Facebook Twitter

საქმე N 330100123006734198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №358აპ-25 ქ. თბილისი

მ. ნ., 358აპ-25 19 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

ნ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 9 მარტს, სისხლის სამართლის №........ საქმეზე, მოწმის სახით გამოიკითხა ნ. მ–ი, რომელმაც მიუთითა, რომ მის მეგობარ გ. ღ–ესა და ვინმე ვ. ვ–ეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გასარკვევად, 2022 წლის 9 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ი, .........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, თანმხლებმა – გ. ხ–მა და ლ. გ–ემ ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს ვ. ვ–ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით. გამოკითხვისას ნ. მ–მა გამოთქვა მზაობა ამოეცნო დანაშაულის ჩამდენი ლ. გ–ე და მონაწილეობა მიეღო ყველა სახის საგამოძიებო მოქმედებაში. იმავე დღეს, ნ. მ–ის მონაწილეობით, ჩატარდა ლ. გ–ის ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ნ. მ–მა იგი ამოიცნო და მიუთითა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მან გაისროლა ვ. ვ–ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით. ხსენებულ დღეს, ნ. მ–ის მონაწილეობით ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან მიუთითა ადგილი, სადაც ლ. გ–ემ და გ. ხ–მა ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს ვ. ვ–ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით. ნ. მ–ი გაეცნო მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების − გამოკითხვის, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, ხოლო მათი გაცნობა, ოქმებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა და სისწორე, დაადასტურა ხელმოწერებით.

2022 წლის 11 მარტს ლ. გ–ეს, ხოლო 2022 წლის 21 მარტს − გ. ხ–ს სისხლის სამართლის №.......... საქმეზე წარედგინათ ბრალდება, განსაკუთრებით მძიმე − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2022 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის №......... საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დასაკითხ ნ. მ–ს, დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ განუმარტა, რომ ვალდებულია სასამართლოში მისცეს სწორი ჩვენება. ცრუ ჩვენების მიცემა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. ნ. მ–მა მოსამართლისგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ხელი მოაწერა მოწმის გაფრთხილების ხელწერილს, რითაც დაადასტურა მიღებული განმარტებების გაცნობიერების ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან სასამართლოში მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ, უარყო საგამოძიებო მოქმედებებში − ლ. გ–ის ფოტოსურათით ამოცნობასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა, როდესაც მან საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში. მან ასევე, არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობა, როდესაც მან ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას და ასევე ნებაყოფლობით მოაწერა ხელი საგამოძიებო მოქმედების ოქმებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენით ნ. მ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით, დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 13 მაისიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენით: ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების − გ. ნ–ისა და გ. ტ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ნ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან − 2024 წლის 13 მაისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს; გამომძიებელმა მისთვის სასურველ ჩვენებაზე, ნ. მ–ს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით მოაწერინა ხელი. მსჯავრდებულმა სასამართლოში კატეგორიულად უარყო გამოკითხვის ოქმსა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ სხვა საპროცესო მოქმედებებში, ვითომდა ნ. მ–ის მიერ მითითებული ინფორმაცია; ნ. მ–ს პოლიციის შენობაში სცემეს, ნეკნები დაუმტვრიეს, არ ასმევდნენ წყალს და არც ტკივილგამაყუჩებელს აძლევდნენ; ძალადობის ფაქტს, მსჯავრდებულის ჩვენების გარდა, ასევე ადასტურებს გამომძიებელ ბ. მ–ს ჩვენებაც. მან განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ნ. მ–ი იტკიებდა მარცხენა მხარეს; პროკურორმა, ისევე როგორც საქმის გამოძიებლებმა, არ მოახდინეს არანაირი რეაგირება და არ დაიწყეს მსჯავრდებულის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება; საქმის მასალებით კი, არ დასტურდება არცერთი სხვა ვითარება, რომელშიც ნ. მ–ს, შესაძლოა, დაზიანებები მიიღო, ხოლო თვითონ განმარტავს, რომ ისინი პოლიციაში მიიღო.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. მ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია, არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, ნ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, რაც დადასტურებულია ერთმანეთთან, შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

10. დაცვის მხარე განმარტავს, რომ გამოძიებამ ნ. მ–ის მონაწილეობით ჩატარებული სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებისას, მისგან ინფორმაცია მოიპოვა უკანონო მეთოდებით, სახელდობრ, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით. აღნიშნულის დასადასტურებლად, კასატორი ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაზე, კერძოდ: 2023 წლის 13 ოქტომბერს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ნ. მ–მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ლ. გ–ის ფოტოსურათით ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის შედეგები და განმარტა, რომ არ ეთანხმება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, იგი არ შეესაბამება სიმართლეს და რომ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია გამოძიებისთვის მას არ მიუწოდებია. ნ. მ–მა მიუთითა, რომ 2022 წლის 9 მარტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ........ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მასზე იძალადეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიერ დაბეჭდილი ჩვენება დაუდეს წინ, რომელზეც იძულებით მოაწერინეს ხელი. ამასთან, გამოკითხვისას იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იყო ნასვამი და მიღებული ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც გამოკითხვამდე ორი საათით ადრე კლუბ „გ–ში“ დაალევინეს, ვითომ დამამშვიდებლის სახით. პოლიციის განყოფილებაში თავი ტყვეობაში ეგონა, ფიზიკური ძალადობისას მას ნეკნები დაუმტვრიეს, წყალს და ტკივილგამაყუჩებელ წამალს არ აძლევდნენ. პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ იმიტომ არ განაცხადა, რომ დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

11. დაცვის მხარე ნ. მ–ის ჩვენებასთან ერთად, ასევე იშველიებს გამომძიებელ ბ. მ–ის (რომელმაც ნ. მ–ი გამოკითხა) ჩვენებიდან ამონარიდს, რომლის მიხედვით, გამოკითვხისას ნ. მ–ი ,,მარცხენა მხარეს” იტკიებდა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ჩვენება სრულად ადასტურებს და ამყარებს მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას და იმ ფაქტს, რომ მასზე პოლიციის მუშაკებმა ნამდვილად იძალადეს.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ნ. მ–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, მასზე პოლიციის მუშაკთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, არათუ დასტურდება სხვა რომელიმე მტკიცებულებით, არამედ სრულად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

13. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ü ნ. მ–ი როგორც გამოძიებაში გამოკითხვამდე, ისე – სასამართლოში დაკითხვამდე, გაფრთხილებული იყო ცრუ დასმენისა და განზრახ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, რაც მან თავისივე ხელმოწერით დაადასტურა.

ü ნ. მ–მა გამომძიებლისათვის მიცემული ჩვენება წაიკითხა და მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, დაადასტურა ხელმოწერით, რასაც ხელმოწერის გარდა, დამატებით ადასტურებს გამოკითხვის ოქმის ბოლოს მსჯავრდებულის მიერ, კალმით შესრულებული მინაწერი: „გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სრულად სწორია და ვაწერ ხელს“. გამოკითხვის ოქმზე რაიმე ცვლილება, პრეტენზია ან შენიშვნა არ არის მითითებული (იხ. ტ 1. ს/ფ, 49-53).

ü საგამოძიებო უწყების თანაშმრომლებისა და საქმის ზედამხედველი პროკურორის ჩვენებებით, არ დასტურდება ნ. მ–ის მიმართ რაიმე სახის იძულებისა თუ ძალადობის ფაქტები. მათი ჩვენებებით დადენილია, რომ ნ. მ–ის მონაწილეობით წარმოებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

ü ნ. მ–ის მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას (ნიმუშის აღება, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი), წინ უსწრებდა მისი წერილობითი თანხმობა მათში ნებაყოფლობით მონაწილეობის შესახებ, რაც დადასტურებულია ნ. მ–ის მიერ საკუთარი ხელით დაწერილი ხელწერილებით (იხ. ტ 1. ს/ფ, 54-56).

ü ნ. მ–ი მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით გამომძიებლის მიერ გამოიკითხა შემთხვევიდან მოკლე პერიოდში, მტკიცებულებათა შეკრების საწყის ეტაპზე. ნ. მ–მა კი გამოკითხვისას დეტალურად აღწერა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში განვითარებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც თანხვდენილია დაზარალებულ პირთა მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.

14. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარე, სასამართლო განხილვის ეტაპზე აღარ უარყოფდა საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ნ. მ–ის ხელმოწერების ნამდვილობას, თუმცა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპიდან, განავითარა ახალი ვერსია, რომ გამოძიებამ ხელმოწერები მსჯავრდებულზე ძალადობის, კერძოდ, ნ. მ–ის ცემისა და მისთვის ნეკნების დამტვრევის შედეგად მოიპოვა. ნიშანდობლივია რომ, აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ან/და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, მითითებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დაცვის მხარემ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე, არ მიიღო არანაირი ზომები.

15. რაც შეეხება გამომძიებელ ბ. მ–ის ჩვენებას, რომელსაც დაცვის მხარე ნ. მ–ის ჩვენების სარწმუნოობის დამადასტურებლად იყენებს, რომ, თითქოსდა, იგი ამყარებს ნ. მ–ის მიერ გაჟღერებულ ვერსიას მის მიმართ ფიზიკური ძაალდობის შესახებ, თუმცა, დაცვის მხარე, არასწორად ახდენს გამომძიებლის ჩვენების ინტერპრეტაციას, კერძოდ: ბ. მ–ე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების დროს ნ. მ–ი იტკიებდა ,,მარცხენა მხარეს”, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შესთავაზა, რაზეც მან უარი განუცხადა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ნ. მ–ის ქცევაში არ იკვეთებოდა არანაირი ვიზუალური ნიშნები, რაც მის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნაზე მიუთითებდა, მას კლინიკურად მსგავსი რამ არ აღენიშნებოდა. ნ. მ–ი გაეცნო გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მათთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი აზრით, ნ. მ–მა დაზიანება ჩხუბის დროს მიიღო (გ. ღ–ესა და ვინმე ვ. ვ–ეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას) და სწორედ ამ მიზეზით შესთავაზა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ამდენად, გამომძიებლის ჩვენება კი არ ადასტურებს ნ. მ–ის ჩვენებას, არამედ ცალსახად გამორიცხავს მასზე პოლიციის მუშაკების მხრიდან რაიმე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

16. დაცვის მხარის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ თუ რატომ არ დაიწყო პროკურორმა საკუთარი ინიციატივით გამოძიება ნ. მ–ზე სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სააპელაციო პალატამ მითითებულ არგუმენტზეც ამომწურავი პასუხი გასცა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანო), მას შემდეგ, რაც, 2023 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნ. მ–მა განაცხადა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და ძალადობას, ამ საფუძვლით, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება, მაგრამ აღნიშნული, იმთავითვე არ ადასტურებს ნ. მ–ის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობას. ამავდროულად, დაცვის მხარეს სასამართლოსთვის (მათ შორის, არც საკასაციო სასამართლოსთვის) არ წარმოუდგენია ახალი ინფორმაცია ნ. მ–ის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისა და მითითებულ საქმეზე, რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ შეაფასეს თითოეული მტკიცებულება და დაასაბუთეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც, მიიჩნიეს, რომ ნ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით შერაცხილი მსჯავრდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და ნ. მ–ის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ნ–ისა და გ. ტ–ის, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

თ. ოქროპირიძე