Facebook Twitter

საქმე N 330100122005466696

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№637აპ-25 ქ. თბილისი

მ. ნ., 637აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2021 წლის 23 იანვარს, საღამოს, ქ. თ–ში, ........ის ქუჩაზე გაჩერებულ „ჰიუნდაი ელანტრას“ ფირმის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნორმით - ........), ნ. მ–მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, ლ. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2021 წლის ივლისში, ღამით, ქ. თ–ში, ....... ..-ის მე-.. მ/რაიონში არსებულ, №.. კორპუსის №.. ბინაში, ნ. მ–სმა მცირეწლოვანი შვილის – 2 წლის ნ. მ–ის თანდასწრებით – ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ–ს, კერძოდ, მუცლის არეში ჩაარტყა წიხლი, ხოლო სახისა და თვალის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. ნ. მ–სის ქმედებების შედეგად ლ. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, ქ. თ–ი, ს–ს უბანში, .... ქუჩის №..-ში მყოფ ლ. წ–ს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ. მ–სი, კერძოდ, მობილური ტელეფონით უთხრა, რომ მას და მის ოჯახს არ აცოცხლებდა, რის გამოც, ლ. წ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2021 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ქ. თ––ში, ...... მ/რაიონში არსებული, №.. კორპუსის მიმდებარედ, ნ. მ–სი, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ–ს, კერძოდ, მობილური ტელეფონით უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რის გამოც, ლ. წ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ნ. მ–სს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. მ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და ნ. მ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლასა და ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ. წ–მა ისარგებლა კანონიერი უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – დაზარალებულის შეტყობინებით, მოწმეების: ნონა ახუაშვილისა და თამარ ქირიას, ისევე, როგორც – მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების ჩვენებებითა და დაზარალებულის მოთხოვნით გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით – უტყუარად დასტურდება ნ. მ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ნ. მ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ლ. წ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ნ. მ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: მოწმე თ. ქ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ნახა ლ. წ–ი, რომელსაც ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება და ნ. მ–სს ამხელდა დანაშაულის ჩადენაში, თუმცა დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია, შესაბამისად, მისი მონათხრობი ირიბია და შეუძლებელია ფაქტების უტყუარად დადგენა; მოწმე ნ. ა–ს ჩვენებით, მართალია დგინდება, რომ 2021 წლის 26 დეკემბერს, იგი შეესწრო, ტელეფონით მოსაუბრე მამაკაცი, როგორ ემუქრებოდა ლ. წ–ს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა, ტელეფონით მოსაუბრე მამაკაცის ვინაობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ნ. მ–ს სასარგებლოდ; მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – მ. გ–ს, გ. ძ–ს, ი. კ–ს, გ. ი–ს, რ. ხ–სა და ზ. ა–ს ჩვენებების ნაწილი, ნ. მ–სისათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებსთან მიმართებით არის ირიბი, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი და, შესაბამისად, მისი ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად ვერ გამოდგება; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზით ვერ დადგინდა, რომ ნ. მ–სის ქმედებების შედეგად ლ. წ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიური ტანჯვას, ხოლო დაზარალებულის შეტყობინება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ნ. მ–სის ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი