Facebook Twitter

საქმე N190100123007853241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №438აპ-25 ქ. თბილისი

ჭ. ვ., 438აპ-25 15 სექტემბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ჭ–ეს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, სოციალურ ქსელ „...ში“ ვ. ჭ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. მ–ეს, კერძოდ, მის მიერ „....–ში“ ატვირთულ ვიდეოზე, ვ. ჭ–მ დატოვა კომენტარი, რომ რ–ში ჩავიდოდა და მას გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნული მუქარა ნ. მ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის განაჩენით ვ. ჭ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ვ. ჭ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულ ვ. ჭ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. ჭ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის მოთხოვნას ვ. ჭ–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ვ. ჭ–ის მიერ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმისათვის, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

10. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.

11. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ. მ–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, სოციალურ ქსელ „....–ში“, „...“ ექაუნთ – „...-ის“ გამოყენებით, ვ. ჭ–ე, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით დაემუქრა მას. დაზარალებული ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ მან ეს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალების მხარე ასევე აპელირებს დაზარალებულის ტელეფონიდან გამოთხოვილ მუქარის ამსახველ ე.წ. ,,სქრინებზე”, ასევე გამართლებულის წარსულში ნასამართლობაზე, რომელთა საფუძველზეც, დადასტურებულად მიაჩნია ვ. ჭ–ის ბრალეულობა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს, 2023 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, სოციალურ ქსელ „....–ში“ უშუალოდ ვ. ჭ–ის მიერ ნ. მ–ისათვის სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მართალია, დაზარალებული განმარტავს, რომ სოციალურ ქსელ „....–ში“, „...-ის“ გამოყენებით, ვ. ჭ–ე, მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ნამდვილად გამართლებული დაემუქრა, არ დგინდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

14. როგორც თვითონ დაზარალებული განმარტავს, იგი არ გადასულა უშუალოდ მუქარის ავტორის პროფილზე, რომელმაც მის ვიდეოზე დაწერა კომენტარი, რათა შეემოწმებინა ნამდვილად ვ. ჭ–ე იყო თუ – არა. მისი განმარტებით, ამაში ისედაც დარწმუნებული იყო. ის ფაქტი, რომ „ტიკტოკ“ ექაუნთი „...“ ნამდვილად ვ. ჭ–ის ეკუთვნის და რომ სწორედ იგი დაემუქრა დაზარალებულს, ნ. მ–ის ჩვენების გარდა, არ დასტურდება სხვა რომელიმე მტკიცებულებით.

15. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა გამოძიებას წარუდგინა მხოლოდ ე.წ. ,,სქრინშოთები", მაგრამ მათი მეშვეობითაც შეუძლებელია სადავო ,,ექაუნთის” მფლობელის ვინაობის დადგენა. გამოძიების მიერ ამოღებული კომუნიკაციის საშუალებების გახსნის, დათვალიერებისა და მათზე შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარების შედეგად, ვერ აღმოჩნდა დაზარალებულის მიერ წარდგენილი, „...-ის“ კომენტარის, ისევე როგორც – ვ. ჭ–ესთან კომუნიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, კერძოდ:

16. კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის N.... დასკვნის მიხედვით: სს N....... საქმეზე წარმოდგენილი „Apple-ს“ ფირმის „iPhone 14 pro Max (A2651)-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის (ვ. ჭ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი) მეხსიერებიდან გამომძიებლის მითითებით ამოღებულ იქნა 2023 წლის 16 ივლისიდან 2023 წლის 23 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდით დათარიღებული არსებული სტატუსის მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება „...-ის“ მიმოწერები. 2024 წლის 6 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების შესახებ ოქმის მიხედვით, გაიხსნა ამოღებული ინფორმაცია, რა დროსაც „....-ით“, 2023 წლის 16 ივლისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული მიმოწერებში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია, სახელდობრ, ვ. ჭ–ესა და ნ. მ–ეს შორის კომუნიკაცია, კომენტარები, თუ აქტივობები არ იძებნება.

17. კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის N........დასკვნის მიხედვით: N........... საქმეზე წარმოდგენილი „LENOVO-ს“ ფირმის პორტატული კომპიუტერიდან (დაზარალებულ ნ. მ–ის კუთვნილი ,,ნოუთბუქი”) ამოღებული „256 GB“ მოცულობის სოლიდური მყარი დისკის მეხსიერებაზე გამოძიებისთვის საინტერესო საკომუნიკაციო საშუალება „...-ით“ განხორციელებული მიმოწერები არ აღმოჩნდა.

18. „SAMSUNG-ის” ფირმის „SM-G770U1-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის (დაზარალებულ ნ. მ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი) მეხსიერებაზე გამოძიებისთვის საინტერესო – 2023 წლის 16 ივლისიდან 2023წლის 21 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდით დათარიღებული საკომუნიკაციო საშუალება „....-ით“ განხორციელებული მიმოწერები არ აღმოჩნდა. ამავე ტელეფონში მოთავსებული „32 GB“ მოცულობის მეხსიერების ბარათზე, ასევე – სიმ ბარათის მეხსიერებაზე გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ აღმოჩნდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო „...” ექაუნთის ვ. ჭ–ისადმი კუთვნილება და სწორედ მის მიერ მუქარის შემცველი კომენტარის დაწერა, არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

21. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვ. ჭ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების დასადასტურებლად. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. ჭ–ე გაამართლეს მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებაში.

22. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი