ ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ თ. ა-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-78-ე, 24-ე, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის ზომად შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი არ არის შესული კანონიერ ძალაში, რადგან იგი გასაჩივრებულია საკასაციო წესით.

კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმე არავითარ კავშირში არ არის მოცემული დავის გადაწყვეტასთან. ამასთან, მოითხოვს მოცემული დავის განხილვა აცილდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში არსებული განაჩენით (2000 წლის 2 ოქტომბერი) ირკვევა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე კავშირში არ არის სარჩელში მითითებულ საფუძვლებსა და დავის საგანთან. სარჩელის საფუძვლად მხარემ მიუთითა შპს “.. ..-ის” მიერ ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოებით მიყენებულ მორალურ ზიანზე, რომელიც მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ისე შეაჩერა საქმის წარმოება, არ მიუთითა თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა იგი და რატომ იყო შეუძლებელი მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ემუხლის “ე” პუნქტით, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს მიმართ აცილების თაობაზე, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობისა და არა მთლიანად სასამართლოს (ა\რ უმაღლესი და საოლქო სასამართლოების) აცილების წესი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.