საქმე N 330100123008126408
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№555აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ი., 555აპ-25 16 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, ი. ბ–ი, – დაბადებული ........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2023 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ბ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, (ორი ეპიზოდი); განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 10 ივლისს, ქ.თ–ში, ჯ–ს ქუჩაზე, ი. ბ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0424 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, უკანონოდ მიასაღა ნ. ჯ–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. 2023 წლის 11 ივლისს, ქ.თ–ში, ჯ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ი. ბ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,0539 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, უკანონოდ მიასაღა პ. ჯ–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით, ი. ბ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. 2023 წლის 25 ივლისს, დაახლოებით, 13:04 საათზე, თ–ში, ვ–ს დასახლების №.. კორპუსის მიმდებარედ, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი ი. ბ–ი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ იარაღს – დანას, რომელიც მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატეგორიას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – კ. შ–ამ, რომელიც ითხოვდა ნარკოტიკულ დანაშაულში ი. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – კ. შ–ამ, რომელიც ითხოვს ნარკოტიკულ დანაშაულში ი. ბ–ის უდანაშაულოდ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების დამადასტურებელი არცერთი უტყუარი მტკიცებულება, მსჯავრდება კი, დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდებსა და საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებზე. იმავდროულად, ნარკოტიკების საკონტროლო შემსყიდველი, თავადაც ნარკომომხმრებელი – პ. ჯ–ი – შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელია და, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს შსს-ს მოქმედ თანამშრომლებთან და, სავარაუდოდ, არაერთი მსგავსი საქმის ფიგურანტია, რაც, მთლიანობაში, საეჭვოს ხდის მის მონათხრობს; გამოძიებას არ ამოუღია ი. ბ–ისა და პ. ჯ–ის სატელეფონო ზარების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებდათ; არ დადგენილა, როდის, სად, ვისგან ან როგორ შეიძინა ი. ბ–მა ნარკოტიკი, მაშინ, როდესაც არ ჩატარებულა პირადი ჩხრეკა ან ამოღება, ხოლო სასამართლომ მას მსჯავრი ნარკოტიკული საშუალებების უკანონდ შეძენასა და შენახვაშიც დასდო; არ გამკითხულა ვინმე „ფ–ი“, რომელიც, პ. ჯ–ის მტკიცებით, პირველ ჯერზე ესწრებოდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს; ამ შეხვედრის ფოტო ან ვიდეოგადაღება არ მომხდარა, ხოლო საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის ოქმში არ არის მითითებული შეხვედრისა და გადაცემის დრო; ორივე ამოღება ჩატარდა პროცესუალური დარღვევით, რამდენადაც ოქმებში დაწვრილებით არ აღწერილა ამოღებული ნივთიერებები, რაც აჩენს ეჭვს ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით; ი. ბ–ი დააკავეს 2023 წლის 19 აგვისტოს, სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მას ბრალი წარედგინა 2023 წლის 22 სექტემბერს, მაშინ, როდესაც 2023 წლის 10 და 11 ივლისს ჩატარებული ღონისძიებების გარდა საქმეს არაფერი შეჰმატებია, მათ შორის, არ ჩატარებულა მსჯავრდებულის სახლის ჩხრეკა, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციაშია ბრალდებული, შესაბამიოსად, სისხლისსამართლებრივი დევნის გაჭიანურების გამო, არსებობდა ყველა ამ მტკიცებლების დაუშვებლად ცობის საფუძველი; მეორე ეპიზოდთან მიმართებით, პ. ჯ–მა განმარტა, რომ ნარკოტიკის შესაძენად თავად დაუკავშირდა ი. ბ–ს, რაც მის ქმედებაში დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს გამოკვეთს.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა, რომ 2023 წლის 10 და 11 ივლისს, ი. ბ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდვე მიასაღა პ. ჯ–ს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:
9. მოწმე პ. ჯ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ნაცნობმა – ი. ბ–მა, როგორც ყოფილ ნარკომომხმარებელს, შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების მისგან შეძენა, რის თაობაზეც მოწმემ აცნობა სამართალდამცავებს და გამოთქვა სურვილი, დამნაშავის მხილების მიზნით, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მანვე დაადასტურა, რომ 2023 წლის 10 და 11 ივლისს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, პირველ ჯერზე – 300, ხოლო მეორე ჯერზე – 530 ლარის სანაცვლოდ შეიძინა ი. ბ–გან ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც, ორივე ჯერზე წარუდგინა სამართალდამცავებს; კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული, ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე პ. ჯ–ის მამხილებელი ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, რამეთუ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი, უტყუარი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომლებსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს.
10. საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ 2023 წლის 10 ივლისს, პ. ჯ–ისა და ი. ბ–ის შეხვედრას უშუალოდ მეთვალყურეობდა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი – გ. კ–ე, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა, რომ პ. ჯ–მა გამომძიებლისგან მიღებული ოპერატიული თანხა – 300 ლარი გადაუხადა ი. ბ–ს, რომელმაც, სანაცვლოდ გადასცა მას ერთი შეკვრა, რომელიც პ. ჯ–მა „ორთაჭალაჰესის“ მიმდებარედ წარუდგინა გამომძიებელს, ხოლო მანამდე არავის შეხვედრია; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 ივლისს, 20:05-20:18 საათზე, თ–ში, „ო–ს“ მიმდებარედ, გამომძიებელმა თ. დ–მ პ. ჯ–ს ამოუღო ი. ბ–ისაგან შეძენილი მოთეთრო შეკვრა, მასში მოთავსებული ნივთიერებით; ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონშესაბამისაობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – თ.დ–ს ჩვენებით; 2023 წლის 13 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №..........დასკვნით კი დადგენილია, რომ პ. ჯ–ისაგან ამოღებული ნივთიერება, წონით – 0,3992 გრამი, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,0004 გრამ მორფინსა და 0,0539 გრამ ჰეროინს.
11. ამავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, 2023 წლის 11 ივლისს, 16:19-16:22 საათის შუალედში, თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში არსებული თანხის ჩასარიცხი აპარატით, პ. ჯ–მა, ი. ბ–ის მიერ ტელეფონით მითითებული პირადი ნომრის გამოყენებით, საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა მას ოპერატიული თანა – 550 ლარი; მეორე მხრივ, მოგვიანებით, 19:27-19:28 საათის შუალედში, თ–ში, ჯ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარედ შეხვედრისას, ი. ბ–მა პ. ჯ–ს გადასცა ერთი შეკვრა; ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 ივლისს, 19:40-19:55 საათზე, თბილისში, მეტროსადგურ „ს–ს“ მიმდებარედ, გამომძიებელმა ო. ჩ–მა პ. ჯ–ს ამოუღო ი. ბ–ისგან შეძენილი პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი შეკვრა, მასში არსებული ნივთიერებით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის 550-ლარიანი ჩარიცხვის ქვითარი; ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონშესაბამისაობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ო. ჩ–ს ჩვენებით; ფულადი თანხის დაბრუნებისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ პ. ჯ–მა 2023 წლის 11 ივლისს, გამომძიებელ ო. ჩ–ს გადასცა ი. ბ–ის მიერ ხურდის სახით დაბრუნებული – 20-ლარიანი; 2023 წლის 21 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ პ. ჯ–ისაგან ამოღებული უფერო, გამჭვირვალე თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო, ბლანტი ნივთიერება წონით – 0,7847 გრამი, არის კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნარევი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს – 0,0424 გრამს. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო, ტექნიკური ექსპერტიზის №.......... დასკვნა კი ადასტურებს, რომ საქმეში წარმოდგენილ ფარული ჩანაწერების ფიგურანტი ნამდვილად მსჯავრდებული – ი. ბ–ია.
12. აღსანიშნავია, რომ არც საქმის მასალებით დადგენილა და ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე, რატომ უნდა ემხილა ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში ცრუდ ი. ბ–ი პ. ჯ–ს და, ამავდროულად, ხაზგასასმელია 2023 წლის 11 ივლისის შეხვედრისას ი. ბ–ისა და პ. ჯ–ის საუბრის შინაარსი, რომელიც უპირობოდ ადასტურებს, რომ მათ შორის საუბარი შეეხება სწორედ ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, როდესაც ნარკოტიკული საშაულების გადაცემის შემდეგ, ი. ბ–ი უხსნის პ. ჯ–ს, როგორ განკარგა ნარკოტიკული საშუალება, როგორია მისი ხარისხი და როგორ მოიხმაროს, კერძოდ, ეუბნება, რომ „ასე გატყდა“, არის „სველი“, რომ შესაძლოა, ცოტა ეგონოს, მაგრამ – მაგარია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ–ის მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ი. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი