გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/953 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ბ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 4 აგვისტოს შპს “ს-ოს” თავდებით გასცა კრედიტი შპს “კ-ზე” 230000 აშშ დოლარის ოდენობით 3 თვის ვადით 5 პროცენტის დარიცხვით. მოსარჩელემ განმარტა, რომ არც მსესხებელს და არც თავმდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა, რომ შპს “ს-ოს” მათ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი თანხა, ვადიანი პროცენტი და ჯარიმა სულ 359 441 აშშ დოლარის ოდენობით.
შპს “ს-ომ” სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი. მან, როგორც სს “ბ-ის” აქციების მფლობელმა “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად მოითხოვა აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევა, რათა “ს-ოს” მიეცეს ნება სს “ბ-ის” შემოწმების ჩასატარებლად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს-ოს” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე. სასამართლომ ასევე განუმარტა მოპასუხეს, რომ უფლება აქვს აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ, მიმართოს სს “ბ-ის” დირექტორთა საბჭოს, კრების ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს საქალაქო სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებაზე “ს-ომ” შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შპს “ს-ოს” მიერ 1992-1999 წლებში სს “ბ-ში” საკმაოდ სოლიდური თანხები იქნა გადარიცხული, რასაც, ბუნებრივია საწესდებო კაპიტალის შესაბამისი ზრდა და “ბ-ის” წლიური წმინდა მოგებიდან “ს-ოს” კუთვნილი დივიდენდების შესაბამისი ზრდაც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მათ გასაკვირად ასეთ ფაქტს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ამის გამო, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გაურკვეველია, თუ სად წავიდა “ს-ოს” მიერ “ბ-ში” გადარიცხული თანხები და რატომ შემცირდა და არ გაიზარდა “ს-ოს” წილი “ბ-ის” საწესდებო კაპიტალში. სწორედ ამ საკითხების გარკვევის მიზნით, “ს-ომ”, როგორც “ბ-ის” საწესდებო კაპიტალის 5%-ზე მეტის მფლობელმა, “ბ-ისგან” 07.06.2000 წლის ¹061177 და 14.06.2000 წლის ¹06/192 წერილებით სამართლიანად მოითხოვა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა, რაც “ბ-ის” ხელმძღვანელობამ, კანონით დადგენილი ვადის, _ 20 დღის გასვლის შემდგომაც ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა. უფრო მეტიც, “ბ-მა” “ს-ოს” წინააღმდეგ სასამართლოში აღძრა სარჩელი. ამდენად, “ს-ო” იძულებული იქნა შეეტანა შესაგებელი, რომელიც სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება. ამდენად, “ს-ომ” მოითხოვა სს “ბ-ის” რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა და “ბ-ში” სპეციალური შემოწმების ჩატარება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შპს “ს-ოს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმე გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “ს-ოს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს “ბ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ს-ოს” მიმართ სესხის სახით შეტანილი თანხების დაბრუნებაზე, ხოლო შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მოითხოვს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარებას, რაც არ გამომდინარეობს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნიდან და არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, საქმეში არსებული შეპასუხებით ჩანს, რომ შპს “ბ-ის” ხელმძღვანელობა თანახმაა ჩაატაროს აქციონერთა რიგგარეშე კრება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მართებულად არ დააკმაყოფილა სს “ს-ოს” კერძო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 420-ე მუხლების მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ს-ოს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.