საქმე N 330100124008528602
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№537აპ-25 ქ. თბილისი
უ. ზ., 537აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. უ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით ზ. უ–ა, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 240 საათით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუდედით და განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 192 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს სრულად დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 9 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ზ. უ–ას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა – 9 წლითა და 1 დღით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 192 საათით.
2. ამავე განაჩენით ზ. უ–ასთან ჯგუფურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედოთ – მ. ე–სა და ხ. ა–ს.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. უ–ამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2023 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:25 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულების ,,..“ საცხოვრებელი კორპუსის ... სართულის ფოიეში, მსჯავრდებულ ფ. ზ–ას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა არეში არაერთჯერადი დარტყმით, სცემეს მსჯავრდებულებმა – ზ. უ–ამ, მ. ე–მა და ხ. ა–ემ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. უ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. დ–მა, რომელიც ითხოვდა ზ. უ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. უ–ამ რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რამეთუ დანაშაულის ჩადენაში მას ამხელენ მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა ობიექტური სამხილებით, შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერებში კი, არ ჩანს, რომ იგი რაიმე ზიანს აყენებს დაზარალებულს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უკანონოდ დასდო მას მსჯავრი ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება მისი ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძელს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: დაზარალებულმა ფ. ზ–ამ, რომლის სანდოობაში დაეჭვების სარწმუნო საფუძველი არც საქმის მასალებით დადგენილა და ვერც კასატორი უთითებს თავის საკასაციო საჩივარში, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან ერთად მყოფ პატიმარ ქალთან კონფლქტის შემდეგ, ფოიეში დახვდნენ ხ. ა–ე, მ. ე–ი და ზ. უ–ა, რომლებმაც დაუწყეს ცემა, კერძოდ, ხ. ა–ემ – სახეში, ხოლო მ. ე–მა და ზ. უ–ა თავის არეში ურტყეს მუშტები, რაც ძლიერ ეტკინა და ცხვირიდან სდიოდა სისხლი; აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და დამაჯერებელი, ვინაიდან დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით – მოწმეების: გ. პ–ს, ა. მ–ს და ე. ყ–ს ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულს და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, ზ. უ–ას მიერ ფ. ზ–ას მიმართ ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაზე. შესაბამისად, მსჯავრდებულის მტკიცებას, თითქოსდა, ერთ მხრივ, მას დანაშაულის ჩადენაში ამხელენ მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში არ მოიპოვება მისი მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებები, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ჩანაწერში ნათლად იკვეთება, რომ დაპირისპირების დროს, ფ. ზ–ას გარსშემორტყმულია არაერთი პირი, მათ შორის, ჩანს დაზარალებულის მიმართულებით მოძრავი ზ. უ–აც, რომლის შეჩერებას ცდილობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, როგორც უშუალოდ დაზარალებულთან მსჯავრდებულის კონტაქტის შემდეგ, ისე – კიბის უჯრედთან გადანაცვლებისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში მკაფიოდ არ ჩანს, როგორ ურტყამს მსჯავრდებული თავის არეში ხელს დაზარალებულს, პატიმრებს შორის დაპირისპირებისას ზ. უ–ას ქცევა, სწრაფი ნაბიჯით მიზანმიმართული სვლა დაზარალებულისკენ და მისი ხელების მიმართულება, ამყარებს სწორედ დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა მონათხრობის სანდოობას და ადასტურებს, რომ ზ. უ–ამ ნამდვილად იძალადა ფიზკურად დაზარალებულზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. უ–ას მსჯავრდება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. უ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი