Facebook Twitter

საქმე N 330100123007544715

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №523აპ-25 ქ. თბილისი

მ. მ., 523აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

1.1. მ. მ–ა, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. მ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 მაისიდან.

გაუქმდა მ. მ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

1.2. ი. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 მაისიდან.

გაუქმდა ი. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა–მა და მ. მ–ამ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი, ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელისგამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 17 აგვისტოს, ჩ. ი–ამ მ. მ–ასგან 65 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. მ–ში, .......ის ქუჩაზე, კორპუსი N..., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, საკადასტრო კოდით: .......... მ. მ–ამ ამავე ბინაში ქირით დაიწყო ცხოვრება. მ. მ–ა და ი. ა–ი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და 2023 წლის 24 აპრილს, ერთობლივად მივიდნენ ქ. თ–ში, .......ში, .......ის გზატკეცილის N.-ში მდებარე სასტუმრო „ს–ში“, რომელშიც დაჯავშნეს ორი ნომერი – N.. და N... 2023 წლის 24 აპრილს, ჩ. ი–ა ჩამოვიდა ს–ში, რის შესახებაც, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ცნობილი გახდა ი. ა–ისთვის. ეს უკანასკნელი, ჩ. ი–ას დახვდა ქ. თ–ში, ო–ს ავტოსადგურში და ტაქსით მიიყვანა სასტუმრო „ს–ში“, რომელშიც დაბინავდნენ N.. ოთახში. ოთახში შესვლისთანავე, ი. ა–მა ჩ. ი–ას დაუწყო წელს ზევით ტანსაცმლის გახდა და ჩახუტება, რა დროსაც აღნიშნულ ოთახში, ღია კარიდან შევიდა მ. მ–ა, რომელმაც მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღო ამ პროცესის ვიდეო. როცა მ. მ–ამ შეწყვიტა ვიდეოგადაღება, მივიდა კართან, ჩაკეტა და ჩ. ი–ას დაემუქრა მისი და ი–ს ვიდეოს გასაჯაროებით, თუ ქ. მ–ში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს არ გადაიფორმებდა. 2023 წლის 25 აპრილს, დილის საათებში, ქ. მ–ში, ნოტარიუს გ. მ–თან ვიდეოზარით, ჩ. ი–ამ მ. მ–ას ექვსი თვის ვადით მისცა მინდობილობა მითითებული საცხოვრებელი ბინის, საკადასტრო კოდით: ............. განკარგვის შესახებ. იმავე დღეს, მ. მ–ამ აღნიშნული ბინა საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ვიდეოს გავრცელების მუქარით, მ. მ–ამ ჩ. ი–ას დამატებით მოსთხოვა ფულადი თანხა – 2500 აშშ დოლარი, ხოლო 1 მაისს – 800 ლარი. მ. მ–ასა და და ი. ა–ის ქმედების შედეგად, დაზარალებულ ჩ. ი–ას მიადგა, დაახლოებით, 188 000 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. გ–მ და მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მა. ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ი. ა–ის და მ. მ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენით: დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. მ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მ. მ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 მაისიდან.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია მ. მ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4.2. ი. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ი. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 27 მაისიდან.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ი. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, მ. მ–ას მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობით მსჯავრად ჩათვლას, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ზიანი სრულად არის ანაზღაურებული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი დაავადებულია სიმსივნით, ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა და დედის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. მ–ასათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და იგი სამართლიანია.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ. მ–ას, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. მ. მ–ას სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მ. მ–ას მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, სრულად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. მ–ამ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, დაზარალებულ ჩ. ი–ას სრულად აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობა განაცხადა მ. მ–ას მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათის გამოყენებაზე. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მ. მ–ას ერთი წლით შეუმცირა შეფარდებული სასჯელი და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომა, რაც სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

13. დაცვის მხარის მოთხოვნა, მსჯავრდებულ მ. მ–ასათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

15. მ. მ–ამ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა აღიარა მხოლოდ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, რაც არ უღიარებია გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში, არ უთანამშრომლია საგამოძიებო ორგანოებთან და ხელი არ შეუწყვია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ასევე, სადავოდ იყო გახდილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი და სასამართლომ გამოიკვლია ისინი.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ჩადენილი დანაშაულის აღიარება სააპელაციო განხილვისას, გამოძიებასთან თანამშრომლობის გარეშე, ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობებს, რის გამოც, არ არსებობს მითითებული საშეღავათო ნორმის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. მ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი