Facebook Twitter

საქმე N 330100124010265297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№600აპ-25 ქ. თბილისი

გ. მ., 600აპ-25 16 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. კ–ასა და ბ. ქ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენით მ. გ–ი, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. გ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 31 ივლისს, დაახლოებით, 14:35 საათზე, თ–ში, ......... ქუჩის №..-ში არსებულ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული – მ. გ–ი, სატელეფონო კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ა. გ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. გ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. კ–ამ და ბ. ქ–ემ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენით შეიცვალა მ. გ–ისათვის შეფარდებული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. გ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. კ–ამ და ბ. ქ–ემ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიკერძოებულ ჩვენებას, რომელიც არ დასტურდება სხვა პირდაპირი სამხილებით და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლომ, ერთი მხრივ, უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულ ა. გ–ის მიკერძოებული ჩვენება, მაშინ, როდესაც მისი განმარტებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის მიერ საპირისპიროდ წარმოდგენილი მოწმეების – ი., მ. და ს. გ–ების, ქ. ს–ი-ბ–სა და მ. ც–ს, ისევე, როგორც – თავად მ. გ–ს თანაბარი ძალის ჩვენებები, რომელთა მონათხრობი საეჭვოს ხდის ა. გ–ის მითითებების სანდოობას. დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ, რომ 2024 წლის 31 ივლისის მუქარისშემცველი ზარის შემდეგ, მ. გ–ი კვლავ ურეკავდა, თუმცა მის ზარებს აღარ პასუხობდა, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ამონაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ №.. დაწესებულებიდან, მსჯავრდებულ მ. გ–ის კუთვნილი იდენტიფიკატორით 2024 წლის 31 ივლისს განხორცილდა 04:35 წუთის ხანგრძლივობის ზარი ა. გ–ის ტელეფონზე, რის შემდეგაც დაზარალებულთან მისი რაიმე კავშირი არ ფიქსირდება. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია 2024 წლის 31 ივლისის სატელეფონო ზარის ამსახველი არც აუდიო და არც ვიდეოჩანაწერი, მაშინ, როდესაც დაზარალებულის მტკიცებით მუქარის დროს მ. გ–ი ყვიროდა და ილანძღებოდა, რაც ცხადია, აღქმადი იქნებოდა ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას. მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის საპირისპიროდ გადაწყდა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივრებშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც სრულად იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლოც. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

9. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა მ. გ–ის ბრალეულობა. დაზარალებულის – ა. გ–ის – ჩვენება სარწმუნოა, რამეთუ მისი მონათხრობი თანმიმდევრული და დამაჯერებელია და, ამავდროულად, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ი. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, მ. გ–ის მუქარისშემცველი სატელეფონო საუბრიდან მალევე, მას დაურეკა შეშინებულმა ა. გ–ემ, რომელიც ტიროდა და უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე ყელის გამოჭრით დაემუქრა. იგი დაუყოვნებლივ მივიდა დაზარალებულის სახლში, სადაც ნახა შეშინებული ა. გ–ე, რომელიც, ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი თვე მარტო ვეღარ გადიოდა გარეთ; მოწმე ა. ტ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებაში განთავსებული პატიმარი – მ. გ–ი სარგებლობდა პერსონალური იდენტიფიკატორით – ნომრით ......; შპს „...... ჯგუფიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით კი, დასტურდება, რომა. გ–ეს ტელეფონის ნომერს ........., 2024 წლის 31 ივლისს, 14:35 საათზე, №..პენიტენციური დაწესებულებიდან დაუკავშირდა მ. გ–ი იდენტიფიკატორით №........, ზარის ხანგრძლივობამ შეადგინა 04:49 წუთი; მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – გ. გ–სა და ა. ყ–ს ჩვენებებით – დგინდება, რომ ა. გ–ე გამოკითხვის დროს კანკალებდა და ტიროდა, რაც მსჯავრდებულის ქმედების შედეგად განცდილ შიშს უკავშირდებოდა; დაზარალებულის მიერ განცილი შიშის რეალურობას ცხადყოფს მსჯავრდებულის მიმართ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განაჩენით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2020 წლის 8 თებერვალს ა. გ–ეზე ფიზიკური ძალადობისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით, მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2019 წლის 8 ოქტომბერს ა. გ–ეზე ფიზიკური ძალადობისთვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით) მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2023 წლის 22 აპრილს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ანა გოხაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის. საპირისპიროდ, ქვემდგომი ინსტანციის

სასამართლოებმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების საპირწონედ, მართებულად არ გაიზიარეს დაცვის მხარის მოწმეების: ი. გ–ს, მ. გ–ს, ს. გ–ს, ქ. ს–ი-ბ–სა და მ. ც–ს ჩვენებები, რამდენადაც ისინი არ ყოფილან ფაქტის შემსწრენი და, შესაბამისად, მათი მონათხრობი ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ. გ–ისათვის წარდგენილ კონკრეტულ ბრალდებასთან მიმართებით – ირიბია, ხოლო თავად მ. გ–ის მტკიცების საპირისპიროდ, რომ ყოფილ მეუღლეზე არც წარსულში, არასდროს უძალადია, საქმეში წარმოდგენილია არაერთი, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც უტყუარად დადენილია მის მიერ ა. გ–ეზე ძალადობის ფაქტები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა მ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და, ამდენად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კანონიერი და სამართლიანია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. კ–ასა და ბ. ქ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი