Facebook Twitter

საქმე # 330100124009691000

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №635აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი

კ. ფ., 635აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენით ფ. კ–ი, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლებს აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლებს აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოდ მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ფ. კ–მა ჩაიდინა: გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ორი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2018 წლის ივნისიდან 2024 წლის 23 ივნისის ჩათვლით, სისტემატურად, ყოველ კვირასა და თვეს, ფ. კ–ი დედას – მ. ო–ს და დას – ა. კ–ს სთხოვდა ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით და მუქარით შეშინებულებს აიძულებდა ყოველთვის მიეცათ მისთვის მოთხოვნილი თანხა.

2023 წლის ივნისში, თ–ში, ფ. კ–მა დედას მოსთხოვა 350 ლარი, უარის მიღების შემდეგ კი, დაემუქრა კოჭების დახვრეტითა და, როგორც მისი, ისე – თავისი დის – ა. კ–ის მოკვლით. მუქარით შეშინებულმა მ. ო–მა მას გადაურიცხა მოთხოვნილი თანხა.

2024 წლის ივნისის შუა რიცხვებში, თ–ში, ფ. კ–მა დას – ა. კ–ს მოსთხოვა 20 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრა მუცლის გამოფატვრით. მუქარით შეშინებული ა. კ–ი იძულებული გახდა მიეცა მისთვის მოთხოვნილი თანხა.

2024 წლის 23 ივნისს, დაახლოებით, 12:00 საათზე, თ–ში, .... ქუჩა №.., ბინა №..-ში, ფ. კ–მა დედას მოსთხოვა 200 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაემუქრა მოკვლით. ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა თანხა, ეშინოდა სახლში დაბრუნების და, სამსახურის დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 17:00 საათზე, თავისი მეორე შვილის – ა. კ–ის დახმარებით გამოიძახა პოლიცია.

2.2. 2018 წლის ივნისიდან 2024 წლის 23 ივნისის ჩათვლით, სისტემატურად, კვირაში ოთხჯერ მაინც, ფ. კ–ი დედას – მ. ო–ს და დას – ა. კ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა მათ დამამცირებელ სიტყვებს და აგინებდა, რაც იწვევდა დაზარალებულების ტანჯვას.

2.3. 2022 წლის დეკემბერში, თ–ში, .... ქუჩა №.., ბინა №..-ში, ფ. კ–მა დას – ა. კ–ს ყელზე ძლიერად მიაბჯინა სამზარეულოს დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ფ. კ–ის სისტემატური აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით, ა. კ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. თ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ფ. კ–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. თ–მა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ფ. კ–ისათვის შეფარდებული სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას და, შესაბამისად, უკანონოა. ფ. კ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, გაიაზრა მისი ქმედება და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ პრობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

10. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფ. კ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – განუსაზღვრა, მინიმალური ზომით, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის მთლიანად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილ, დანაშაულთა და დაზარალებულ პირთა სიმრავლის გამო, არ არის მიზანშეწონილი.

11. მეტიც, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლისთვისაც მსჯავრედებულია ფ. კ–ი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ ფ. კ–მა ეს დანაშაული ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრების – დედისა და დის – მიმართ, მას სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად (დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შემთხვევაში – 3 წლით თავისუფლების აღკვეთაა, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასჯელის დამძიმების კუთხით მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის – ბრალდების მხარის საჩივრის – არარსებობის გამო.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი