Facebook Twitter

საქმე # 190100124009619340

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№462აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი

მ–ი მ., 462აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენით მ. მ–ი, – დაბადებული 19.., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის მარტის ეპიზოდი, დაზარალებულ ნ. ლ–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15-16 აპრილის ეპიზოდი, დაზარალებულ ნ. ლ–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 10 მაისის ეპიზოდი, დაზარალებულ ნ. ლ–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის აპრილის ეპიზოდი, არასრულწლოვანი დაზარალებულის –ნ. კ–ის – მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის მარტის ეპიზოდი, არასრულწლოვანი დაზარალებულის – ზ. კ–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2024 წლის 19 თებერვლიდან 30 მაისამდე ეპიზოდი, არასრულწლოვანი დაზარალებულის – გ. კ–ის – მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და მ. მ–ის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ–იმა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (3 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის მარტის ბოლოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ე.წ. „–ს დასახლებაში“, თავის სახლში, მ. მ–იმა, შურისძიების მოტივით, რამდენადაც მიაჩნდა, რომ წარსულში მის გამო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, მარჯვენა გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე – ნ. ლ–ზე. მ. მ–იის ქმედების შედეგად, ნ. ლ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2024 წლის 15-16 აპრილს, შუადღეს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში არსებულ მინდორში, მ. მ–იმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოქმნილი კამათისას, ხის ჯოხის მარჯვენა ფეხის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე – ნ. ლ–ზე. მ. მ–იის ქმედების შედეგად, ნ. ლ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2024 წლის 10 მაისს, საღამოს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ე.წ. „შ–ს დასახლებაში“, თავის სახლში, მ. მ–იმა, შურისძიების მოტივით, რამდენადაც მიაჩნდა, რომ წარსულში მის გამო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, თმით თრევით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე – ნ. ლ–ზე. მ. მ–იის ქმედების შედეგად, ნ. ლ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2024 წლის აპრილში, დილით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ე.წ. „შ–ს დასახლებაში“, თავის სახლში, მ. მ–იმა, უმიზეზოდ, ფეხის გულ-მკერდის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერზე – ნ. კ–ეზე, რომელიც ზურგით მიაჯახა ოთახში მდგარ მაგიდას. მ. მ–იის ქმედების შედეგად, ნ. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.5. 2024 წლის მარტში, შუადღეს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ე.წ. „შ–ს დასახლებაში“, თავის სახლში, მ. მ–იმა, მათი თანხის დახარჯვაზე მიღებული შენიშვნის გამო, მარჯვენა ფეხის ნეკნების არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერზე – ზ. კ–ეზე. მ. მ–იის ქმედების შედეგად, ზ. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2024 წლის 19 თებერვლიდან 30 მაისამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, ჯამურად სამჯერ, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ–ში, ე.წ. „შ–ს დასახლებაში“, თავის სახლში, მ. მ–იმა, იმის გამო, რომ არ უჯერებდა, ხელის თავში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერზე – გ. კ–ეზე. მ. მ–იის ქმედების შედეგად, გ. კ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, სასჯელის გამკაცრების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი მსუბუქია და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რამეთუ მსჯავრდებულს ოჯახის წევრების მიმართ აქვს ჩადენილი განზრახი, ძალადობრივი ქმედებები და, ამავდროულად, დაზარალებულ ნ. ლ–ის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში იგი სხვა დროსაც ყოფილა მხილებული. გამომდინარე აქედან, პროკურორი მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და მსჯავრდებულის წარსულის გათვალისწინებით, მ. მ–ის უნდა შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი.

6. მსჯავრდებულ მ. მ–იის ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ზ. გ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილს საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

11. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები; დიდწილად უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (2024 წლის თებერვალ-მაისის მდგომარეობით იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი დანაშაულისათვის) გარემოებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის დანაწერსიდან გამომდინარე (დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), მ. მ–ის განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა – 2 წლის ვადით, რომლის ზომის გამკაცრების აუცილებლობა, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, არ დასტურდება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი