საქმე # 120100124010003328
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე № 494აპ-25 ქ. თბილისი
ქ. მ. 494აპ-25 1 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს, - პირადი ნომერი: ..........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში გ–ს ქ.-ის N..- ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა მ. ქ–მ, მობილური ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, .... წელს დაბადებულ ა. ჯ–ეს, რა დროსაც მარჯვენა ხელი წაავლო მას თმაში, დაითრია, დააგდო საწოლზე და მუშტები ჩაარტყა სახის, თავის და ცხვირის არეში, ხელები რამდენჯერმე დაარტყა ტანის არეში, თან უჭერდა ყელის არეში, შემდეგ საწოლზე მჯდომს ხელი მოკიდა მარჯვენა ფეხში და ჩამოაგდო საწოლიდან ძირს იატაკზე. ამასთან, გაშლილი ხელი კიდევ დაარტაყა ა. ჯ–ეს სახის არეში. მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა ა. ჯ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და “დ” ქვეპუნქტებით.
მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში გ–ს ქ.-ის N..- ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა მ. ქ–მ, მობილური ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, .... წელს დაბადებულ ა. ჯ–ეს და ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობითა დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ ცოცხით სცემდა, სახეს დაუსერავდა სამართებლით, გატეხავდა სკამს და აჩეხავდა, რითაც არასრულწლოვან ა. ჯ–ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში გ–ს ქ.-ის N..- ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ. ქ–მ, უნებართვოდ შეაღწია თავისი არასრულწლოვანი შვილის ა. ჯ–ის „iPhone 13 Pro“ მოდელის მობილურ ტელეფონში და დაათვალიერა სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაცია, მიმოწერები და შეტყობინებები.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
2.1. მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. გამართლებულ მ. ქ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება;
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მ. ქ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ა–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენი.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც მ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა.
8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. დაზარალებულმა ა. ჯ–ემ, მოწმეებმა: თ. ქ–მ, გ. ჯ–მ და მ. რ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
11. საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება (მ. ქ–ს მიერ ა. ჯ–ის მიმართ ჩადენილი მუქარის ნაწილში) ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ.: მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება), ხოლო მეორე მხრივ, ასევე ითვალისწინებს, რომ N..... შეტყობინება მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ნაწილში არ შეიცავს ინფორმაციას დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის შესახებ, შეტყობინებაში არაფერია ასევე ნათქვამი კომპიუტერულ სისტემაში (დაზარალებულის ტელეფონში) უნებართვო შეღწევის შესახებ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2; 143-146).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამომძიებელი მ. შ–ი არ არის შემთხვევის თვითმხილველი და მან სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით.
13. 2023 წლის 2 აგვისტოს N.... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმთან (დგინდება, რომ 2024 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში, გ–ს ქ.-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მამამ - მ. ქ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს ა. ჯ–ეს) მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელ ორდერში ზოგადადაა მითითებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და არაფერია ნათქვამი ფიზიკური ტკივილის განცდაზე, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას მუქარისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ. 88-93).
14. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება მ. ქ–სათვის ბრალადწარდგენილი ქმედებების სამტკიცებლად შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, ვინაიდან, მხოლოდ სახლში არსებული არეულობის ფაქტი ვერ დაადასტურებს მ. ქ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენას(იხ. ტ.1, ს.ფ.30-43).
15. იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა და სხვა მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას მ. ქ–ს მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შესახებ.
16. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება მ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენზე მ. ქ–ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე