Facebook Twitter

საქმე # 140100124010011209

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №553აპ-25 ქ. თბილისი

ხ. ს.553აპ-25 7 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ს. ხ–ს, – პირადი ნომრით ........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

ს. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევმა ს. ხ–მა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, ქ. კ–ში, კ–ს ქუჩა N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - მ. ხ–ს და წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეიდას - დ. ხ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე მათგანს ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე, რა დროსაც მ. ხ–მა და დ. ხ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

ს. ხ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 29 ივლისს, საღამოს საათებში, გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევი ს. ხ–ი, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის საფუძველზე, ქ. კ–ში, კ–ს ქუჩა N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – მ. ხ–ს და წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეიდას – დ. ხ–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ორივე მათგანს ხელი მოუჭირა ყელში და უთხრა რომ მოკლავდა, რა დროსაც მ. ხ–სა და დ. ხ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

3.1. ს. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

3.2. ს. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის თანახმად, საბოლოოდ, ს. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი;

3.4. ს. ხ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 30 ივლისიდან 2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით;

3.5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ცვლილებას გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ს. ხ–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნებოდა დაკავშირებული.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ს. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჯ–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. ს. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.2. ს. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ს. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.4. ს. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2024 წლის 30 ივლისიდან 2025 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჯ–მა, რომელიც ითხოვს ს. ხ–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ს. ხ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

8.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ს. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ხ–ი გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

11. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ს. ხ–ს გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა, შესაბამისად, 2024 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, ის წარმოადგენდა ნასამართლევ პირს ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილის დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.

12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილითა და 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v.Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ ( Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).

14. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017)).

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე