საქმე # 170100124010591935
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№636აპ-25 ქ. თბილისი
წ. ზ., 636აპ-25 26 სექტემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. წ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრისა და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრისა და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2018 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ზ. წ–ი, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამეთუ მიაჩნდა, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, რომელიც უნდა დაემორჩილოს და არ აქვს ქმრის შეპასუხების უფლება, უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს – თ. ფ–ს, მათ შორის, წინასწარი შეცნობით ორსულობის პერიოდში და თ. ფ–ის არასრულწლოვანი შვილების – ნ. და ქ. წ–ების – თანდასწრებით. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ფ–მა განიცადა ტანჯვა.
1.2. 2023 წლის 2 მარტს, ღამით, დაახლოებით, 22:00-23:00 საათის შუალედში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ფ–ის შეპასუხებით გაბრაზებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. წ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამეთუ მიაჩნდა, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, რომელიც უნდა დაემორჩილოს და არ აქვს ქმრის შეპასუხების უფლება, ხელის თმაში ჩავლებითა და ბავშვის საწოლზე მიხეთქებით, თ. ფ–ის არასრულწლოვანი შვილების – ნ. და ქ. წ–ების – თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – თ. ფ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის ივლისში, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ფ–ის მიერ ტელეფონით სარგებლობითა და „......ზე“ პოსტებისა და სურათების განთავსებით გაბრაზებული ზ. წ–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამეთუ მიაჩნდა, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, რომელიც უნდა დაემორჩილოს ქმარს და უფლება არ აქვს საკუთარი სურვილისამებრ ისარგებლოს ტელეფონითა და სოციალური ქსელებით, მობილური ტელეფონის დამტვრევით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – თ. ფ–ს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2024 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით, 10:30 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ფ–ის მიერ ბავშვებისთვის საკვების მოტანის თხოვნით გაბრაზებულმა ზ. წ–მა, ხელის თავის არეში რამდენჯერმე ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა, წინაწარი შეცნობით ორსული მეუღლის – თ. ფ–ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალმა ზ. წ–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რმეთუ მიაჩნდა, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, რომელიც ვალდებულია, ქმარს სააბაზანოში წყალი გაცხელებული დაახვედროს, სიტყვებით „ყელს გამოგჭრი“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – თ. ფ–ს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ზ. წ–ისა და თ. ფ–ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი, ზ. წ–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რამეთუ მიაჩნდა, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, რომელიც ვალდებულია ქმარს სააბაზანოში წყალი გაცხელებული დაახვედროს, სიტყვებით „ყელს გამოგჭრი“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - თ. ფ–ს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზ. წ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, “,,დ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი).
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენით ზ. წ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, “,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ, “,,დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 11 ნოემბრის 16:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 11 ნოემბრის 18:30 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები – 1 წლითა და 6 თვით.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ზ. წ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. წ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს „112-ში“ შეტყობინების ჩანაწერით; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; მოწმე ც. ყ–ს ჩვენებითა და დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით – უტყუარად დასტურდება მისთვის წრდგენილი ბრალდება. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, რამეთუ გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული იყო მთვრალი, შეუწყნარებლობის მოტივით დაემუქრა 8 თვის ორსულ მეუღლეს, ფაქტობრივად – უმიზეზოდ.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, მასში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, ზ. წ–ს კანონიერად დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 11 ნოემბრის 18:30 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მისთვის წარდგენილ სხვა ბრალდებებში იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საპირისპიროს მტკიცება კი, არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა თ. ფ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ზ. წ–ის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინების აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ თ. ფ–მა პოლიციას შეატყობინა ოჯახური კონფლიქტის გამო, მეუღლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, თუმცა ფიზიკური ძალადობის რაიმე ფაქტი უარყო. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი არც დაზარალებულის მიმართ შესაძლო მუქარების შესახებ; მოწმე ც. ყ–ის ჩვენება დაედო საფუძვლად ზ. წ–ის მსჯავრდებას 2024 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ჩადენილი მუქარისათვის, ხოლო სხვა ბრალდებებთან მიმართებით, ეს სამხილი – არაფრისმთქმელია; დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, რომლის დაზიანების მუქარასაც ედავებოდა ბრალდების მხარე ზ. წ–ს, წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის მხრივ – ვერ გამოდგება; საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმი, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. წ–ის წარდგენილ სხვა ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
12. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც დაედო მსჯავრი) და დამამძიმებელი (შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. წ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება არ არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – ზ. წ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი