გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/911 26 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შეწყვიტა საქმის სააპელაციო წარმოება ნ. ჯ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
იმავე პალატაში კერძო საჩივარი შეიტანა მოწინააღმდეგე მხარის ა. ჯ-შვილის წარმომადგენელმა გ. ყ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება, რათა მიეცეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის საშუალება.
სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ სტადიაზე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.
ნ. ჯ-ძემ სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა საქმის ზეპირი განხილვის დაწყებამდე, ამიტომ არ იყო საჭირო მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჯ-შვილის წარმომადგენლის გ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.