Facebook Twitter

საქმე # 080100124008850536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №401აპ-25 ქ. თბილისი

ფ. პ. 401აპ-25 2 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ფ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. ფ–ეს, – პ/ნ ..........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პ. ფ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, პ. ფ–ემ, წ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე თავისივე დროებითი საცხოვრებელი სახლის წანამდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა გ. ჭ–ს. კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით დაუზიანა მარცხენა თვალი.

1.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

პ. ფ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

პ. ფ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 12 კალიბრიანი, კუსტარული წესით დამოკლებულლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა წ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე თავისივე დროებით საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული იარაღი ამოღებულ იქნა წ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2023 წლის 16 დეკემბერს პ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

1.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

პ. ფ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, წ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე თავისივე დროებითი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, პ. ფ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 12 კალიბრიან, კუსტარული წესით დამოკლებულლულიან ცეცხლსასროლ იარაღს.

1.4. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

პ. ფ–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 2 დეკემბერს, ღამის საათებში, წ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე ა. ყ–ის დამხმარე სათავსოში-ავტოფარეხში, უკანონოდ შეაღწია პ. ფ–ემ და სადგომში განთავსებული ვაზ-2106 მარკის სახელმწიფო ნომრის მქონე ........ ავტომობილიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აკუმულატორს. ასევე, ფარულად დაეუფლა სათავსოში არსებულ სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს, რითაც ა. ყ–ს მიადგა 5690 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით:

2.1. პ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. ფ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

2.3. პ. ფ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 16 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. ფ–ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული 5 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში. კერძოდ,

4.1. პ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით – 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

4.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. ფ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

4.3. პ. ფ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 16 დეკემბრიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. ფ–მ. კასატორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

7.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს პ. ფ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

9. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა. ხოლო, განაჩენი უკანონოდ ითვლება მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას.

10. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას (და არა ვალდებულებას) - პირობითად ჩათვალოს დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთის) ნაწილი, მუხლის ამავე ნაწილით დადგენილი პროპორციით და შემთხვევაში.

12. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პ. ფ–ისთვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის აღიარება და მის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, პ. ფ–ის ინდივიდუალური მახასიათებლები (მათ შორის, ნასამართლობის არარსებობა), ჩადენილი ქმედებების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ხერხი და პ. ფ–ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ერთადერთი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალური/მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიმალური ხანგრძლივობით (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითაც – მინიმალური ხანგრძლივობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული „სასჯელის სახე ან/და ზომა აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“.

14. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სავალდებულო და ამავე მუხლით ამომწურავად გასაზღვრული რომელიმე წინაპირობა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის და 303-ე მუხლის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

17. პ. ფ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ფ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე