საქმე # 330100122006146598
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №431აპ-25 ქ. თბილისი
მ. ი. ი. მ. 431აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ი. მ. მ–ს (A.Y. M. M), – დაბადებული 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით.
ი. ი. მ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი. ი. მ. მ–ვმა (A.Y. M. M) უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს ალფა-პვპ-ს (α-PVP), 5-Flouro-MDMB-PICA-სა და ტეტრაჰიდროკანაბინოლს - 0.1071 გრამის ოდენობით და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ADB-BUTINACA-ს და ADB-4en-PINACA-ს. 2022 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა №..-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, ფულის - 600 ლარის სანაცვლოდ, ი. ი. მ. მ–ვიმ (A.Y. M. M) აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები უკანონოდ გაასაღა და გადასცა მ. თ. შ–ი ს–ს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენით:
2.1. ი. ი. მ. მ–ვი (A.Y. M. M) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი. ი. მ. მ–ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 28 ივლისიდან;
2.4. ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–მა (A.Y. M. M) და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. მ–მ და ნ. კ–მ, ასევე მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–ემ.
3.1. მსჯავრდებული ი. ი. მ. მ–ი (A.Y. M. M) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ. მ–ე და ნ. კ–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;
3.2. მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ის (A.Y. M. M) ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. მ–ე ითხოვდა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ი. ი. მ. მ–ვი (A.Y. M. M) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 09 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ი. ი. მ. მ–ვი (A.Y. M. M) გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
4.2. ი. ი. მ. მ–ვი (A.Y. M. M) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) ერთი მეექვსედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. ი. ი. მ. მ–ვი (A.Y. M. M) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2022 წლის 9 ივლისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 28 ივლისიდან.
4.6. ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ი. მ. მ–ვმა (A.Y. M. M). კასატორი ითხოვს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობას. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, მას არ ჩაუდენილია მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების დადების სურვილით. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნია გამოკვლეულად, არ გაითვალისწინა და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას მისცემდა მის მიერ მიცემულ ჩვენებას, მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანადა გამამართლებელ განაჩენს. იმავდროულად, მსჯავრდებული კვლავაც მზაობას გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების დადების პირობით საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობაზე.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) შუამდგომლობა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმე – მ. თ. შ–ი ს–ს ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით/კრებსებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ნარკოტიკული საშუალება), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით(უდავო მტკიცებულება), ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით(უდავო მტიცებულება) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ი. მ. მ–ვმა (A.Y. M. M) ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – როგორც ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე – ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება – დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ვმა (A.Y. M. M) ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან უდავოდ ცნო მხოლოდ – ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ მტკიცებულების უდავოდ ცნობა მხარის უფლებაა, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა აღნიშნული მიზნით დაცვის მხარეზე რაიმე სახის უკანონო ზემოქმედებას, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების არსს, მათ მნიშვნელობას მსჯავრდებისათვის და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი (მათ შორის მხარეთა მიერ არსებით განხილვაზე გამოკვლეული) მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
8.2. რაც შეეხება, მსჯავრდებულის მოთხოვნას, გასაჩივრებული განაჩენის უკანონობის საფუძვლით მსჯავრდებულის გამართლების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი საკუთარი პოზიციის დასაბუთებას არ ახდენს, არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებაზე, კონკრეტულ არგუმენტებზე, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
8.3. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე და 301-ე მუხლების დანაწესებიდან „გამომდინარე, კასატორს ეკისრება ვალდებულება საკასაციო საჩივარში არამხოლოდ ცხადად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნა, არამედ – დაასაბუთოს და მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული არგუმენტები“ (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის 978აპ-24 განჩინება).
8.3. იმავდროულად, კასატორის პრეტენზიაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნია გამოკვლეულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) არ მოუთხოვია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ან/და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა, არ დაუყენებია შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიუთითებია პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე მ. თ. შ–ი ს–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც ი. ი. მ. მ–ვმა (A.Y. M. M) შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, რათა ემხილა მსჯავრდებული. მოწმემ ასევე დაადასტურა ი. ი. მ. მ–ვისაგან (A.Y. M. M), მისსავე საცხოვრებელ სახლში, ჯ–ს ქუჩა N..-ში ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში 600 ლარად შეძენის ფაქტი.
9.1. მოწმე მ. თ. შ–ი ს–ს ჩვენება შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან/კრებსებთან, რომელთა თანახმად, მ. თ. შ–ი ს–მ მსჯავრდებულს გადასცა ფული, რის სანაცვლოდაც მიიღო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ნარკოტიკულ საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP), 5-Fluoro-MDMB-PICA-სა და ტეტრაჰიდროკანაბინოლ ISA და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ADB-BUTINACA-ს და ADB-4en-PINACA-ს შემცველი ნივთიერება.
10. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2022 წლის 1 ნოემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამაში და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; სადავო ფონოგრამაში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) ხმა ერთმანეთის იდენტურია. უდავოდ ცნობილი 2022 წლის 4 ოქტომბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ექსპერტიზის ბიუროში არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ ... წელს დაბადებულ ი. ი. მ. ძე მ–ს (A.Y. M. M) ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
11. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა: მოწმე მ. თ. შ–ი ს–ს სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, paras. 33,39, ECtHR,24/06/2008); კონკრეტულად მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე მ. თ. შ–ი ს–სა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, par. 49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, par. 45, ECtHR,1/06/2010); არ დასტურდება დანაშაულის პროვოკაცია (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, paras 37,51, ECtHR, 4/11/2010); საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ მ. თ. შ–ი ს–ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას, მსჯავრდებულის ,,მახეში გაბმას“ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება. მ. თ. შ–ი ს–ს ქმედება არ გაცდენილა ,,პასიურ როლს“, ადგილი არ ჰქონდა აქტიურობას და დაყოლიებას. მსჯავრდებულმა ყოყმანის გარეშე მიასაღა მას ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, მოწმის თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა/არ შეზღუდვია სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. იმავდროულად, მ. თ. შ–ი ს–ს ჩვენება შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებასთან და შესაბამისად, მისი მამხილებელი ჩვენება არ არის ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) მსჯავრდების ერთადერთი მტკიცებულება.
12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის განმარტებასთან მიმართებით (მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების დადების სურვილით) ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებათა (ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნისა და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის) უდავოდ ცნობისას დაცვის მხარისათვის ცნობილი იყო ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც უკავშირდება მტკიცებულების საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე უდავოდ ცნობას. იმავდროულად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მსჯავრდებულს არ გაეწია სრულყოფილი იურიდიული მომსახურება, ან/და დაცვის უფლების განხორციელებისას ი. ი. მ. მ–ვთან (A.Y. M. M) კომუნიკაციისას არსებობდა ისეთი ხარვეზი, რაც გამორიცხავდა ეფექტიანი დაცვით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
12.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის მიერ მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა, სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია მისთვის სასჯელის განსაზღვრისას, ვინაიდან, ი. ი. მ. მ–ვს (A.Y. M. M) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
12.2. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლებს, რომლის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დადება პროკურორის დისკრეციული უფლებაა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
14. 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავში განხორციელებულ ცვლილებებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის (საქართველოს სსკ-ის 2603-ე მუხლის მე-4 ნაწილი – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია, - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას). შესაბამისად, ვინაიდან ახალი კანონი განსახილველ შემთხვევაში ამკაცრებს სასჯელს ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, მას უკუძალა არ აქვს.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს.
17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ი. მ. მ–ვის (A.Y. M. M) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი