საქმე # 330100122006391325
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №479აპ-25 ქ. თბილისი
ც. ლ. 479აპ-25 1 ოქტომბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ც–ეს, - პირადი ნომერი: ..........., - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ლ. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, .......ოს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ „ქ–ს“ დასახლებაში, ლ. ც–ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. კ–ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, თ. კ–ს ძლიერად მოუჭირა ხელები მკლავებზე და შეაჯანჯღარა, ასევე, მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც თ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ი, მ–ს მე–.. მ/რაიონი, №.. კორპუსი, ბინა №..–ში ლ. ც–ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. კ–ზე. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, თ. კ–ს ხელი დაარტყა კისრის არეში, რა დროსაც თ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.
ლ. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ოს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ „ქ–ს“ დასახლებაში, ლ. ც–ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. კ–ს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, მოკვლით დაემუქრა თ. კ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ი, მ–ს მე–.. მ/რაიონი, №.. კორპუსი, ბინა №..–ში, ლ. ც–ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. კ–ს. იგი თვლიდა, რომ მეუღლე მხოლოდ მას უნდა დამორჩილებოდა, არ უნდა ემუშავა, ასევე, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს. ამ განწყობით ურთიერთშელაპარაკებისას, მოკვლით დაემუქრა თ. კ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ლ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ლ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. ლ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. ლ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
2.5. ლ. ც–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ მოითხოვა ლ. ც–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის სასჯელის სახედ – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს გამართლებულ ლ. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ. მ–მა და ზ. გ–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი ლ. ც–ის მიმართ დარჩა უცვლელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ლ. ც–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სასჯელის სახედ – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ლ. ც–ის ადვოკატის ვ. მ–ს შესაგებელი. დაცვის მხარე ითხოვს რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ლ. ც–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე და მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც ლ. ც–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა.
8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ლ. ც–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. დაზარალებულმა თ. კ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 4 სექტემბრის N......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულია, 2022 წლის 4 სექტემბერს ლ. ც–ის მიერ თ. კ–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 101-110) ხოლო მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე არაფერია ნათქვამი. ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე თ. კ–ი 2022 წლის 4 სექტემბრის განცხადება (სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ითხოვს რეაგირებას(იხ.: ტ.1, ს.ფ. 97)) და ზეპირი გასაუბრების ოქმი თ. კ–თან (დაზარალებული ითხოვს შემკავებელი ორდერის გამოცემას სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 98)).
12. 2022 წლის 21 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ თ. კ–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ზ. ბ–ას მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია 2022 წლის 4 სექტემბრის მუქარისა და ძალადობის ფაქტებთან მიმართებით ირიბი ხასიათისაა, ის არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ლ. ც–ის მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ. ირიბი ჩვენება კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
13.1. რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოში ლ. ც–ის მიერ ძალადობის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმე უთითებს, რომ ლ. ც–ემ დაზარალებულს მუშტი ჩაარტყა გულ-მკერდისა და კუჭის არეში (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი 13:10:21-13:12:13), (ლ. ც–ეს ბრალად აქვს წარდგენილი თ. კ–ისთვის კისრის არეში ხელის დარტყმა), ხოლო მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უთითებდა, რომ ლ. ც–ემ თ. კ–ს კისრის არეში დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამასთან, 2022 წლის აგვისტოს მუქარის ფაქტზე ჩვენების მიცემისას არაფერი უთქვამს.
13.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ გამოუქვეყნებია ზ. ბ–ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ლ. ც–ის მიერ 2022 წლის აგვისტოში თ. კ–ისთვის კისრის არეში ხელის დარტყმის ფაქტს და არ დაუზუსტებია აღნიშნული საკითხი.
13.1.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი №426აპ-23, II-9.1.). მოცემულ შემთხვევაში კი, მოწმე ზ. ბ–ას ჩვენება ვერ ადასტურებს ლ. ც–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებს (2022 წლის აგვისტოს ფიზიკური ძალადობის ფაქტზე).
14. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ლ. ც–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
15. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე ლ. ც–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე