Facebook Twitter

საქმე # 010100124010004630

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№593აპ-25 ქ. თბილისი

ჩ–ი ვ., 593აპ-25 17 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჩ–ს, – დაბადებულს 1..., – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2024 წლის 18 აგვისტოს, ღამით, ქ. ბ–ში, ა–ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე №.. ბინაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ვ. ჩ–მა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ყელსა და ხელებზე ხელების მოჭერით, თმის მოქაჩვითა და ყელის არეში დანით დაზიანებების მიყენებით, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – ა. უ–ეზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2024 წლის 18 აგვისტოს, ღამით, ქ. ბ–ში, ა–ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე №... ბინაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ვ. ჩ–ი დანის ყელზე მიდებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – ა. უ–ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

2. ვ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა – ა. უ–ემ, უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულის შეტყობინებით, მოწმეების: თ. მ–ს, გ. და თ. ბ–ების გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ვ. ჩ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ ა. უ–ემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება ვ. ჩ–ის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: 2024 წლის 18 აგვისტოს შეტყობინების მიხედვით, ა. უ–ის განცხადებით, მისმა მეგობარმა – ვ. ჩ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა არაფერია ნათქვამი სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, რომლის ჩადენასაც, იმავდროულად, ედავება მას ბრალდების მხარე; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დგიდება, რომ ა. უ–ეს სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები, ნაჭდევი და ნაკაწრები, რომლებიც დაზარალებულის განმარტებით მიაყენა ნაცნობმა პირმა, რომელმაც მოქაჩა თმა, ხელი მოუჭირა კისერზე და დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მაგრამ დაზარალებული არ უთითებს, რომ მასზე სწორედ ვ. ჩ–მა იძალადა და არც იმას, რომ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იყო დანა, როგორც ეს ბრალდებს შესახებ დადგენილებაშია მითითებული; მოწმეების: თ. მ–ს, გ. და ტ. ბ–ების გამოკითხვის ოქმები, ვ. ჩ–ისათვის ბრალადწარდგენილ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია და მისი ბრალეულობის უტყუარად მტკიცების საფუძვლად ვერ გამოდგება, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ვ. ჩ–ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი